ყველაზე დიდი ძარცვა ისტორიაში, რომლისთვისაც მხოლოდ 8 წუთი დასჭირდათ- როგორ გაძარცვეს მუზეუმი? | Allnews.Ge

ყველაზე დიდი ძარცვა ისტორიაში, რომლისთვისაც მხოლოდ 8 წუთი დასჭირდათ- როგორ გაძარცვეს მუზეუმი?

კრიმინალური დაჯგუფების წევრებს, რომელთაც ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ძარცვა მოაწყვეს, საერთოდ არ დასჭირდათ წინასწარ მუზეუმის გეგმის შესწავლა, დაცვის სისტემის მოტყუება და სხვა ათასი საკითხის დაგეგმვა. როგორც აღმოჩნდა, მათ მუზეუმის გაძარცვა მხოლოდ 6-8 წუთში მოახერხეს, ამისთვის კი ასანთი, პატარა ნაჯახი და ჰიდრავლიკური ამწე დასჭირდათ. როგორც შემდეგ ამბობდნენ, ქურდებმა მუზეუმი იმ ნორმატივით გათვალიწინებულ დროში გაძარცვეს, რა დროც პოლიციელებს დანიშნულების ადგილზე მისვლისთვის სჭირდებათ.გახმაურებული ძარცვა 2019 წელს, 24 ნოემბერს დრეზდენში მოხდა, სადაც ქურდებმა სამეფო მუზეუმი გაძარცვეს.

როგორ გაძარცვეს მუზეუმი?

remo-1633505147.jpg

გამოძიების ცნობით, მძარცველებმა თავდაპირველად, ღამის 4 საათზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ფარი დაწვეს, რომელიც მუზეუმთან ახლოს მდებარეობდა. ელექტროენერგიასთან ერთად გაითიშა სიგნალიზაცია და ქუჩის განათებაც.

ორმა მძარცველმა სიბნელეში პირველი სართულის ფანჯრის ჟალუზი დააზიანა და ასე შეაღწია მუზეუმში, ყველასათვის დრეზდენის "მწვანე საცავში", სადაც ევროპაში უდიდესი საგანძურის კოლექცია ინახება. მუზეუმი 1723 წელს პოლონეთის მეფემ და საქსონიის კურფიურსტმა, ავგუსტუს ძლიერმა დააარსა.

მუზეუმში შესულმა მძარცველებმა, როგორც ჩანს, იცოდნენ, რომ იქედან ყველაფერს ვერ წაიღებდნენ მათ ჩაამსხვრიეს ვიტრინები და ბრილიანტებთან ერთად უამრავი ექსპონატი მოიპარეს, რომლებიც ძვირფასი ქვებით იყო მორთული.

ძარცვისას მუზეუმში, როგორც ყოველთვის, დაცვის ორი წევრი მორიგეობდა. ელექტროენერგიის გათიშვის მიუხედავად, სათვალთვალო კამერები არ გათიშულა, მათ მალევე შეამჩნიეს შეიარაღებული ქურდები და პოლიციაც გამოიძახეს. შეტყობინების შესვლიდან 5-6 წუთში სამართალდამცავები დანაშაულის ადგილზე მივიდნენ, თუმცა მათ მძარცველები ცხელ კვალზე მაინც ვერ დააკავეს.

მძარცველებს ქუჩაში "აუდის" ფირმის ავტომობილი ელოდა, ისინი მალევე განერიდნენ დანაშაულის ადგილს, მანქანა მიწისქვეშა ავტოსადგომზე გააჩერეს, დაწვეს, თავად კი სხვა ავტომობილით წავიდნენ.

მილიარდ ევროდ შეფასებული ძარცვა

master-1633505120.jpg

გამოძიების ცნობით, ჩამსხვრეული ვიტრინებიდან 21 ექსპონატი დაიკარგა, რომლებიც 4 ათასზე მეტი ბრილიანტის ქვითა და სხვა ძვირფასი ქვებით იყო მორთული. დაკარგულ ძვირფასეულობას შორის აღმოჩნდა საქსონიის დედოფლის - ამალია ავგუსტა ბავარიელის ბროში, რომელიც 660 ძვირფასი ქვით იყო მორთული და ფრიდრიც ავგუსტ I-ის, საქსონიის მეფის სარტყლის შესაკრავი, რომელიც ბრილიანტის 15 დიდი ქვითა და სხვა პატარა ქვით იყო მორთული. ძარცვისას დაიკარგა 19-კარატიანი საქსონიის თეთრი ბრილიანტი.

"ჩვენ ზუსტად არ შეგვიძლია დავასახელოთ, რა ღირებულების იყო ექსპონატები, რადგან მათი გაყიდვა შეუძლებელია", - განაცხადა დრეზდენის სახელმწიფო ხელოვნების სფეროს წარმომადგენელმა.

საქსონიის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, უამრავი ექსპონატი, რომელიც ყველაზე ძვირფასი იყო, შეუფასებელია და არ ჰქონდათ დაზღვეული. რადგან ასეთ შემთხვევებში, სადაზღვევო გადასახადი გაცილებით მაღალია, ვიდრე მიღებული ზარალი.

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, დაკარგული განძი შესაძლოა მილიარდი ევროს ღირებულების იყოს. ასეთი ზარალი ისტორიაში არცერთ მუზეუმს არ მიუღია. სასამართლოში წარდგენილ საბუთებში ზარალის თანხაზე 113,8 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა უცნობია, ამ თანხაში შევიდა თუ არა ის ნივთები, რომლებიც დაზღვეული არ იყო.

განაგრძეთ კითხვა