რას ნიშნავს შენი სახელი? – საქართველოში გავრცელებული სახელების განმარტებები | Allnews.Ge

რას ნიშნავს შენი სახელი? – საქართველოში გავრცელებული სახელების განმარტებები

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს - და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.

ქართული სახელების ელექტრონულ-ანბანური ვერსია შექმნილია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის წიგნის საფუძველზე ‘რა გქვია შენ?’, (თბილისი, 2003). ამ ნაშრომში წარმოდგენილია დღეისათვის ქართველ ხალხში გავრცელებული ათასზე მეტი სახელი, რომლის ძირითადი ნაწილი რეკომენდირებულია ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი მუდმივი კომისიის მიერ. მასში მოკლედ და პოპულარული ფორმით არის განხილული ქართული სახელების სტრუქტურა, წარმომავლობა, მნიშვნელობა და სხვ. მოცემული სიის ძირითადი მიზანია ქართული სახელების პოპულარიზაცია, მათი უფრო მეტად გავრცელება და ხელმისაწვდომობა. ამასთანავე, იგი დაეხმარება როგორც მშობლებს ახალშობილისთვის სახელის შერჩევისას, ასევე თავისი სახელის წარმომავლობითა და ისტორიით დაინტერესებულ პირებს.

გთავაზობთ სიას:

ქალის სახელები

"ა"

  • აგნესა - ორგვარად შეიძლება აიხსნას: ან " წმინდა ", " უმანკო " (ბერძნული), ან " კრავი " (ლათინური)
  • აგრაფინა (ლათინური) " აგრიპას კუთვნილი ", " აგრიპასი ". აგრიპა რომაული საგვარეულო სახელია, თავის მხრივ უკავშირდება ბერძნულს და ნიშნავს " ფეხებით წინ დაბადებულს ". ამ სახელს დაერთვის ‘ინ’ სუფიქსი, რომელიც მნიშვნელობით უახლოვდება ქართულ იან-ს (დავითიანი, ვაჩნაძიანი და სხვ.).
  • აზა (არაბული) " ძვირფასი ", " საყვარელი ".
  • აია (ქართული) ახალი სახელია. ბერძნულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც ძველი კოლხეთის ერთ-ერთი სახელწოდება. ამავე ძირიდან არის ნაწარმოები კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის სახელიც. როგორც ქალის სახელი გავრცელებულია აგრეთვე ბალტიისპირეთში. აღსანიშნავია, რომ აია ერქვა იოჰან ვოლფგანგ გოეთეს დედას.
  • აიშე (არაბული) " ცოცხალი ".
  • ალა - ახალი ნასესხები სახელია, რომლის ეტიმოლოგია საეჭვოა: ზოგი გერმანულიდან მომდინარედ თვლის, მნიშვნელობის დაუდგენლად, ზოგი ბერძნულს უკავშირებს ( " გაცვლილის ", " სანაცვლოდ მიღებულის " მნიშვნელობით).
  • ალისა - აგრეთვე ახალი ნასესხებია დასავლეთ-ევროპული ენებიდან. ნაწარმოებია კაცის სახელ ალექსისაგან.
  • ანა (ძველი ებრაული) " სასურველი ", " სანდომიანი ", " საამო ". ღვთისმშობელ მარიამის დედის სახელია. ამასთანავე ეს სახელი ერქვა წინასწარმეტყველს და რამდენიმე მოწამეს. სახარებასა და სხვა უძველეს ტექსტებში გვხვდება ორგვარი დაწერილობით (ანა||ანნა): " იყო ანა (მუნ ანნა ჩ) წინასწარმეტყუელი, ასული ფანუველისი " (DE ლუკა 2, 36). მოფერებითი ფორმებია: ანო, ანუკა, ანიკო, ანი.
  • ანანა (ძველი ებრაული) " გულკეთილი ", " გულმოწყალე ". ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება ვაჟის სახელადაც (XVI-XVII სს.) ამჟამად უფრო გავრცელებული ფორმაა ანანო (მხოლოდ ქალის სახელად).
  • ანასტასია (ბერძნული) " მკვდრეთით აღმდგარი ", " სიცოცხლეს დაბრუნებული ". იგივე ფუძე გვხვდება ვაჟის სახელადაც (მათ შორის არიან მოწამენიც). ბერძნულში ერთი ფუძიდან ნაწარმოები ქალისა და ვაჟის სახელები ფორმით განსხვავებულია: ანასტას და ანასტასია, ათანასე და ათანასია, ალექსანდრე და ალექსანდრა, ევგენი და ევგენია... სხვა ენებში ეს განსხვავება ზოგან შენარჩუნებულია, ზოგან – არა. ქართულში ანასტასია მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება, ვაჟის სახელი ანასტასი კი თარგმნილია (ესაა აღდგომელა, რომელიც დღეს სახელად აღარ გვხვდება, მაგრამ შემონახულია აღდგომელაშვილის გვარში). ანასტასიას შემოკლებული ფორმებია: ტასო, ტასიკო, ნასტა, ნასტია.
  • ანგელინა - ამ სახელის ფუძე ბერძნულია: ანგელ, ანგელოს თავდაპირველად ნიშნავდა " ამბის მომტანს ", " მოამბეს ", შემდეგ მნიშვნელობა დაუვიწროვდა და ნიშნავდა მხოლოდ " ღვთის მოამბეს ", " ღვთის მახარობელს " (ანგელოზს). ამ სიტყვას ლათინურში დართული აქვს ‘ინ’ სუფიქსი (იხ. ზემოთ – აგრაფინა) და ამ გზით მიღებულია საკუთარი სახელი ანგელინა.
  • ანეტა - მიღებული ჩანს ანა-ს ფრანგული კნინობითი ფორმისაგან (ანეტ).
  • ანისია, ანუსია (ბერძნული) " დამთავრება ", " დასრულება ".
  • არეთა (არაბული) " ორბი ", " არწივი ", სხვაგვარი ახსნით: " მიწის მუშა ", " მხვნელი " (შეად. გიორგი). ასეთი მნიშვნელობა კაცის სახელს უფრო შეშვენის და, მართლაც, არეთა გვხვდება კაცის სახელადაც.
  • არიადნა (ბერძნული) " ძლიერ მოსაწონი ". ანტიკურ მითოლოგიაში ეს სახელი ჰქვია მეფე მინოსის ასულს, რომელასც შეუყვარდა ეგეოსის შვილი – გმირი თეზევსი და დაეხმარა მას დაემარცხებინა კაციჭამია ურჩხული მინოტავრი და მშვიდობიანად დაეღწია თავი ლაბირინთისათვის, სადაც ურჩხული იმყოფებოდა.
  • ასია (არაბული) " მანუგეშებელი ", " მკურნალი ".
  • ასინეთ - ძველი ებრაული სახელია, მომდინარე კოპტურიდან. ზუსტი ეტიმოლოგია არ მოეპოვება. განმარტავენ როგორც " ნეითისა " ( " ნეითისადმი შეწირული " ან " ნეითის მსახური ". ნეითი და ნეითა ეგვიპტელთა სიბრძის ღვთაების სახელწოდებაა).
  • ასმათ (არაბული) " უმწიკვლო ", " უმანკო ", " პატიოსანი ". არაბულში იხმარება ქალის დასახასიათებლად, საპატიო ეპითეტად. საკუთარ სახელად პირველად " ვეფხისტყაოსანში " გვხვდება და მისი მეშვეობით შემდგომში ფართოდ გავრცელდა.
  • აღათი (ბერძნული) " სიყვარული ", " სიკეთე ".
  • აშექალი (ქართული).

ვაჟის სახელები:

  • აბა (სემიტური) " მამა", " სულიერი მოძღვარი ", " ხალხის მამამთავარი "; მოგვიანებით პატივისცემის გამომხატველ ეპითეტად იქცა. ქართულში შემოსულია ბერძნული გზით (აბბა – ამბა – ანბა||აბა), წმინდა მამის, მონასტრის წინამძღვრის მნიშვნელობით. დასტურდება უკვე VI ს-ში პალესტინის წარწერაში: " შეიწყალენ ანტონი აბაი და იოსია მომსხმელი ამის საფისაი ". აბა(||აბაი)–საგან ნაწარმოებია გვარები: აბაძე, აბაშვილი, აბაიაძე, აბაიძე, აბაიშვილი.
  • აბდია (ძველი ებრაული) " მსახური უფლისა (იესოსი) ".
  • აბელ (ძველი ებრაული) " მსუბუქი ქროლა ", " ნიავი ". ეს სეხელი ერქვა ბიბლიური ადამის ვაჟს. გვხვდება სახარების უძველეს ქართულ თარგმანში: " სისხლითგან აბელისით " (ლუკა 11, 51). მისგან არის მიღებული ქართული გვარები: აბელაშვილი, აბელიშვილი, აბელაძე.
  • აბესალომ (ძველი ებრაული) " მამა მშვიდობისა ", " მამა ქვეყნისა "; ან: (სპარსული) " ყვავილნარი ", " ვენახი ". ქართულ ფოლკლორში ეს სახელი ჰქონია უფლისწულს, რომელსაც შეუყვარდა მწყემსი ქალი ეთერი. ეს ლეგენდა საფუძვლად უძევს ზაქარია ფალიაშვილის ოპერას " აბესალომ და ეთერს ". ამ სახელისაგან წარმოქმნილი გვარებია აბესალაშვილი და აბესლამიძე.
  • აბიბო (არაბული) " საყვარელი "; ან (ძველი ებრაული) " თავთავი " (უფრო ზუსტად: " თავთავის სიმწიფის ჟამი ", " პურის შემოსავლის დრო ").
  • აბო _ გაქრისტიანებული არაბის _ აბო თბილელის სახელია. ქრისტიანობისათვის წამებული აბო ქართულმა ეკლესიამ წმინდანად აღიარა და შეიტანა კალენდარულ სახელებში, მაგრამ დაუკავშირა იგი სულ სხვა წარმოშობის სახელს _ გაბოს (გაბრიელს). სინამდვილეში აბო, იგივე ჰაბო, მიღებული ჩანს არაბული სახელისაგან ჰაბიბ ( " საყვარელი ") ან აბუ ( " მამა ").
  • აბრამ _ ძველი ებრაული სახელია, ნიშნავს: " ამაღლებული, აღზევებული მამა ". ძველი ფორმაა აბრაჰამ, რომელსაც ზოგი სხვაგვარად განმარტავს: " მამა მრავალთა, მამა მაღალი " (საბა). გვხვდება სახარების უძველეს ქართულ თარგმანში: " ესე ასული აბრაჰამისი ხიყო " (ლუკა 13, 16). აბრამ საფუძვლად უძევს გვარებს: აბრამია, აბრამიშვილი, აბრამიძე.
  • აგაბო (ბერძნული) " საყვარელი ". სამოცდაათთაგან ერთერთი მოციქულის სახელია.
  • ადილა, ადილარ _ ვაჟის სახელად გვხვდება სამეგრელოსა და სვანეთში. შესაძლოა მოდიოდეს არაბული ვაჟის სახელისაგან ადილ ( " სამართლიანი " ).
  • ადრიანე (ლათინური) " ადრიელი " (ქალაქ ადრიის მცხოვრები ან ადრიიდან მოსული). აქედანაა მიღებული ანდრიანე, ანდრიან, მასვე უკავშირდება გეოგრაფიული სახელწოდება ადრიატიკის ზღვა.
  • ავალო - სახელის წარმომავლობა და პირველადი მნიშვნელობა უცნობია; ქართულ წყაროებში გვხვდება XVI ს-დან (საქ. სიძვ., III, 541). მისგან წარმოქმნილი გვარებია ავალიანი და ავალიშვილი.
  • ავთანდილ - მნიშვნელობის მხრივ უკავშირდება არაბულ-ირანულ ენებს, ნიშნავს " სამშობლოს გულს ", " სამშობლოს რწმენას " ან " სარწმუნოების კერას ". საკუთარი სახელის მნიშვნელობა მიღებული აქვს ქართულში. პირველად გვხვდება " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთი მთავარი გმირის სახელად, რის გამოც დიდად პოპულარულია. მისი მოფერებითი ფორმაა ავთო. არის გვარი ავთანდილაშვილი.
  • აკაკი (ბერძნული) " არ-ავი ", ე. ი. " უბოროტო ", " უზაკველი ", " კეთილი ". ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სახელია ამჟამად საქართველოში, რასაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი დიდი პოეტის აკაკი წერეთლის პოპულარობამ. მისი შემოკლებული, საალერსო ფორმებია: აკა, აკი, აკო, კაკო, კაკუნა. აკაკი (აკაკის ხე) მცენარესაც ჰქვია. იმავე ძირისგანაა ნაწარმოები აგრეთვე მეორე მცენარის სახელი –აკაცია.
  • ალეკო (ბერძნული) " მცველი ".
  • ალექსანდრე (ბერძნული) " მცველი ვაჟკაცი ", " მამაცი მცველი " (კომპოზიტია, რომლის ნაწილებიც ცალ-ცალკე გვხვდება საკუთარ სახელად: ალეკო - " მცველი ", ანდრე - " მამაცი ". გვხვდება ქალის სახელიც – ალექსანდრა). ამ სახელით ცნობილია არაერთი მოწამე – ქალიც და კაციც. აქედანაა გვარი ალექსანდრია. საალერსო ფორმებია: ალე, ალიკო, ალიოშა, სანდრო, საშა.
  • ალექსი (ბერძნული) " მცველი ". აქედანაა გვარები: ალექსიშვილი, ალექსაშვილი, ალექსიძე. საალერსო ფორმებია: ალე, ლექსო.
  • ამბროსი (ბერძნული) " უკვდავთა (ღმერთთა) წილხვედრი ", " ღვთაებრივი ", " საღვთო ".
  • ამირან – ქართული ხალხური ეპოსის გმირის სახელია, რომელსაც ქართულში მნიშვნელობის დამაჯერებელი ახსნა არ მოეპოვება. შეიძლება კავშირი ჰქონდეს არაბულთან, სადაც ამირ ( " წინამძღვარი ") და ალი ( " მაღალი ") ცალ-ცალკეც და ერთადაც გვხვდება საკუთარ სახელებად. ამირ შედის აგრეთვე რამდენიმე სხვა სახელის შემადგენლობაში, რომლებიც ამჟამად ქართულში პიროვნულ სახელებად აღარ გვხვდება, მაგრამ დაცულია გვარებში: ამირასლანაშვილი, ამირბეგიშვილი, ამირგულაშვილი, ამირხანაშვილი, ამირჯანაშვილი. ცალკე ამირ-ისაგან ნაწარმოებია გვარი ამირიძე. ამირან დარეჯანისძე კლასიკური ხანის ქართული საგმირო-სარაინდო ეპოსის " ამირანდარეჯანიანის " მთავარი გმირია.
  • ანდრი, ანდრია, ანდრო (ბერძნული) " მამაცი ", " ვაჟკაცი ", " მხნე " (იხ. აგრეთვე ალექსანდრე, ანდრონიკე). ანდრე (ანდრეა, ანდრია) ერქვა რამდენიმე მოწამეს. ამ სახელიდან ნაწარმოებია გვარები: ანდრიაძე, ანდრიაშვილი. ანდრია ქართულში პიროვნულ სახელად გვხვდება XV ს-დან. ამჟამად უფრო გავრცელებული ფორმაა ანდრო.
  • ანზორ (ქართული) " აზნაური ", " თავისუფალი ". ქართული სიტყვა პირველად საკუთარ სახელად უქცევიათ და თავისებურად გადაუკეთებიათ ჩრდილო კავკასიის ხალხებს. მთიელ პერსონაჟთა სახელად ის გამოიყენა ჯერ ალექსანდრე ყაზბეგმა (მოთხრობა " ელისო "), შემდეგ – სანდრო შანშიაშვილმა (პიესა " ანზორ "). ამ ნაწარმოებთა მეშვეობით ეს სახელი საქართველოშიც პოპულარული გახდა.
  • აპოლონ (ბერძნული) ბერძნულ მითოლოგიაში მზის (აგრეთვე სიბრძნის და ხელოვნების) ღმერთის სახელია. წარმომავლობა უცნობია.
  • არკადი (ბერძნული) " არკადიელი ". არკადია ერქვა ძველი საბერძნეთის ცენტრალურ ოლქს, რომელიც განთქმული იყო მეცხოველეობით. ამის გამო არკადი ზოგჯერ თარგმნილია როგორც " მწყემსი ".
  • არჩილ (ირანული) " სწორი ", " წრფელი ", " მართალი ", " ნათელი ", " მადლმოსილი ". ერთ-ერთი უძველესი და ძალზე გავრცელებული სახელია, რომელიც ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება. ცნობილია ქართლის ერისმთავარი არჩილი (VIII ს.), რომელიც ქრისტიანული სარწმუნოებისათვის ეწამა და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. კარგად არის ცნობილი აგრეთვე მეფე-პოეტი არჩილი (1647-1713 წწ.).

იხილეთ სრული სია:

◊ ქალის სახელები

◊ ვაჟის სახელები

myquiz