"მოლნუპრავირი" - რა ვიცით კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალზე, რომლის ავტორიზაციასაც მთელი მსოფლიო იმედით ელოდება
მედიკამენტი, რომელსაც შეუძლია კლინიკებში პაციენტების მოხვედრის საჭიროება შეამციროს და ქვეყნებს კორონას გავრცელების კონტროლი გაუადვილოს, მალე მთელი მსოფლიოსთვის გახდება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ გამოცემა "ინდეფენდენთი" წერს.
საუბარია ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Merck & Co-ს მიერ შექმნილ წამალზე. კვლევა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და ახლა უკვე FDA-სგან (აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია) ავტორიზაციას ელოდებიან.
რა სახის მედიკამენტია "მოლნუპრავირი"
"მოლნუპრავირი" - ასე ეწოდება ანტივირუსულ მედიკამენტს, რომელიც კორონა ვირუსს ორგანიზმში გავრცელებაში შეუშლის ხელს. მას აქვს კაფსულის ფორმა და კორონათი ინფიცირებულებისთვის პირველი სამკურნალო საშუალება იქნება, რომლის მიღებასაც პაციენტები ორალური გზით შეძლებენ.
სად და როგორ დამზადდა?
"მოლნუპრავირი" ატლანტაში, Emory-ის უნივერსიტეტში დაამზადეს. Merck & Co-მ 2020 წელს ცხოველებზე დაკვირვების შემდეგ დაამტკიცა, რომ ეს წამალი ვირუსულ გადაცემას და ფილტვების დაზიანებას უშლის ხელს.
რა აჩვენა კლინიკურმა ცდებმა?
"მოლნუპრავირის" კაფსულა გამოსცადეს ისეთ კოვიდიან პაციენტებზე, რომელთაც ჰქონდათ დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები და ჭარბწონიანობა. ცდების შედეგად დამტკიცდა, რომ წამლის მიღების შემდეგ, დამატებითი მკურნალობა აღარ იყო საჭირო, ხოლო ვირუსით ინფიცირებულთა სიკვდილიანობა 50%-ით შემცირდა.
ცდებში სულ 762-მა აუცრელმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა. ინფიცირებულთა ნაწილი (14%) "მოლნუპრავირის" ნაცვლად პლაცებოს იღებდა. იმ პაციენტებში, რომლებმაც ""მოლნუპრავირის" კაფსულა მიიღეს, არცერთი გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ხოლო პლაცებოს მიმღებთაგან 8 ადამიანი გარდაიცვალა.