მკაცრი დიეტა და შიმშილი არ არის გამოსავალი! - წონის პრობლემა, რომლის მიზეზიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა | Allnews.Ge

მკაცრი დიეტა და შიმშილი არ არის გამოსავალი! - წონის პრობლემა, რომლის მიზეზიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა

არსებობს წონის მატების კიდევ ერთი, მეტად გავრცელებული მიზეზი, და ეს მეტაბოლიზმის ანუ ნივთიერებათა ცვლის შენელებაა.თავისთავად დაბერება არ ანელებს ნივთიერებათა ცვლას, ანუ სიჩქარეს, რომლითაც ადამიანის ორგანიზმი გადაამუშავებს საკვებს, აგროვებს ენერგიას და წვავს კალორიებს. მეტაბოლიზმის შენელების მიზეზი მენოპაუზასთან დაკავშირებული ჰორმონული ცვლილებებია, რასაც ფიზიკური აქტივობის შემცირებაც ემატება.

ქალის ჰორმონებს - ესტროგენსა და პროგესტერონს მარტო რეპროდუქციული ფუნქცია არ აკისრია. ისინი მეტაბოლიტების როლსაც ასრულებენ, მონაწილეობენ ძვლებისა და კუნთოვანი ქსოვილის შენებაში. ასე რომ, ამ ჰორმონების შემცირებასთან ერთად ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილიც წყვეტს ზრდას და ორგანიზმში მეტი ცხიმი გროვდება. სამასი გრამი კუნთი დღეში 25-50 კალორიას წვავს, ამავე რაოდენობის ცხიმი კი - მხოლოდ 2 კალორიას.

ეს ზედმეტი კალორიები ლაგდება ცხიმის სახით. აი, სწორეს აქ ხდება ყველაზე საინტერესო რამ - დაგროვილი ცხიმი მხოლოდ ნაკლები რაოდენობის კალორიას კი არ წვავს, ზედმეტ წონასაც გმატებთ. ამის გამო ადვილად იღლებით, გეზარებათ ვარჯიში... და იკვრება მანკიერი წრე.

მკაცრი დიეტა და შიმშილი არ არის გამოსავალი! შიმშილი (ბევრ ისეთ საკვებ ნივთიერებაზე უარის თქმა, რომლითაც ორგანიზმს მხოლოდ საკვები ამარაგებს) არანაირად არ გაააქტიურებს მეტაბოლიზმს. არც კოფეინით, კაპსაიცინით (მწარე წიწაკაში შემავალი ინგრედიენტი), ეფედრით (ამფეტამინის ეფექტის მქონე საშიში ბალახი) გატაცება დააჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. ისინი კალორიების წვის მხოლოდ მსუბუქი და დროებითი მასტიმულირებლებია. ამ ნივთიერებების მიღებიდან 4-5 კვირაში ორგანიზმი ადაპტირდება და სტიმულირების პროცესი ჩერდება.

არსებობს შენელებული ნივთიერებათა ცვლის პრობლემის გადაჭრის უკეთესი ვარიანტი: დაკარგულ კუნთოვან მასას ძალოვანი ვარჯიშები აღგიდგენთ!

მართალია, აერობიკა არაჩვეულებრივად წვავს კალორიებს, აკაჟებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, მაგრამ ის კუნთების მასის ზრდის საშუალებას არ იძლევა. ამისათვის სულ სხვა ტიპის ვარჯიშები უნდა ჩატარდეს. კუნთები მოცულობაში მხოლოდ მაშინ გაიზრდება, თუ რეგულარულად გადალახავს წინააღმდეგობას. ამგვარად, სიმძიმეებით ვარჯიში მეტაბოლიზმს გაააქტიურებს და ზედმეტი წონისგან გაგათავისუფლებთ.

კუნთების მასის აღსადგენად სპორტდარბაზებში საათობით ყოფნა აუცილებელი არ არის. საკმარისია კვირაში 3-ჯერ 20-20 წუთით ვარჯიში. ვარჯიშისთვის სწორად შერჩეული წონის წყვილი ჰანტელი დაგჭირდებათ. ჰანტელი იმ წონისა უნდა იყოს, რომ მისი მიყოლებით 10-ჯერ აწევა მაინც შეძლოთ და 20-წუთიან ვარჯიშს გაუძლოთ. იმუშავეთ ყველა ძირითადი ჯგუფის კუნთებით: ხელებით, ფეხებით, მხარ-ბეჭით, ზურგით. სხვათა შორის, სიმძიმეებით ვარჯიში არა მარტო ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს, ძვლებსაც ამაგრებს.