რა არის შარიათი, რას უკრძალავს ის რეალურად ქალებს და როგორ იყენებენ მას მსოფლიოში?
თალიბების დაბრუნებამ ავღანეთის ხელისუფლებაში კვლავ აქტუალური გახადა შარიათული კანონების საკითხი, რომლის შემოღებასაც "თალიბანი“ აპირებს. ავღანური საინფორმაციო სააგენტო Pajhwok-ის ცნობით, "თალიბანმა“ ყანდაარის პროვინციაში მუსიკისა და ქალების ხმების ტრანსლაცია აკრძალა. ამასთანავე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავღანეთის უნივერსიტეტებში ბიჭები და გოგონები ერთად აღარ ისწავლიან. ამის შესახებ თალიბების მიერ ახლად დანიშნულმა უმაღლესი განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ ბაკი ჰაკანმა განაცხადა.
"გოგონები და ბიჭები ვეღარ შეძლებენ ერთად სწავლას უნივერსიტეტებში და გააგრძელებენ სწავლას ცალ-ცალკე კლასებში, შარიათის კანონის შესაბამისად“, - აღნიშნა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
რა არის შარიათი, როგორია მისი, როგორც რელიგიური სამართლის მნიშვნელობა მუსულმანურ საზოგადოებაში, თანამედროვე ისლამურ ქვეყნებში? მოგეხსენებათ, ავღანეთი არც პირველი და არც უკანასკნელი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც შარიათული კანონები მოქმედებს.
რა არის შარიათი?
შარიათი იმ წესებისა და ადათების სისტემაა, რომელიც ისლამური სამართლის საფუძველს წარმოადგენს. შარიათი ეფუძნება მუსულმანთა წმინდა წიგნს - ყურანს, აგრეთვე სუნებს და ჰადისებს, ანუ ტექსტებს, რომლებშიც წინასწარმეტყველი მუჰამედის მიერ განვლილი გზაა აღწერილი, მოცემულია მისი გამონათქვამები და ქცევის წესები.
"შარიათი“ არაბული სიტყვაა და ხშირად ითარგმნება როგორც "სწორი გზა“ ან "გზა წყლისაკენ“, რაც არაბეთის უდაბნოს კონტექსტში ღვთისნიერ, სამართლიან გზას უნდა ნიშნავდეს. შესაძლოა იმიტომაც სარგებლობდნენ ამ სიტყვით არა მარტო მუსულმანები, არამედ ქრისტიანი არაბებიც, ასევე ზოროასტრელები.
შარიათი კანონთა კრებული კი არ არის, არამედ მიწერილობების, მითითებების კომპლექსი, რომელიც განსაზღვრავს ყოველი მუსულმანის ცხოვრებას - მათ შორის ლოცვებთან დაკავშირებულს, მარხვას, მომლოცველობას, ასევე ურთიერთობას მეზობლებთან და, მთლიანობაში, გარესამყაროსთან.
იდეაში შარიათის დანიშნულებაა გააგებინოს, ასწავლოს მუსულმანს ის, თუ როგორ იცხოვროს ყოველდღიურად მუჰამედის მსგავსად, როგორ უნდა აქციოს თავისი ცხოვრების ყოველი დღე ღვთისნიერად - მასში იგულისხმება რწმენა და ქველმოქმედება, ქორწინება და ოჯახური ურთიერთობა, საქმიანი კავშირები, მემკვიდრეობითი დავების გადაწყვეტა და ა.შ.
თუ სასამართლო გადაწყვეტილება ამ წმინდა საღვთო წერილების საფუძველზე ვერ იქნება გამოტანილი, მაშინ მუსულმან სამართალმცოდნეებს შეუძლიათ რეკომენდაციების მიცემა ამა თუ იმ საკითხზე, რომელიც ზოგჯერ რელიგიური ედიქტის - ფეტვას სახით არის გამოხატული.
როგორც გლაზგოს უნივერსიტეტის ისლამური კვლევების პროფესორი მონა სიდიყი ამბობს, სურებში (ყურანის ცალკეულ თავებში) განსაზღვრულია მართლმორწმუნეთა (მუსულმანთა) პირადი ცხოვრების წესები. "ყურანის სურები კანონები არ არის, მაგრამ მათში მოცემულია, თუ როგორ უნდა ექცეოდე მეუღლეს, როგორ უნდა აღზარდო შვილები, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ შვილებს მშობლებთან... ყურანიდან ბევრი რამ შევიდა ისლამურ კანონმდებლობაში“, - განმარტავს ის.
მაგალითად, თუ კოლეგები მუსულმანს სამუშაო დღის ბოლოს პაბში (ლუდხანაში) მიიწვევენ, მას შეუძლია რჩევა ჰკითხოს ღვთისმეტყველს, რათა რეკომენდაცია მიიღოს მსგავსი შემთხვევებისათვის. ასეთივენაირად განსაზღვრავს შარიათი მუსულმანებისათვის ოჯახურ სამართალს, ფინანსურ და საქმიან ურთიერთობებს.
შეიძლება თუ არა შარიათის ინტერპრეტირება?
არსებობს ისლამური სამართლის ხუთი სხვადასხვა სკოლა, მათ შორის ოთხი სუნიტური მიმართულებისაა - ჰანბალი, მალიქი, შაფი და ჰანაფი, ერთიც შიიტური - ჯაფარი.
სუნიზმი და შიიზმი ისლამის ყველაზე დიდ განშტოებებს წარმოადგენენ, რაც წინასწარმეტყველ მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა. განსხვავება შიიტებისა და სუნიტების ხედვებში ვლინდება სხვადასხვა საკითხებში - მაგალითად, თუ ვინ უნდა იყოს ისლამური საზოგადოების - უმის ლიდერი. მსოფლიოში სუნიტები უფრო მეტია, ვიდრე შიიტები. სუნიტები ცხოვრობენ საუდის არაბეთში, პაკისტანში, თურქეთში. შიიტები კი ძირითადად ირანში, აზერბაიჯანში, ერაყში.
შარიათის სკოლებში განსხვავება იმაშია, თუ როგორ უდგებიან ისინი იმ ტექსტებს და მითითებებს, რომლებიც შარიათის საფუძველს წარმოადგენენ.
"ჰანბალი“ მიიჩნევა ყველაზე მკაცრ მითითებად: სწორედ მას მისდევენ საუდის არაბეთში. ჰანბალით ხელმძღვანელობენ ავღანელი თალიბებიც. ჰანაფი ყველაზე ლიბერალურად მიიჩნევა - ის დომინირებს, მაგალითად, ეგვიპტეში, პაკიტანში, თურქეთში.
"შარიათის კანონი ალაჰის სიტყვაა, მაგრამ მას ადამიანები წერენ და ახორციელებენ. სასჯელი გამოაქვს მოსამართლეს - ყადის, ანუ ყადი კანონს ახორციელებს საკუთარი შეხედულებით და გაგებით“, - ამბობს ჰიუ კენედი, ლონდონის აღმოსავლეთმცოდნეობის და აფრიკანისტიკის სკოლის არაბული ენის პროფესორი.
"შარიათი მოითხოვს, რომ ადამიანებმა კეთილი საქმეები აკეთონ, კრძალავს ბოროტების ჩადენას. შარიათი შეიძლება გარკვეულ ნიუანსებში დემოკრატიულ უფლებებსაც მოიცავდეს, - გააჩნია, რომელი პოლიტიკური მოძრაობა ახდენს მის ინტერპრეტაციას. შარიათისადმი მიდგომები მუსულმანურ სამყაროში არსებული თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიების პროგრამების საფუძველს შეადგენს. განაგრძეთ კითხვა