"ფული არაფერში დამიხარჯავს, მარტო კოინდარი ვიყიდე"- ფოტოგრაფი, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა
ლაშა ზუბიაშვილი ფოტოგრაფია, ცხოვრობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში. როგორც გვეუბნება, ორი პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი და რამდენიმე ფოტოკონკურსის გამარჯვებულია. თუმცა ახლა მისი მკითხველისთვის წარდგენა საკუთარი ხელით გალამაზებული და გაფერადებული ეზოს გამო გვიწევს. ეზო, რომელიც მნახველის მოწონებას იმსახურებს.
ლაშა ზუბიაშვილი:
- დავიბადე და გავიზარდე სოფელ მეტეხში, ახლაც აქ ვცხოვრობ. 34 წლის ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, ისე, რომ აქაურობას ვერ ვტოვებ... მეტეხში 3000 ადამიანი მაინც ცხოვრობს, არ არის პატარა და მჭიდროდ დასახლებული ადგილია.
მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი
მართლა ძალიან ლამაზი სოფელი გვაქვს, სადაც XIII საუკუნის ტაძარია. უკვე წლების ტრადიციაა, რომ ჩვენი სოფლიდან დედაქალაქში ალილოს დღესასწაულზე, შობას კამეჩები მიჰყავთ ხოლმე.
დიდი სახლი გაქვს. ეზოც დიდია, მაგრამ მისი რაღაც ნაწილის გალამაზება ჩემი ხელით გადავწყვიტე. ამისკენ იმ 45 წლის შინდის ხეებმა მიბიძგა, რომელიც სახლის წინ არის დარგული. ისინი პაპამ დარგო. პაპა არ მახსოვს, პატარა ვიყავი, რომ გარდაიცვალა.
- ისტორიული შინდები ყოფილა...
- კი, თან კარგად ისხამს, წელს ნახევარი ტონა დავკრიფეთ. ისეთი დიდები და მაღლებია, რომ ორსართულიანი სახლის სიმაღლეა... მოკლედ, ამ ადგილს ვუყურებდი ბავშვობიდან და ერთხელაც მომინდა, მოდი, მივხედავ-მეთქი. ჯერ 2 ქვევრი დავდე, მერე ურმის თვალი მომცა მეზობელმა, მდინარის ნაპირიდან ნელ-ნელა ქვები ამოვიტანე და ბილიკები გავაკეთე. დავაწყვე დოქები, ბალახი (კოინდარი) დავთესე. ამასობაში ჩიტების სახლი მაჩუქეს. ამან იმისკენ მიბიძგა, რომ მეტი ჩიტის სახლი დამეკიდა. ამისთვის სპეციალურად ნახაზი გავაკეთე და მამაჩემს ვთხოვე, ისინი დაემზადებინა. მოკლედ, ჩიტის 8 სახლი მამამ გააკეთა, ასეთი რაღაცები ეხერხებ... წელს 4 სახლში უკვე დაბინავდნენ ლამაზი ჩიტები, ბარტყებიც დაჩიკეს და უკვე გაფრინდნენ. ფერადები და ლამაზი იყვნენ. აქაურობას უპრობლემოდ მოერგნენ.
- ჩიტებისთვის "სასტუმროები" გაგიკეთებიათ...
- კი... ისე მომწონდა, აქ რომ იყვნენ, ჰამაკში ვწვებოდი და ვუყურებდი. ამ ადგილზე ფერადი განათებაც დავაყენე ძველებურ სტილში, დეკორატიული ნათურაა. დავამატე ჰამაკებიც, სადაც სტუმრებსაც შეუძლიათ მოისვენონ. განაგრძეთ კითხვა
ლალი ფაცია