კარლო ორლანდი- იტალიელი მოკრივის ტრაგიკული ისტორია
კრივი მაფიოზების საყვარელი სპორტია. გასულ საუკუნეში კრივზე დიდ გავლენას კრიმინალური ავტორიტეტები ახდენდნენ და ასტრონომიულ თანხებს გამოიმუშავებდნენ. მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის პერიოდი კი ამ სპორტისთვის საიდუმლოებითა და უამრავი შავი ლაქით გამოირჩევა.
ჩვენამდე ზოგიერთი დიდი ბრძოლის ჩანაწერმაც ვერ მოაღწია, თუმცა ერთი ისტორია გამორჩეულია და მისი დავიწყება შეუძლებელია.1928 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული იტალიელი კარლო ორლანდი გახდა.
ორლანდი 1910 წლის 23 აპრილს დაიბადა. ზოგი მონაცემით მილანში, ხოლო ზოგით - სერენიოში. პატარაობაში მას თავს ძაღლი დაესხა და სასტიკად დაგლიჯა. ყელისა და მხრის არეში სერიოზული, ღრმა იარები ჰქონდა. ამის გამო ბიჭუნამ სმენა დაკარგა, ხოლო როცა ლაპარაკს ცდილობდა, ადამიანისთვის უჩვეულო ხმებს გამოსცემდა.
კარლო სულ მარტო იყო - მას აღარ შეეძლო კომუნიკაციის დამყარება გარშემო მყოფებთან და სხვა ბავშვებს თავისი უჩვეულო ხმებით აშინებდა. თუმცა ბიჭუნამ მტკიცე ხასიათი გამოავლინა და რთული პერიოდის დაძლევა შეძლო.
უფრო მეტიც, მოზარდობის პერიოდში თავისი გზა იპოვნა. კინოთეატრში ნახა ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის, ჯეკ დემფსის ბრძოლა. სეანსის შემდეგ კი იცოდა, რომ მისი ცხოვრების მთავარი საქმე კრივი გახდებოდა.
ჯეკ დემფსი
კარლო კრივის დარბაზში მივიდა და მიუხედავად იმისა, რომ სმენადაქვეითებული იყო, მწვრთნელმა გუნდში მიიღო. აღსანიშნავია, რომ ორლანდი საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა - მალე აითვისა კრივის საფუძვლები, კარგად "კითხულობდა“ მოწინააღმდეგეს და რაც მთავარია, გამოირჩეოდა მებრძოლი სულითა და შეუპოვრობით.
იტალიელი საკმაოდ დაბალი იყო - 1.58 სმ, ჰქონდა გრძელი, განიერი ცხვირი, დიდი ყურები და მუქი ფერის კანი. ის ტიპურ მილანელს საერთოდ არ ჰგავდა. ზედმეტსახელად "ზანგი“ შეარქვეს. დიახ, ეს არ ჟღერს ტოლერანტულად, თუმცა იმ პერიოდისთვის ნორმად ითვლებოდა.
რამდენიმეწლიანი ვარჯიშის შემდეგ, ორლადის გაჩერება შეუძლებელი ხდებოდა. ჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა მოყვარულებში, 18 წლის ასაკში კი 1928 წლის ამსტერდამის ოლიმპიადაზე მოხვდა. იტალიელი მოკრივეებისთვის ეს ოლიმპიადა უმნიშვნელოვანესი იყო. მუსოლინი განსაკუთრებულ წარმატებებს მოკრივეებისგან ითხოვდა. განაგრძეთ კითხვა