"არასდროს დამავიწყდება საიდან მოვდივარ... მე სიღატაკეში ვიზრდებოდი" - სენატორი მოკრივე, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტობისთვის ემზადება
მენი პაკიაო - არამხოლოდ თანამედროვეობის, არამედ ყველა დროის ერთ - ერთი საუკეთესო მოკრივეა. ის ასევე, სპორტის ისტორიაში ერთ - ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლია. 42 წლის ასაკში, თითქოს ხელახლა გაახალგაზრდავდა და ისევ ჩემპიონი გახდა. თუმცა დიდი შესვენება მაინც უარყოფითად აისახა: აგვისტოში მენი იორდენის უგასთან უშანსოდ დამარცხდა. რამდენიმე კვირის წინ კი კარიერის დასრულება გადაწყვიტა, რომელიც 26 წელიწადი გრძელდებოდა.
ბევრმა არ იცის, რომ მენი გამოცდილი პოლიტიკოსიც არის. უკვე 13 წელიწადია, რაც დეპუტატია. 2022 წლის 9 მაისს კი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ ბრძოლაში ჩაერთვება და ფილიპინების პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოლებს. რამდენიმე კვირის წინ მენიმ მმართველი პარტიის "ლაბანის“ თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. ამჟამინდელი პრეზიდენტი როდრიგო როა დუტერტე კი მას თავის მემკვიდრედ ასახელებს.
ზოგადად, პაკიაოს სიტუაცია უნიკალურია. მას შეეძლო გამხდარიყო მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, რომელიც ასევე, დამოუკიდებელი ქვეყნის მმართველიც იქნებოდა. თუმცა კრივიდან ლამაზად წასვლა ვეღარ მოახერხა. მენის ყველაფერი გააჩნია, რომ წარმატებული პრეზიდენტი გახდეს - გამოცდილება, ავტორიტეტი და ქარიზმა. 2007 წელს ის ქვედა პალატის დეპუტატად აირჩიეს, 2016-ში კი სრულუფლებიანი სენატორი გახდა.
მოკრივეს რამდენიმე საქველმოქმედო ფონდი გააჩნია და ხშირად ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს. ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლის შემდეგ, "პაკმა“ რეკორდული 280 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მშობლიურ ქალაქ კიბავაში 1000-ზე მეტი სახლი ააშენა და გაჭირვებულებს სრულიად უფასოდ გადასცა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს. ფლოიდთან გამომუშავებული ფულით, თანამემამულეებს სახლებს ვუშენებ. არასდროს დამავიწყდება, საიდან მოვდივარ და მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ სხვების დახმარების შესაძლებლობას მაძლევს.“ - ამბობს მენი.
პანდემიის დროს, პაკიაო არამხოლოდ ვაქცინის შეძენაზე ხარჯავდა ფულს, არამედ აგრძელებდა ფინანსურ მხარდაჭერას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი ინტერვიუ, სადაც აღიარა, რომ არ ეშინოდა კოვიდით გარდაცვლილიყო.