"ფოტოს გადაღებისას ხელზე რამდენიმე ასეული ფუტკარი მყავდა შესეული" - "ფუტკრების მომთვინიერებელი" გოგონას ამბავი და რჩევები საფუტკრეში მუშაობისთვის
მარიამ კილაძე წლების განმავლობაში იმაზე ფიქრობდა, რა საქმე წამოეწყო, რომ მისთვის საინტერესო და სასიამოვნო ყოფილიყო. მიაგნო კიდეც და დღეს ის მეფუტკრეა. საფუტკრე ორ ადგილას აქვს - სართიჭალაში და საგურამოსთან ახლოს.
მარიამ კილაძე:
- აგროტურიზმი საქართველოში მაინცდამაინც განვითარებული არ არის, მით უფრო - მეფუტკრეობის მიმართულებით, რასაც აპიტურიზმი ჰქვია და ჩვენთან ეს დარგი ახლა იდგამს ფეხს. ყოველდღიურად სხვადასხვა უცხოურ სტატიას ვეცნობი, რადგან საქართველოში ამ ლიტერატურის დეფიციტია და რაც გვაქვს, უკვე მოძველებულია. ერთხელაც, ამ გაცნობისას, სლოვენიის მაგალითი აღმოვაჩინე, სადაც ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული აპიტურიზმი. ისეთი სასიამოვნო სანახავი იყო, იმავეს გაკეთება მეც მომინდა.
ფუტკარი ძალიან საინტერესო მწერია, გარდა თაფლისა, მისი საშუალებით არაერთი სასარგებლო პროდუქტი მზადდება. ასევე სასარგებლოა ფუტკრის ჰაერის სუნთქვა, რაც ჯერ აქ გავრცელებული არ არის.
აპიტურიზმში ვიზიტორი პირდაპირ ერთვება: მონაწილეობს საფუტკრის საქმიანობაში, თაფლს წურავს და ა.შ. გვაქვს მაყვლის პლანტაციაც. თავიდან როგორც დამამტვერიანებელი, ისე მქონდა, ახლა კი სტუმრებს მაყვლისა და მარწყვის პლანტაციებსა თუ ბოსტანში საქმიანობაც შეუძლიათ.
- მარტო საქმიანობთ?
- აქ, ყველაფერი, ჩემი და ჩემი მეუღლის ხელით არის გაკეთებული. აპისახლი კი ავსტრიის განვითარების ფონდმა დამიფინანსა. შარშან დავიწყეთ სტუმრების მიღებაც.
- მგონი, საქართველოში პირველი ხართ, ვინც აპიტურიზმს მისდევს...
- პირველი ვიყავი, მაგრამ ახლა უკვე სხვებმაც მომბაძეს.
- მეფუტკრეობისადმი ასეთი ინტერესი საიდან გაგიჩნდათ?
- დიდი ხანი არ არის, რაც მეფუტკრეობაში ვარ ჩართული. ზოგადად, ბუნება - ცხოველები, მცენარეები მიყვარს, ვეტერინარობაც მინდოდა, არადა, თბილისში ვცხოვრობ და სოფლის მეურნეობასთან კავშირი არასდროს მქონია.
2015 წელს საპატრიარქოში მეფუტკრეობის უფასო კურსებზე მიღება გამოცხადდა. ვინც წარმატებით დაამთავრებდა, ფუტკრის ოჯახს ჩუქნიდნენ. ეს რომ გავიგე, დავინტერესდი. სოფელში ადგილი მქონდა და რაღაცის გაკეთება ყოველთვის მინდოდა, მაგრამ საქონელს, ქათამს ყოველდღიური მოვლა-პატრონობა სჭირდება. ფუტკარსაც სჭირდება მოვლა, თუმცა ეს შრომა შეიძლება სხვა სამუშაოს შეუთავსო.