საქართველოში დავით აღმაშენებლის შესახებ ფილმის გადაღება 20 ათასი დოლარი დაჯდება - კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს | Allnews.Ge

საქართველოში დავით აღმაშენებლის შესახებ ფილმის გადაღება 20 ათასი დოლარი დაჯდება - კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს

კულტურის სამინისტრო დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, ფილმის გადაღების მიზნით კონკურსი დღეს გამოცხადდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოში მოქმედ კინოს მწარმოებელ კომპანიებს ექნებათ.

„მოცემული ფილმის გადაღება რამდენიმეწლიანი კომპლექსური სახელმწიფო პროექტია და შესაბამისად კონკურსიც რამდენიმე ეტაპად იყოფა.

ეტაპი 1

კონკურსის გამოცხადებიდან 2 თვეში (2021 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით ვადაში) კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:

1. სცენარის სინოფსისი მაქსიმუმ 3 გვერდამდე;

2. რეჟისორის ხედვა;

3. პროდიუსერის ხედვა, სადაც სავალდებულოა, რომ მთავარი აქცენტი გაკეთდეს ფილმის საწარმოო ასპექტებზე და არა - დაფინანსების მოპოვების გზებზე. კერძოდ, პროდიუსერის ხედვა დეტალურად უნდა იძლეოდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენია პროდიუსერს მოცემული მასშტაბის ისტორიული ფილმის გადაღება საქართველოში. ასევე, პროდიუსერმა უნდა წარმოადგინოს ფილმის გაქირავებისა და საერთაშორისო მაყურებლამდე მიტანის ხედვა.

ეტაპი 2

არაუადრეს 2021 წლის 12 ოქტომბრისა, კულტურის სამინისტრო შექმნის დარგის სპეციალისტებისაგან შემდგარ პროფესიულ კომისიას, რომელიც კონკურსში წარმოდგენილი პროექტებიდან შეარჩევს ერთ ან რამდენიმე (არაუმეტეს სამისა) საუკეთესო პროექტს.

შერჩეულ პროექტს ან პროექტებს მიეცემა დაფინანსება 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით და კომპანიას მიეცემა დრო 2021 წლის 25 დეკემბრამდე, რათა წარმოადგინოს:

1. დეტალური სცენარი დიალოგების გარეშე (ე.წ. თრითმენთი) არანაკლებ 30 და არაუმეტეს 40 გვერდისა;

2. ფილმის მხატვართან ერთად შექმნილი ფილმის ვიზუალური პრეზენტაცია (დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები, ლოკაციები და სხვა). ავტორი თავისუფალია შემოქმედებით არჩევანში; მას მხოლოდ მოეთხოვება, რომ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ნათლად ჩანდეს მომავალი ფილმის ვიზუალური ხედვა.

მოცემული ეტაპის ბოლოს, კომისია გამოავლენს საბოლოოდ გამარჯვებულს და გადასცემს მის ვინაობას კულტურის სამინისტროს. სამინისტრო გამარჯვებულს დაუფინანსებს სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსიის შექმნას, რისთვისაც განსაზღვრული თანხაა 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

სცენარის პირველადი ვერსიის შესაქმნელად ჯგუფს მიეცემა 2 თვე.

ეტაპი 3

სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსიის ჩაბარების შემდეგ, კომისია განიხილავს სცენარს. კომისიის მსჯელობის შემდეგ და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, კომპანიას მიეცემა ერთთვიანი ვადა სრულყოფილი სცენარის საბოლოო ვერსიის დაწერისათვის. მოცემული სამუშაო დაფინანსდება 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ოდენობით.

ჯამში, გამარჯვებული კომპანია სცენარსა და ფილმის პროექტზე მუშაობისათვის მიიღებს 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში და სამუშაოდ ექნება 7,5 თვე.

ეტაპი 4

სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ.

ფილმზე უფლებების მესაკუთრეა სახელმწიფო, როგორც დამკვეთი და დამფინანსებელი. საავტორო უფლებები ეკუთვნის ფილმის მთავარ შემოქმედებით ჯგუფს,“-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.