რა განძს ინახავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სად შეგვიძლია მისი ნახვა? | Allnews.Ge

რა განძს ინახავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სად შეგვიძლია მისი ნახვა?

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2018 წელს 100 წელი შეუსრულდა. ის პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო კავკასიაში, რომლის დამაარსებლებიც საქართველოს უდიდესი მოღვაწეები იყვნენ. მათი კვალი დღესაც აჩნია უნივერსიტეტს და იმედია, დიდხანს იქნება ასე.რა უნიკალური მასალა ინახება უნივერსიტეტის კედლებში და სად შეგვიძლია მათი ხილვა. ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ფასდაუდებელი ღვაწლი შეიტანეს ამ უდიდეს საქმეში. გვესაუბრება ისტორიის დოქტორი ალექსანდრე მარუაშვილი.

- თსუ პირველი კორპუსის მესამე სართულზე, გუმბათქვეშა სივრცეში გვინდა მოვაწყოთ მუდმივმოქმედი გამოფენა. ამჟამად, აქ გვაქვს პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილისა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის კაბინეტები და მცირე არქეოლოგიური ექსპოზიცია.

1-1628068152.jpg

მელიქიშვილის კაბინეტი

3-1628068183.jpg

ივანე ჯავახიშვილის კაბინეტი

თსუ მუზეუმში ინახება უნივერსიტეტის ბეჭედი, რომლის მიხედვითაც გაკეთებულია გერბი. ბეჭედსა და გერბზე ერთიდაიგივე სიმბოლიკაა ასახული. ეს არის პირველი ბეჭედი და იგი სფრაგისტიკულად ასახულია იურიდიულ და სხვადასხვა სახის დოკუმენტებზე, დიპლომებზე, ჩათვლის წიგნაკებზე... საინტერესოა გერბის შექმნის ისტორია.

ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით, ბეჭედი და შესაბამისად გერბი, ცნობილმა მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ შექმნა. გერბზე ასახულია ნაყოფიერების ღვთაების მიხედვით შექმნილი კომპოზიცია, რომელიც რაჭის ტერიტორიაზე ჭვირული ქამრის ბალთაზე არის გამოსახული. კერძოდ, ირემი თავის ნუკრს ძუძუს აწოვებს. ეს კომპოზიცია ძალიან მოეწონა ივანე ჯავახიშვილს. გერბის ცენტრალურ ნაწილშია მოთავსებული ირემი და ნუკრი, მათ უკან კი ნაყოფიერების ხეა. გერბს წრიულად ორნამენტული ჩარჩო შემოუყვება, რომელიც მხატვარმა ცხოველებისა და ფრინველების ზოომორფული გამოსახულებებით გააფორმა. მსგავსი კომპოზიცია დიმიტრი შევარდნაძემ ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას, იშხნის მცირე ტაძრის რელიეფზე ნახა. გერბს გარედან კიდევ ერთი წრე მიუყვება და მასზე ქართულ და ლათინურ ენებზე წერია "ტფილისის უნივერსიტეტი, 1918 წელი". ბეჭედი ჩვენთვის განსაკუთრებული რარიტეტია.

4-1628068298.jpg

ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შენობაში, სადაც დღეს უნივერსიტეტი მდებარეობს, თავდაპირველად ქართული გიმნაზია იყო. სათავადაზნაურო გიმნაზიის მშენებლობის დროს იმედოვნებდნენ, რომ როცა ქართველებს საშუალება მიეცემოდათ, სწორედ აქ დაიდებდა ბინას უნივერსიტეტი და ასეც მოხდა. გიმნაზიას თავისი სამლოცველო ჰქონდა. ამ ადგილას იყო განთავსებული, ხედავთ რომ ეკლესიის ფორმა აქვს. თუმცა შემდეგ, უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ტაძარი გააუქმეს იმ მოსაზრებით, რომ სტუდენტი თუ მასწავლებელი, ყველა რელიგიურად თანასწორუფლებიანი უნდა ყოფილიყო.

5-1628068414.jpg

სამლოცველოს გუმბათი

დღეს უნივერსიტეტს დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი თსუ-ს ბაღში აქვს. რატომაა ტაძარი აღმაშენებლის სახელობის? ეს შემთხვევითი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს ძველი სტილით, ხოლო ახალი სტილით 8 თებერვალს - წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. ვფიქრობ, ეს დღე დამფუძნებლებმა სპეციალურად შეარჩიეს.

საზეიმო გახსნას იმდროინდელი საეკლესიო საზოგადოებაც დაესწრო. მისი უწმინდესობა, დღეს წმინდანად შერაცხული კირიონ II ეტლით მობრძანდა. მან საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა, პარაკლისი გადაიხადა და წარმოთქვა საკმაოდ შთამბეჭდავი სიტყვა, სადაც უნივერსიტეტს "ცოდნის ტაძარი" უწოდა. აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ საზოგადოებას ამიერიდან, მშობლიურ ქვეყანაში მშობლიურ ენაზე შეუძლია ეზიაროს სამეცნიერო დარგებსა და სპეციალობებს. ასე დაუმკვიდრდა უნივერსიტეტს ეპითეტი, რომლითაც დღესაც მოიხსენიებს საზოგადოება, მას ასევე თეთრ ტაძარსაც ეძახიან. სამწუხაროდ, უნივერსიტეტის გახსნის ამსახველი ფოტოები არ არსებობს.

უნივერსიტეტის წესდებაზე ივანე ჯავახიშვილი რუდუნებით მუშაობდა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ მან სერიოზულ სამეცნიერო კარიერაზე თქვა უარი, რომელიც პეტერბურგსა და გერმანიაში ელოდა და საქართველოში დაბრუნდა საშვილიშვილო საქმის განსახორციელებლად. ეს იდეაც, ჯერ კიდევ პეტერბურგში გააცნო იქ მოღვაწე ქართველებს. ივანე ჯავახიშვილმა წესდება რამდენჯერმე ჩაასწორა, რადგან მაქსიმალურად ცდილობდა ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, ქართულ სინამდვილესთან შესაბამისობაში მოეყვანა. ჩვენ გვაქვს მისი ხელით ჩასწორებული წესდების ხელნაწერი პირვანდელი სახით.უნივერსიტეტის გახსნის წინ, როცა საორგანიზაციო საკითხები განიხილებოდა, ივანე ჯავახიშვილმა ერთხელ ხმამაღლა განაცხადა, რომ უნივერსიტეტს სათავეში უნდა ჩავუყენოთ მსაოფლიოში ცნობილი მეცნიერიო.

10-1628068511.jpg

ივანე ჯავახიშვილის პირადი ნივთები

ასეთი გახლდათ, ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, რომელიც საბჭომ პირველ რექტორად აირჩია. მის სახელს უკავშირდება ქიმიის ფაკულტეტის და ამ დარგის სამეცნიერო განვითარება უნივერსიტეტში. ივანე ჯავახიშვილი თავიდან სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი გახდა, მოგვიანებით კი რექტორი, როცა პეტრე მელიქიშვილი თანამდებობიდან გადადგა.პეტრე მელიქიშვილის მემორიალურ ნივთებს შორის არის მისი სამუშაო ხალათი, შანდალი პეტრეს დროინდელი სანთლით, საწერი მოწყობილობა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz