ალ ბანოსა და რომინა პაუერის ამბავი- ტრაგედია, რომელმაც ცნობილი იტალიური ოჯახური დუეტის ბედნიერება შეიწირა | Allnews.Ge

ალ ბანოსა და რომინა პაუერის ამბავი- ტრაგედია, რომელმაც ცნობილი იტალიური ოჯახური დუეტის ბედნიერება შეიწირა

"ბედნიერება იტალიურად" - სწორედ ასე აღიქმებოდა ალ ბანოსა და რომინა პაუერის დუეტი მთელ მსოფლიოში, წლების განმავლობაში. მილიონობით მაყურებელი ღიმილიანი შეჰყურებდა ამ შეყვარებული ცოლ-ქმრის ლამაზ სიმღერებს და თავადაც ბედნიერებას განიცდიდა. ისინი მართლაც ბედნიერები იყვნენ და მათმა ბედნიერებამ თითქმის 25 წელს გასტანა, მერე კი მოულოდნელად დაიმსხვრა... მათი ქალიშვილის მოულოდნელმა გაუჩინარებამ მათი ქორწინება შეიწირა...

სანამ ერთმანეთს შეხვდებოდნენ...

ალ ბანო 1943 წელს დაიბადა იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩელინო-სან-მარკოში, ღარიბი გლეხების ოჯახში და მისი გვარი კარიზი გახლდათ. თავდაპირველად სახელი ალბანო ერთად იწერებოდა და ეს პატარა ბიჭი იყო ალბანო კარიზი. მამამისი მეორე მსოფლიო ომის დროს ალბანეთში იბრძოდა და სწორედ ამ მოგონებების აღსანიშნავად დაარქვა იტალიელისთვის უჩვეულო სახელი შვილს - ალბანო, ანუ ალბანელი. მოგვიანებით მან სწორედ ეს სახელი დაყო ორ ნაწილად და აქცია სცენურ ფსევდონიმად - ალ ბანო.

ბიჭს მკაცრად ზრდიდნენ და სჯეროდათ, რომ გაიზრდებოდა, მათ საქმეს გააგრძელებდა - მესაქონლეობითა და მეღვინეობით დაკავდებოდა. თუმცა ბიჭი მუსიკამ გაიტაცა. ჯერ კიდევ 12 წლისა კომპოზიტორობდა. როგორც კი 16 წლის გახდა, დატოვა მშობლიური სახლი და მილანში გაეშურა, რომ მომღერალი გამხდარიყო. საკმაოდ რთული იყო მისი გზა წარმატებისკენ, ოფიციანტადაც მუშაობდა და უბრალო მუშადაც და მხოლოდ 6 წელიწადში მიაღწია საწადელს - იტალიურ სასიმღერო კონკურსში გაიმარჯვა და პირველი კონტრაქტიც გააფორმა.

რომინა ფრანჩესკა პაუერი კი 1951 წელს დაიბადა ამერიკაში, ლოს-ანჯელესში, ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობების ტაირონ პაუერისა და ლინდა კრისტიანის ოჯახში. პოპულარობა თავიდანვე არ აკლდა და ბავშვობიდან მისი ფოტოები პრესტიჟულ ჟურნალებში იბეჭდებოდა. 5 წლის იყო, როცა მშობლები გაიყარნენ და მისი ბედნიერი ბავშვობაც დასრულდა. მალე მამა გარდაიცვალა. ის და უმცროსი და დარჩნენ დედასთან, რომელიც ახალი როლებისა და რომანების ძიებაში გამუდმებით მოგზაურობდა. რომინას აღიზიანებდა დედის ცხოვრების წესი, ამბოხებას აწყობდა მის წინააღმდეგ და ლინდა იძულებული გახდა, გოგონა ინგლისუს დახურულ სკოლაში გაეშვა სასწავლებლად. თუმცა მალე, გაცდენებისა და უსაქციელობის გამო იქიდან გამოაგდეს. დედამ გადაწყვიტა, სხვა გზა ეცადა შვილის "მოსათოკად" და კინოსინჯები მოუწყო. სინჯებმა წარმატებით ჩაიარა, თუმცა რომინას მუსიკა ბევრად მეტად იტაცებდა. მანაც მოზარდობის ასაკიდან დაიწყო მუსიკის წერა, როცა დაბადების დღეზე გიტარა აჩუქეს. 14 წლისას უკვე სადებიუტო ფირფიტა ჰქონდა.

images-1631259371.jpg

დედას მაინც უნდოდა, გოგონა კინომსახიობი გამხდარიყო. მიაჩნდა, რომ მისი გარეგნობა ძალიან მომგებიანი იქნებოდა მომავალი კარიერისთვის. 16 წლისას მართლაც უკვე იწვევდნენ ცნობილი კინორეჟისორები თავიანთ პროექტებში. ასე აღმოჩნდა იტალიაში, სადაც უნდა შეესრულებინა როლი ფილმში "მზეზე".

ისინი

სწორედ ამ პერიოდში გადაიკვეთა მათი გზები - მაშინ ალ ბანო 24 წლის იყო, რომინა - 16-ის. ფილმისთვის მუსიკა სწორედ ალ ბანომ დაწერა. გოგონას ყურებამდე შეუყვარდა ახალგაზრდა მომღერალი და ისიც ცდილობდა, პატარა გოგოზე ეზრუნა. მალე ორივემ იგრძნო, რომ უერთმანეთოდ არ შეეძლოთ. გარშემო მყოფები მხრებს იჩეჩდნენ, არ ჯეროდათ, თუ როგორ მოხიბლა ამ ტანდაბალმა და არც ისე ლამაზმა, მასზე 8 წლით უმცროსმა ალ ბანომ ეს მშვენიერი გოგონა. რა თქმა უნდა, დედამაც საშინლად გააპროტესტა ეს ურთიერთობა და მათი ქორწნების წინააღმდეგიც იყო. არანაკლებ აპროტესტებდნენ ალ ბანოს მშობლები - ამერიკელი მსახიობი გოგონა სულაც არ მიაჩნდათ მათი შვილისთვის ღირსეულ საცოლედ. თუმცა ქორწინება მაინც შედგა. გოგონამაც მალე იპოვა საერთო ენა დედამთილ-მამამთილთან და თავიც შეაყვარა.

8be61148768deb0dc1f90e2eb8d4996e-1631259427.jpg

ალ ბანოსა და რომინას ქორწილი

ქორწილი 1970 წელს შედგა, როცა ალ ბანო 27 წლის იყო, რომინა კი - 19-ის.

"როცა ვქორწინდებოდით, მესმოდა, როგორ ენაძლევებოდნენ გარეთ მდგომი ჟურნალისტები ერთმანეთს, რამდენ კვირას ან თვეს გასტანდა ჩვენი ქორწინება..." - იხსენებდა მოგვიანებით რომინა.

თუმცა მათ ყველა პროგნოზი გააბათილეს და ძალიან დიდხანს იცხოვრეს ერთად.

ოთხ თვეში წყვილს ქალიშვილი ილენია შეეძინა, 1972 წელს - ვაჟი იარი. 13 წლის მერე, რომინამ გოგონა კრისტელი გააჩინა და კიდევ ერთ წელიწადში - პატარა რომინა.

219410600-1631259467.jpg

ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ ერთად. არა მარტო პირად ცხოვრებაში, არამედ საქმიანობაშიც - 1975 წელს გამოვიდა მათი პირველი ერთობლივი დისკი. შემდეგ უკვე იტალიას წარმოადგენდნენ "ევროვიზიაზე", ხოლო როცა სან-რემოს ფესტივალზე აიღეს პირველი ადგილი, სუპერპოპულარულები გახდნენ. განაგრძეთ კითხვა