"ნილოსის ნაპირთან მცხოვრები ქალღმერთი და საშიში ქალი" - როგორი იყო ნეფერტიტი: ლეგენდები და ეგვიპტის ულამაზესი დედოფლის რეალური სახე
ნეფერტიტი - ეგვიპტელთა დედოფალი, ყველაზე გავლენიანი ქალი და სილამაზის სიმბოლო, რომელიც საუკუნეების შემდეგაც კი ადამიანებისთვის შთაგონების წყაროა. ლეგენდები და გადმოცემები მას თანამედროვეთა გონებაშიც აცოცხლებს, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული წყაროებით ამ ქალის ცხოვრების დეტალებზე უტყუარი ცნობები მწირია.
ალბათ, არ გაგახსენდებათ ქალი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში პოპულარობა ისე შეენარჩუნებინოს და ისე მოეხდინოს გავლენა ადამიანებზე, როგორც ნეფერტიტმა. დღემდე ის სილამაზის სიმბოლოდაა მიჩნეული.
და მაინც, ვინ იყო ნეფერტიტი? იყო მართლაც ისეთი ლეგენდარული, როგორც ისტორიის წიგნებიდან გვასწავლიდნენ, იყო ის ისეთივე შესანიშნავი, როგორიც ადამიანების წარმოდგენაშია, თუ მის შესახებ მხოლოდ წარმოსახვა გვაქვს და მისი დიდებულება მხოლოდ ჩვენივე გამოგონილი ლეგენდაა.
ქარიშხლიან, ცხელ და ქვიშიან ეგვიპტურ უდაბნოში,1912 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ლუდვიგ ბორჰარდტმა არქეოლოგთა ჯგუფთან ერთად მიაკვლია იდუმალებით მოცულ და დიდი ხნის წინ დავიწყებულ უძველეს ეგვიპტურ ქალაქს, სადაც ძველ ნანგრევებში ჩაფლული 3300 წლის წინანდელი განსაცვიფრებელი ბიუსტი აღმოაჩინა - დედოფალ ნეფერტიტის ბიუსტი.
კაცობრიობამ მისი საშუალებით ყველაზე ლამაზი უძველესი სახე იხილა და მოქანდაკე თუტმოსის ეს შთამებჭდავი სკულპტურა უძველესი ხელოვნების ყველაზე დაფასებული და აღმაფრთოვანებელი ნიმუში გახდა.
სწორედ ამ აღმოჩენის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ისტორია და ლეგენდა შეიქმნა ულამაზეს და უკეთილშობილეს დედოფალზე, ლეგენდები ნილოსის ნაპირთან მცხოვრები ულამაზესი ქალღმერთის შესახებ, წერდნენ, რომ ის იყო მშვენიერი ქალიშვილების დედა, ფარაონ ეხნატონისა და მთლიანად ეგვიპტის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ქალი.
რას ნიშნავს ნეფერტიტი?
ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ მისი სახელი რეალურად ჟღერდა არა როგორც ნეფერტიტი, არამედ როგორც ნაფტეტა, ზოგის აზრით კი მისი სახელი ასეთი იყო - ნფრტტ. სახელს კი ასე განმარტავენ - "ლამაზმანი მოვიდა" ან "მშვენიერი მოვიდა."
ადრე მიიჩნეოდა, რომ ნეფერტიტი მითანის სამეფოდან იყო, თუმცა მკვლევართა უმეტესობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ამბობს, რომ ნეფერტიტი ეგვიპტელ დიდგვაროვანთა ოჯახს ეკუთვნოდა. სჯერათ, რომ მან მინიმუმ 40 წელი იცხოვრა.