როგორ უგებენ ხაფანგს მოღალატეებს: "ელისის" წარუმატებელი ჯაშუშობის ისტორია, ანუ რაში ედება ბრალი ამერიკელ ცოლ-ქმარს? | Allnews.Ge

როგორ უგებენ ხაფანგს მოღალატეებს: "ელისის" წარუმატებელი ჯაშუშობის ისტორია, ანუ რაში ედება ბრალი ამერიკელ ცოლ-ქმარს?

თითქმის ერთი კვირაა, რაც ამერიკისა და ევროპის მასმედია ახალ ჯაშუშურ სკანდალს განიხილავს. 10 ოქტომბერს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) თანამშრომლებმა დააკავეს ამერიკის ორი მოქალაქე, ცოლ-ქმარი, 42 წლის სამხედრო ინჟინერი ჯონათან ტოიბი და მისი 45 წლის ცოლი, პროფესიით პედაგოგი - დაიანა. მათ ბრალად ედებათ აშშ-ის ბირთვული ტექნოლოგიების ინფორმაციის დაცვის კანონის დარღვევა, კერძოდ კი - "ვირჯინიის" კლასის ბირთვული წყალქვეშა ნავების პროგრამის საიდუმლო დოკუმენტების სხვა სახელმწიფოსთვის მიყიდვის მცდელობა. ჯონათან ტოიბი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცერია, ბირთვული წყალქვეშა ნავების ძრავების მომსახურების დიდი გამოცდილებით.

საზღვაო ძალების დატოვების შემდეგ ის მუშაობდა კონტრაქტორად პიტსბურგში, კვლევით ლაბორატორიაში, ბირთვული წყალქვეშა ნავების თემატიკის პროგრამაში, სადაც მსახურობდა ბირთვული ინჟინრის თანამდებობაზე. 2020 წლის 1 აპრილს ტოიბიმ ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოში ფოსტით პაკეტი გაგზავნა, სადაც საიდუმლო დოკუმენტების ასლები და ფარულად თანამშრომლობის დაწყების წინადადება იყო. მან დაწერა, რომ ის დაინტერესებული იყო ინფორმაციის გაყიდვით "ვირჯინიის" ტიპის ატომური წყალქვეშა ნავების ბირთვული ძრავის სისტემის შესახებ.

besoalada1-1634794880.jpg

სწორედ ამ ტექნოლოგიების თაობაზე გააფორმეს ახლახან ავსტრალიასთან შეთანხმება აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა, რამაც საფრანგეთის ხელისუფლების პროტესტი გამოიწვია იმიტომ, რომ ავსტრალიამ გააუქმა საფრანგეთთან დადებული 40 მილიარდი დოლარის მოცულობის ხელშეკრულება წყალქვეშა ნავების შეძენის შესახებ. ტოიბი წერდა: "ბოდიშს გიხდით თქვენს ენაზე ცუდი თარგმანისთვის. გთხოვთ, ეს წერილი გადაგზავნოთ თქვენს სამხედრო დაზვერვაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია თქვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხუმრობა არ გეგონოთ". პირველი აპრილი იყო და ტოიბიმ ამიტომ მიამატა ბოლო წინადადება: არ ეგონოთ, რომ ვეხუმრებიო. აშშ-ის სპეცსამსახურებმა შეძლეს ამ პაკეტის ხელში ჩაგდება.

მათ საფოსტო მარკის საშუალებით დაადგინეს გამომგზავნის მისამართი (პიტსბურგი, პენსილვანია), საიდუმლო დოკუმენტების შინაარსის მიხედვით კი - გამომგზავნის პიროვნება და "ოპერატიული თამაში" დაიწყეს პოტენციურ მოღალატესთან. ტოიბის (გფბ-მ მას ფსევდონიმი "ელისი" შეარქვა) დაშიფრული ელექტრონული ფოსტის საშუალებით კავშირი ჰქონდა იმ პირთან (ფსევდონიმი "ბობი"), რომელსაც იგი სხვა სახელმწიფოს სამხედრო დაზვერვის თანამშრომლად თვლიდა. ფაქტობრივად კი, წერილები გფბ-ში ხვდებოდა. პარალელურად, ცოლ-ქმარზე თვალთვალი და ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმოწერა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა (შემდეგ ელექტრონული წერილები გფბ-მ სასამართლოს წარუდგინა), რის შემდეგაც შეთანხმნდნენ საიდუმლო დოკუმენტების ფასზე და მიწოდების პირობებზე. განაგრძეთ კითხვა