მათი ნამდვილი სახე აქამდე არ გინახავთ- როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ისტორიული პირები სინამდვილეში?
თანამედროვე ტექნოლოგიებმა საშუალება მოგვცა სახის ძვლისა და თავის ქალის რეკონსტრუქციის შედეგად ვნახოთ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ რეალურად ჩვენი წინაპრები და საუკუნეების წინ მცხოვრები ისტორიული პირები.
მოდით, ვნახოთ თუ როგორ გამოიყურებოდნენ სინამდვილეში ის ისტორიული პირები, რომელთა გარეგნობაზე სულ სხვა წარმოდგენა გვქონდა.
ნეფერტიტი
ფარაონ ტუტანჰამონის დედა. 2003 წელს ეგვიპტოლოგმა იან ფლეჩერმა დაადგინა, რომ მუმია KV35YL ანუ ნეფერტიტი, ეხნატონის დინასტიის მე-XVIII ფარაონის მეუღლე იყო. თუმცა, 2010 წლის დნმ-ის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაშთები არ ეკუთვნის ნეფერტიტს, ის იყო იმავე ფარაონის სხვა მეუღლის ან ნეფერტიტის დის. ფაქტი კი ერთია, ის არა ეხნატონის დინასტიის ფარაონის მეუღლე, არამედ სხვა, სმენხკარის ფარაონის მეუღლე და ნამდვილად ტუტანჰამონის დედა იყო, რასაც ეგვიპტოლოგები სავსებით ეთანხმებიან.
ტუტანჰამონი
ბრიტანელმა მეცნიერებმა ვირტუალური გაკვეთის შედეგად ახალი სამეფო დინასტიის ფარაონის- ტუტანჰამონის სახე აღადგინეს, რომელიც ეგვიპტეს ჩვ.წ-მდე 1323-1332 წლებში მართავდა. მეცნიერები თვლიან, რომ ტუტანჰამონი გენეტიკური დაავადებითა და ასევე მალარიით იყო დაავადებული და სწორედ ეს გამხდარა მისი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი: ფარაონი გარდაიცვალა 19 წლის ასაკში.
მეცნიერების თქმით, დასავლეთ ევროპაში მცხოვრები კაცების ნახევარი ეგვიპტის ფარაონების, განსაკუთრებით, ტუტანხამონის გენეტიკას ატარებენ. ძველი ეგვიპტის მმართველისა და ევროპელი კაცების R1b1a2 ჰაპლოჯგუფის საერთო წინაპარი კავკასიაში დაასახლდა დაახლოებით 9, 5 ათასი წლის წინ.
ნიკოლაი კოპერნიკი
მსოფლიოს შუა საუკუნეების მსოფლმხედველისა და ჰელიოცენტრული სურათის შემქმნელის, ნიკოლაი კოპერნიკის ნეშტი, 2005 წელს აღმოაჩინეს ფრომბორკის საკათედრო ტაძარში (ახლანდელი პოლონეთი). ვარშავაში, სასამართლო ექსპერტიზის ცენტრალურ ლაბორატორიაში ჩატარდა სახის კომპიუტერული რეკონსტრუქცია.
უილიამ შექსპირი
წარმოშობით ინგლისელი, უდიდესი პოეტისა და დრამატურგის უილიამ შექსპირის სახის რეკონსტრუქცია მოხდა მისი ნიღბის მეშვეობით, რომელიც მას გარდაცვალების მომენტში აუღეს.
დანტე ალიგიერი
2007 წელს, იტალიის ბოლონიის უნივერსიტეტის ცნობილმა მეცნიერებმა XIII-XIV საუკუნეების უდიდესი იტალიელი პოეტის დანტე ალიგიერის გამოსახულება აღადგინეს.
ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, დანტე იტანჯებოდა ნარკოლეპსიით. "ნარკოლეპსია ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ძილის დარღვევა და დღის მანძილზე ძილიანობა." ამ მტკიცებულებას მოწმობს "ღვთაებრივი კომედია", სადაც დანტე დიდი სიზუსტით ავლენს ნარკოლეპსიის სიმპტომებს, რომელსაც ხშირად ახლდა თან კატაპლექსია- კუნთების ტონუსის ბლოკადა.