სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - რას ამბობენ გეოლოგები | Allnews.Ge

სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - რას ამბობენ გეოლოგები

სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 13:41 საათზე, სოფელ სამებასთან 4.0 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

გეოლოგის, არჩილ მაღალაშვილის განცხადებით, სოფელ სამებასთან გახშირებული მიწისძვრის გამო პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მაღალაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბიძგების კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ბიძგები კვლავ განმეორდეს.

„რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ ძირითადად ეს არის ტექტონიკა. ესაა უფრო ე.წ. ტექტონიკური მოძრაობის გამო.

შესაძლებელია კიდევ ველოდოთ ბიძგებს. კავკასია არის სეისმური რეგიონი, სადაც მიწისძვრები ხშირადაა. მე აქ საპანიკოს ვერაფერს ვხედავ, პირიქით - ხანდახან ასეთი მიწისძვრები იმას ნიშნავს, რომ უფრო დიდ მიწისძვრას გადავრჩეთ. ბიძგების გაძლიერების პროგნოზი შეუძლებელია. ამას ვერავინ იტყვის. იმისთვის, რომ რაიმე პროგნოზი გაკეთდეს, რთული და ძვირი კვლევებია ჩასატარებელი. შეგვიძლია მხოლოდ ვთქვათ რეგიონების მიხედვით, სად არის უფრო სახიფათო ზონა მიწისძვრის თვალსაზრისით.

ზოგადად, კავკასიონის ზონა არის სეისმურად აქტიური რეგიონი. აქ არის ახალგაზრდა მთათა სისტემა, რომელიც იზრდება და ამიტომ ამ ზრდასა და მოძრაობებს ყოველთვის უკავშირდება სეისმური აქტივობები. პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ყველაფერს შეგნებულად უნდა მივუდგეთ, ვიცოდეთ და გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები. ჩვენი რეგიონი სეისმურად აქტიურია, ამიტომ აქ უნდა მიმდინარეობდეს შესაბამისი მშენებლობები, ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის სამუშაოებიც შესაბამისი უნდა იყოს“,- განაცხადა მაღალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მიმდებარედ მიწისძვრის შემთხვევები გახშირდა.