ყველაზე საშინელი პანდემია ისტორიაში, რომელსაც პლანეტის მოსახლეობის მესამედი ემსხვერპლა- როგორ გავრცელდა "შავი ჭირი" მსოფლიოში? | Allnews.Ge

ყველაზე საშინელი პანდემია ისტორიაში, რომელსაც პლანეტის მოსახლეობის მესამედი ემსხვერპლა- როგორ გავრცელდა "შავი ჭირი" მსოფლიოში?

საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობისთვის შავი ჭირი ერთ-ერთ ყველაზე საშინელ დაავადებას წარმოადგენდა.

შავი ჭირის ეპიდემია ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველი შუმერულ-ბაბილონური სამყაროსთვის და ბიბლიაშიც მრავლად არის დაცული ცნობები ჟამიანობის შესახებ.

ძვ.წ. 430 წელს ათენში გავრცელებულმა შავი ჭირის ეპიდემიამ მოსახლეობის მასობრივი სიკვდილიანობა გამოიწვია. ათენის სამხედრო შენაერთებმა დიდი ზარალი განიცადეს. პოტიდეასთან მდგარი 4000 მეომრიდან 40 დღეში 1500 დაიღუპა. შავმა ჭირმა 2700 მძიმედ შეჭურვილი ჰოპლიტიდან 400 მოსპო...

the-plague-1635339049.jpg

შავი ჭირის პირველი ყველაზე დიდი პანდემია აღინიშნა ბიზანტიაში VI საუკუნის 40-50-იან წლებში, იმპერატორ იუსტინიანე I-ის დროს. დასაწყისში ჟამი 541 წელს გამოჩნდა ეთიოპიასა და ეგვიპტეში, საიდანაც ის მოედო იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებს, შემდეგ კი ევროპისა და აზიის სიღრმეშიც შეაღწია. კონსტანტინოპოლში შავი ჭირით გარდაცვალების პირველი შემთხვევები 542 წლის მაისით თარიღდება.

ბიზანტიელი მემატიანის, პროკოპი კესარიელის თანახმად, ავადმყოფობა თავს დაატყდა დედამიწის არა ერთ რომელიმე ნაწილს ან საზოგადოების ერთ ფენას, არამედ ის შეეხო ყველას - სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენლებს, ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრსა და პროვინციებს; არ ინდობდა არც ქალსა და კაცს, არც ახალგაზრდასა და მოხუცს.

კონსტანტინოპოლში "სენი ოთხ თვეს გაგრძელდა, თუმცა განსაკუთრებით ბობოქრობდა სამი თვის განმავლობაში. თავიდან ჩვეულებრივზე ცოტა მეტი ხალხი კვდებოდა, შემდგომ კი სიკვდილიანობამ იმატა და იმატა. გარდაცვლილთა რიცხვი დღეში 5 ათას აღწევდა, შემდეგ - 10 ათასს და მეტსაც". მიაჩნიათ, რომ იუსტინიანეს დროინდელ შავ ჭირს 30-დან 50 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა.

შავი ჭირი XIV-XVI საუკუნეებში

განსაკუთრებით დიდი მასშტაბი შავი ჭირის პანდემიამ დასავლეთ ევროპაში მიიღო XIV-XVI საუკუნეებში, როდესაც 1347-1534 წლებში მისი მასობრივი გავრცელების 17 კერა აღირიცხა. სულ რამდენიმე წლის განმავლობაში შავი სიკვდილით მილიონობით ადამიანი გარდაიცვალა.

largepreview-1635339144.png

ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, ინგლისში ეპიდემიამ მოსახლეობის თითქმის ნახევარი იმსხვერპლა. ყველაფერი კი 1347 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ყირიმის ნახევარკუნძულიდან გენუელთა 12 გემი სიცილიის ქალაქ მესინას ნავსადგურში ჩავიდა და შავი ჭირით დაავადებული მეზღვაურები ჩაიყვანა. რამდენიმე თვეში ეპიდემიის კერები გაჩნდა გენუაში, ვენეციასა და მარსელში.

1348 წელს შავი ჭირი მძვინვარებდა ესპანეთში, საფრანგეთში, საიდანაც ინგლისში შეაღწია. შავი ჭირის პანდემია დროდადრო ჩაწყნარდებოდა, შემდეგ ევროპის რომელიმე რეგიონში კვლავ იფეთქებდა. ევროპელთა მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა საშინელი მოგონება "შავ სიკვდილზე". XIV საუკუნის 40-იან წლებში ევროპაში გავრცელებულმა შავმა ჭირმა შუა საუკუნეების სამედიცინო პრაქტიკა მნიშვნელოვნად განავითარა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმო ჰიგიენას და ამ კუთხით, პირველად, ექიმებსა და ხელისუფლებას შორის მჭირო კავშირი დამყარდა. სხვადასხვა შეფასებით, 1347-1351 წლებში ჭირმა 75-დან 200 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა.

bubonic-plague-ka-1635339182.svg.png

XIV საუკუნის შუა პერიოდის "დიდი პანდემიის" შემდეგ, შავი ჭირი დროდადრო კვლავ ახსენებდა თავს ბიზანტიასა თუ ევროპის სახელმწიფოებს. XV საუკუნის დასაწყისში ჟამი მძვინვარებდა კონსტანტინოპოლსა და იმპერიის სხვადასხვა ქალაქში. სხვათა შორის, ამ სენმა 1409-1410 წლებში იმსხვერპლა იმპერატორ მანუელ II პალეოლოგის ორი შვილი - უფლისწული მიხეილი და დიმიტრი.

1417 წელს ამ სენისგან გარდაიცვალა იმპერატორ იოანე VIII-ის მეუღლე - მოსკოვის დიდი მთავრის, ვასილი I-ის ასული ანნა. XV საუკუნის 10-30-იან წლებში ჟამიანობას, რა თქმა უნდა, უკვე ის მასშტაბები არ ჰქონდა, რაც წინა საუკუნეებში, თუმცა მისი ცალკეული კერები კვლავაც ჩნდებოდა. 1438 წლის დასაწყისში შავი ჭირის ეპიდემია გავრცელდა ქალაქ ფერარაში (იტალია), სწორედ იმ დროს, როდესაც იქ დიდი საეკლესიო კრება მიმდინარეობდა (1438 წლის აპრილიდან). მოსალოდნელი საფრთხის გამო წმინდა კრებულმა ქალაქ ფლორენციაში გადაინაცვლა და იქ განაგრძო მუშაობა.

black-death-xv-1635339217.jpg

ბიზანტიელი ისტორიკოსის, გიორგი სფრანძესის ცნობით, შავი ჭირი ბიზანტიაში XV საუკუნის 40-50-იან წლებში მძვინვარებდა. 1448 წელს ამ სენმა იმსხვერპლა მორეის დესპოტი თეოდორე II პალეოლოგი, ხოლო 1455 წელს ჟამისგან გარდაიცვალა გიორგი სფრანძესის 14 წლის ქალიშვილი თამარი.

პანდემიამ ნათელჰყო შუა საუკუნეების მედიცინის უმწეობა და რელიგიური ინსტიტუტების უძლურება ჭირთან ბრძოლაში, რის შედეგადაც დაიწყო კერპთაყვანისმცემლობის კულტებისა და ცრურწმენების აღორძინება, პოტენციური „მომწამვლელებისა“ და „ჭირის საწამლავის გამავრცელებლების“ დევნა, აგრეთვე რელიგიური ფანატიზმისა და რელიგიური შეუწყნარებლობის მოზღვავება. შავმა ჭირმა კოლოსალური კვალი დატოვა ევროპის ისტორიაში და დაღი დაასვა ეკონომიკას, ფსიქოლოგიას, კულტურასა და მოსახლეობის გენეტიკურ შემადგენლობასაც კი.

დემოგრაფიული ცვლილებები

როგორც ზოგადად შუა საუკუნეების მოსახლეობის, ისე შავი ჭირითა და ეპიდემიის შემდგომი დაბრუნებებით დაღუპული მოსახლეობის რაოდენობის ზუსტი ციფრები არ არსებობს, თუმცა შემონახულია თანამედროვეთა მრავალი რაოდენობრივი შეფასება, რომლებიც ეხება ცალკეულ რეგიონებსა და ქალაქებს, რაც ეპიდემიის მსხვერპლთა სავარაუდო რაოდენობის შეფასების საშუალებას იძლევა.

„კემბრიჯის დაავადებათა მსოფლიო ისტორიის“ თანახმად, მკვლევრები, როგორც წესი, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში სიკვდილიანობის შეფასების დროს ერთმანეთს ეთანხმებიან 30-დან 50 %-მდე ციფრებზე. ყველაზე მეტად ეპიდემიისგან დაზარალდა ცენტრალური იტალია, სამხრეთი საფრანგეთი, აღმოსავლეთი ინგლისი და სკანდინავია; შედარებით ცოტა მსხვერპლი (20 %-ზე ნაკლები) იყო მილანში, ჩეხეთსა და ნიდერლანდების ზოგიერთ რეგიონში, მსხვერპლი საერთოდ არ ყოფილა ნიურნბერგში.

1x-1-1635339295.jpg

„კემბრიჯის პალეონტოლოგიის ენციკლოპედია“ გარდაცვლილთა რაოდენობას აფასებს მსოფლიო მოსახლეობის 25 %-ით, ანუ 60 მილიონზე მეტი ადამიანით, რაც მოიცავს ევროპის მოსახლეობის მესამედს (15-25 მილიონი), ინგლისის მოსახლეობის 30-50 %-ს, ნორვეგიასა და ისლანდიაში ორ მესამედს, პარიზსა და ვენეციაში სამ მეოთხედამდე.

ეპიდემიის დასასრული

1351 წლისათვის „შავი სიკვდილის“ ეპიდემია დასრულდა. შუა საუკუნეების ისტორიული წყაროების მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი ამოწყდა. ბევრი თანამედროვე მკვლევარი ამ რიცხვს ეთანხმება. რაც შეეხება ევროპას, მისი მოსახლეობის მეოთხედი მაინც დაიხოცა.

„შავი სიკვდილის“ პერიოდი დასრულდა, მაგრამ დაავადება მაინც არსებობდა. იგი რეგულარულად იჩენდა თავს XV საუკუნის ბოლომდე. ყველაზე საგულისხმოა 1361 წლისა და 1369 წლის ეპიდემიები. ამის შემდეგ ეპიდემიათა შორის პერიოდები მეტად ხანგძლივი იყო.

შავი ჭირი დღესაც არსებობს. XIX საუკუნის ბოლოს იგი განმეორდა აზიაში, სადაც მხოლოდ ინდოეთში ექვსი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. 1995 წელს ინდოეთში ისევ დაფიქსირდა შავი ჭირის შემთხვევები.

myquiz