იშვიათი ჯიშის ვაზი, რომელიც თბილისის შუაგულში 40 წელია ხარობს- რას ყვებიან ვაზის პატრონები? | Allnews.Ge

იშვიათი ჯიშის ვაზი, რომელიც თბილისის შუაგულში 40 წელია ხარობს- რას ყვებიან ვაზის პატრონები?

საბურთალოზე, იოსებიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ფასადის დიდ ნაწილს ვაზი ფარავს. ის 1980 წელს დაურგავს აქ მცხოვრებ ბიოლოგ მარენ ოდიშვილს. ვაზი გაზრდილა, მოღონიერებულა და ფასადსაც მოსდებია. მისი ამბით ჩვენც დავინტერესდით. როგორც გავარკვიეთ, ბატონი მარენი ცოცხალი აღარ არის, ვაზს კი მისი ქალიშვილის, ირინა ოდიშვილის ოჯახი პატრონობს.

გიორგი გელოვანი:- ეს ვაზი ჩემი სიმამრის დარგულია. კარგად რომ გაიზარდა, მისი აივნებზე გაშვება მეზობლებმაც ითხოვეს. ორსადარბაზოიანი კორპუსია და შეიძლება ითქვას, მთელ ფართობზე გაიჭიმა.

ირინა ოდიშვილი: - გაზაფხულზე ვაზი რომ წამოიქოჩრება, ჩემთვის თითქოს მამა ცოცხლდება. საინტერესო პიროვნება გახლდათ, არაერთი კარგი საქმე გააკეთა. ბევრი მცენარეა მისი დარგულ-გახარებული. როგორც მოხევე მამაკაცებს ახასიათებთ, მშრომელი იყო, მაგრამ უტყვი. არ უყვარდა თავისი გაკეთებულის გახმაურება.

240408974-216030603903514-2432770413596478357-n-1635153116.jpg

გიორგი გელოვანი:- როგორც ვიცი, მან ეს ყურძენი ფიროსმანის ქუჩაზე აღმოაჩინა მეგობრის ეზოში და ნერგი წამოიღო. ურიგო ნაყოფს არ ისხამს, მაგრამ კარგა ხანს არ ვიცოდით, რა ჯიში იყო.პანდემიამდე კარგა ხნით ადრე ბატონ გვანჯი მანიას შევეხმიანე ყურძნის ჯიშის დასადგენად. იმის გარკვევაც მინდოდა, სადმე ასევე ხომ არ ფარავდა ვაზი კორპუსს (მოგეხსენებათ, გვანჯი მანია საქართველოში გინესის რეკორდების საკითხებს უძღვება). მიუხედავად იმისა, რომ ვაზის ქვეყანა ვართ, მსგავსი რამ ვერსად იპოვეს. პროფესორმა ვაჟა გოცირიძემ მტევანი და ფოთოლი წაიღო. მისგან გავიგეთ, რომ სუფთა ენდემური ჯიშია და ცხენისძუძუ ჰქვია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთშია გავრცელებული, თუმცა არსებობს აჭარული და აფხაზური ცხენისძუძუც.

245688662-561356731789859-3126543276595803222-n-1635153245.jpg

- ვაზი მართლაც დიდ ფართობზეა გასული...

- თავიდან კორპუსი სამსართულიანი იყო. მესამე სართულზე დაახლოებით თხუთმეტიოდე წლის წინ ამოვიდა. სამ სართულს შემდგომ კიდევ სამი სართული დააშენეს. ამ სართულებს შორის არის კიდევ ერთი, ტექნიკური სართული. მის ზემოთ ახალმა მეზობელმაც მოინდომა ვაზის აყვანა და ახლა, ფაქტობრივად, უკვე მეექვსე სართულს მიაღწია.

240427284-1937469959763435-5437279573859941686-n-1635153158.jpg

- ბევრს ისხამს?

- ჩვენთან სამი-ოთხი დიდი ჯამი ივსება, მაგრამ რთველს ვერ ვმართავთ, რადგან ნაყოფი ნაწილ-ნაწილ მწიფდება. ახლაც ზოგი მწიფეა, ზოგი - ოდნავ შეფერილი და ზოგიც - ისევ თეთრი. გაოცდებით და ჩვენი ვაზის თითო მტევანი კილოგრამამდე იწონის.

- ღვინოს ხომ არ წურავთ?

- ხორციანი ყურძენია, სუფრის. ღვინო ნებისმიერი ჯიშისგან შეიძლება დაიწუროს, ოღონდ მნიშვნელოვანია, წარმადობა რამდენად ექნება. ერთხელ ამ ყურძნისგან დაუწურავთ კიდეც ღვინო, მაგრამ ხორციანს რომ ვამბობ, ვგულისხმობ, რომ წვენს ნაკლებად იყენებს. გემრიელი საჭმელია, ფერით კი მუქი წითელია, თითქმის შავი. ფუტკრები, კრაზანები, ბეღურები ძალიან ერჩიან, ლამის ნახევარი მოსავალი მიაქვთ.

241271755-212654194254477-2649605208479091403-n-1635153184.jpg

- საქართველოში ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ. როგორ გადარჩა თქვენი ვაზი ისე, რომ ვინმემ არ დააზიანა?

- 90-იანებში ვინმე თუ ცულით არ მიადგებოდა მოსაჭრელად, რა დააზიანებდა?! თან შეშად ეს არ გამოდგებოდა და წალმის გამო, ვისაც მწვადის შეწვის საშუალება ჰქონდა, ამის წასაღებად აქ რატომ მოვიდოდა?!40 წლის ვაზია და მაინცდამაინც არც არავინ უვლის. არც ერთხელ არ შეწამლულა, წვიმა ჩამორეცხავს და ეგ არის. წყალს რაც შეეხება, თბილისში ზოგჯერ ზაფხულში 2-3 კვირა წვიმა არ მოდის, გვალვაა.

241512784-267845098515760-7439028905494875335-n-1635153225.jpg

ასეთ დროს დილას, სამსახურში წასვლამდე, 7-8 საათზე ჩავდივარ და ვრწყავ. გარდა ამისა, ზედა მეზობელს პატარა მაღაზია აქვს და ზაფხულში დილას უთენია მაღაზიაში რომ ჩადის, ისიც რწყავს. ამდენი წლის ვაზია, ვფიქრობ, ფესვიც ღრმად, სარდაფებშია წასული და ალბათ, სადღაც სიღრმიდანაც იკვებება, თორემ რამდენ წყალსაც ჩვენ ვაწვდით, აქამდე კარგა ხნის გამხმარი უნდა იყოს.

ლალი ფაცია

განაგრძეთ კითხვა

myquiz