სამხედრო დიქტატურასთან მებრძოლი ფეხბურთელი, ექიმის დიპლომით და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით
ბელენის იმ საავადმყოფოში, სადაც წუთი-წუთზე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მომავალი კაპიტანი დაიბადებოდა, ჩოჩქოლი იყო. დი ოლივეირების ოჯახი მოუთმენლად ელოდა მორიგ მატებას. ერთადერთი ადამიანი, ვინც წარბშეუხრელად იჯდა და ცივსისხლიან მზერას ისროდა, ოჯახის უფროსი, რეიმუნდო ოლივეირა იყო. ბერძნული ფილოსოფიის დიდი გულშემატკივარი და ამ აზროვნების ფუძემდებლებით შთაგონებული რეიმონდო წინასწარ საზღვრავდა შვილის ბედს. მან უკვე იცოდა, რომ მას აუცილებლად იმ პროფესიას აარჩევინებდა, რომლითაც საზოგადოებას დახმარებას გაუწევდა და ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა. სახელიც ისეთი შეურჩია, როგორც მის გატაცებას შეეფერებოდა - ანტიკურ ბერძნული - სოკრატესი. თუმცა მისთვის ეს პრაქტიკა უჩვეულო არ იყო, პირველ ვაჟს სოფოკლე დაარქვა. ფიქრობდა, სახელი უზრუნველყოფდა აუხსნელ კავშირს იმ მოაზროვნეებთან და მის შვილებს სამყაროს სიბრძნის აღქმის საკუთარი უნარი გაუჩნდებოდათ.
წლების შემდეგ, რეიმუნდოს სურვილები მაღალმა ძალებმა შეისმინეს, იმ პერიოდში, როდესაც ჩე გევარა კუბის რევოლუციას აწყობდა, დედამიწას მოევლინა კიდევ ერთი მეამბოხე, რომელმაც არანაკლები კვალი დატოვა...
სოკრატესს რეიმუნდომ პატარაობიდანვე ჩაუნერგა, - შენ უნდა იყო ის ადამიანი, ვინც სხვებს დაეხმარება, უშველის განსაცდელის მომენტში და ხსნას მოჰგვრის ტკივილისა და ტანჯვის დროსო. მამის სიტყვებმა ბიჭი აანთო და მან პატარაობიდანვე იცოდა, რომ აუცილებლად გამოვიდოდა ექიმი.
ტიპური ბრაზილიელი ბიჭუნასავით, ბურთის გორაობა გენში ჰქონდა ჩაბეჭდილი, თუმცა მკვეთრად ჰქონდა განსაზღვრული - ფეხბურთი იქნება ჰობი, მიზანია დოქტორის ხარისხი. თავიდან მამამ ბურთთან მისვლაც კი აუკრძალა, შესაბამისად, უწევდა სახლიდან გაპარულიყო და ჩუმად ეთამაშა.
11 წლის იყო, როცა ზრდასრულ მამაკაცებთან ერთად ითამაშა, მწვრთნელი შოკში ჩააგდო, კაცები მატჩის შემდეგ ტაშს უკრავდნენ და მის მიწიერ წარმოშობაში ეჭვი შეჰქონდათ. მამამ, როცა პატარა ფილოსოფოსის თამაში იხილა, თითქოს ნება დართო, ჰობისთვის მეტი დრო დაეთმო და ასე შეკრული ფრთები თავად გაუხსნა.
ღამე მედიცინის ლათინურ კონსპექტებს იზეპრებდა, კითხულობდა მაკიაველის, პლატონს, ფროიდს, დღისით კი ფეხბურთს თამაშობდა და სან-პაულოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მალე მის კედელზე, მედლებთან ერთად, ნანატრი დიპლომიც აღმოჩნდა.
23 წლის ასაკში ის "ბოტოფაგოში“ ასპარეზობდა, მაგრამ მამის ნების ასრულება ჰქონდა განზრახული და დღე-დღეზე ადგილობრივ საავადმყოფოში მუშაობის დაწყებას აპირებდა. თუმცა კლუბმა იმდენად "მსუყე“ კონტრაქტი შესთავაზა, რომ სოკრატესმა მედიცინას ფეხბურთი არჩია.
უკვე იმ პერიოდში ფეხბურთელის გონებაში არსებობდა სახელმწიფო მოწყობის ერთგვარი იდე. ის უკმაყოფილო იყო ფეხბურთელების მიმართ კლუბების სამომხარებლო მიდგომით. ნებისმიერი ფეხბურთელის ბედი სრულად საფეხბურთო კლუბის ხელში იყო. ამის იდეალური მაგალითი პელე გახდა. იმისათვის, რომ ფეხბურთელს არ ეთამაშა საზღვარგარეთ, ბრაზილიის პრეზიდენტმა კვადროსმა, პელე ეროვნულ მემკვიდრეობად გამოაცხადა. შესაბამისად, ლეგენდარულ ფეხბურთელს აეკრძალა სხვა ქვეყნის კლუბებთან კონტრაქტის გაფორმება.
ამასთანავე, შეწინააღმდეგებას გარკვეული სიმამაცე სჭირდებოდა, რომელიც არ აღმოაჩნდა პელეს, თუმცა საკმარისზე მეტი ჰქონდა სოკრატესს.
"ბრაზილიას სჭირდება დემოკრატია, საჭიროა ცვლილებები“, - ამ იდეით გაიჟღინთა "ფილოსოფოსი“ და როცა "კორნთიანსში“ გადავიდა, ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი გახდა.
მოედანზე იყო შეუჩერებელი და დაუნდობელი. თითქმის ორ მეტრიანი ნახევარმცველი, რომელიც ერთი მეორის მიყოლებით ატყუებდა მოწინააღმდეგის მცველებს, არ იცვამდა დამცავებს. აკეთებდა ბრმა გადაცემებს ქუსლით. გაჰქონდა ნახევარმცველისთვის არადამახასიათებლად ბევრი გოლი. მისი საფირმო პენალტების წინააღმდეგ კი ნებისმიერი მეკარე უძლური იყო. ბრაზილიელებს ის გიჟური ვნებით უყვარდათ.
კლუბში კი იგრძნობოდა, რომ ნამდვილი ლიდერი მოვიდა, რომლის გარშემო გაერთიანება ბრაზილიის დემოკრატიისთვის, არა მხოლოდ სასიამოვნო და საჭირო, არამედ დიდი პატივიც იყო. განაგრძეთ კითხვა