ვინ არის ლექსო ჩარკვიანი, რომელმაც ლეჩხუმის დაცლილი სოფლები შეავსო
ლეჩხუმში ბოლო სამ წელიწადში 89 მიტოვებული სახლი გაიყიდა, რაც პროექტის "დაკარგული სამოთხე" საშუალებით განხორციელდა. პროექტს ლექსო ჩარკვიანი უდგას სათავეში. როგორც ბატონი ლექსო ამბობს, ის ლეჩხუმის სოფლებში სხვადასხვა მიზეზით მიტოვებულ სახლებს ეძებს, შემდგომ მათ პატრონებს უკავშირდება და მათთან შეთანხმებით, სოციალურ ქსელში ამა თუ იმ სახლზე ვიდეოს ავრცელებს.
სახლების ბედით უამრავი ახალგაზრდა თუ ემიგრანტი ინტერესდება და შემდგომ მათ იძენს. ლექსო ჩარკვიანის თქმით, ეს პროექტი მისი კეთილი ნებაა, რადგანაც უზომოდ უყვარს თავის კუთხე და ლეჩხუმის დაცარიელებას, დაკეტილ სახლებს ვერ ეგუება. მან 2018 წლიდან ლამის ასამდე სახლს აპოვნინა ახალი პატრონი.
"სოფლებში მიტოვებულ სახლებს ვეძებ და მათ მოსანახულებლად საკუთარი ხარჯებით მივდივარ. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი ექნება, მათ "გაცოცხლებას" "ფეისბუქზე" ჩემი გვერდის საშუალებით ვცდილობ. ფოტოებს, ვიდეოს ვტვირთავ, დანარჩენს კი მეპატრონე და მყიდველი თავად აგვარებენ. ეს იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, როცა ერთ-ერთ სოფელში მისულს, მასპინძლის ჭიშკართან საუბრისას თვალწინ მისი ძველი სახლი თვალწინ ჩამოიშალა"- აღნიშნავს ლექსო ჩარკვიანი.
- კიდევ რას გვეტყვით თქვენზე... როგორ გაგვეცნობით?
- ვცხოვრობ ქუთაისში, პროფესიით ინჟინერი ვარ. სოფელი ლეჩხუმში მაქვს, სათაფლიაზე - პატარა მეურნეობა, სადაც ფრინველებზე ვარ გადართული და იქვე ჩემი პატარა მარანიც მაქვს. მერვე წელია, ლეჩხუმის „სინაპი“ ვაშლისგან ძმარს ვაწარმოებ. ასევე იაპონელებთან ავტოიმპორტში ვარ ჩართული და ტუროპერატორიც გახლავართ, ჯგუფები დამყავს ლეჩხუმში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში.
მოკლედ, სათაფლიაში მიწა რომ მქონდა, პატარა კოტეჯის მშენებლობა დავიწყე. ბეღელმა თავის ფუნქცია კი დაკარგა, მაგრამ რადგანაც ლეჩხუმელი კაცი ვარ, დეკორისთვის, სიმბოლურად ეზოში მისი ჩადგმის სურვილი გამიჩნდა. ლეჩხუმში სხვადასხვა ადგილას მისი ძებნა დავიწყე. ერთხელაც, შუადღე გადასული იყო, ადგილობრივ ადამიანს მის ჭიშკართან ველაპარაკებოდი და ორივეს სასწაული ხმაური მოგვესმა - უკან მისი ხის სახლი წაიქცა. იმ კაცთან ლაპარაკისას გავარკვიე, რომ იქვე სახლი იყიდებოდა და პატრონის ნომერიც მომცა. სახლს ფოტო გადავუღე, სამეგობროს ვაჩვენებ, იქნებ ვინმემ იყიდოს-მეთქი. იმ პერიოდში სოციალური ქსელი არ მქონდა და ამისთვის შევქმენი გვერდი. დავდე ის ფოტოები და პატრონის ტელეფონის ნომერიც მივაწერე. სახლი გაიყიდა. განაგრძეთ კითხვა
ლალი ფაცია