მეორე მსოფლიო ომში უგზო - უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სია ცნობილია
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, AMBEBI.GE განაგრძობს მეორე მსოფლიო ომში უგზო - უკვლოდ დაკარგული ქართველების შესახებ ცნობებს მოძიებას. გთავაზობთ იმ ქართველების გვარ-სახელებს, რომლებზეც დაკარგულთა ოჯახის წევრები და ახლობლები კომენტარებში გვთხოვდნენ ინფორმაციის მოძებნას. ქერჩის კომისიამ გადმოგვცა მათი გვარ-სახელები, რომლებიც აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდნენ.
ლავრენტი აპოლონის ძე ფურცხვანიძე, დაბადებული 1913 წელს, ქუთაისში. მეუღლე - ელენა მელიტონის ასული ფურცხვანიძე. მისი მედალიონი და შესაბამისად, ნეშტი ნაპოვნია სევასტოპოლში.
ალექსანდრე (საშიკო) პარმენის ძე ბაღდავაძე, დაბადებული 1912 წელს, მაიკოვისკის რაიონის სოფელ როხში. დასაფლავებულია სევასტოპოლში, ქალაქის სასაფლაოზე.
შაქრო ვლადიმირს ძე ჯიჯეიშვლი, დაბადებული 1922 წელს, ბათუმში, პლატფორის 13-ში. სერჟანტი, ბატალიონის მეთაური. მის ისტორიაში ვკითხულობთ, რომ გარდაიცვალა ომში ცეცხლსასროლი იარაღით მუცელში მიყენებული ჭრილობებისგან. დასაფლავებულია ხარკოვში, ზმიევსკის რაიონში, ზადონეცკის ხუტორში.
თეოფილე იაკინთეს ძე შეწირული, დაბადებული 1917 წელს, მახარაძის (ახლანდელ ოზურგეთის) რაიონის სოფელ გურიანთაში. წოდება - უფროსი სერჟანტი. დაიღუპა კალმიკში. ე.წ. შავი ნიადაგის ულუკში, სამხრეთ ელისტიდან 500 კმ-ში 1942 წელს, 22 დეკემბერს. თანამებრძოლებმა იქვე გაუჭრეს საფლავი.