რა საოცრება აღმოაჩინეს ყოფილი სასტუმრო "ლონდონის" რესტავრაციის დროს - "...თავის დროზე, კომუნისტებმა გადალესეს და შეღებეს" | Allnews.Ge

რა საოცრება აღმოაჩინეს ყოფილი სასტუმრო "ლონდონის" რესტავრაციის დროს - "...თავის დროზე, კომუნისტებმა გადალესეს და შეღებეს"

"აი, რა საოცრება გამოჩნდა ყოფილი სასტუმრო "ლონდონის " შესასვლელში, კომუნისტების მიერ გადალესილი და გადაღებილი ფენის ქვეშ! ქართული თემატიკა თბილისური სადარბაზოების კედლის მხატვრობაზე ძალიან მცირეა. ეს არის ნამდვილი აღმოჩენა!” – წერდა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პროფესორი, კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი.

ათონელის ქუჩაზე, რესტავრატორების ჯგუფის მიერ აღმოჩენილი მოხატულობის შესახებ ელისაშვილი allnews.ge-ს ესაუბრა.

elisashvilitsira-1627185631.jpg

- სასტუმრო „ლონდონი“ თბილისისთვის ერთ-ერთი საინტერესო შენობაა და როგორც სასტუმრო, 1875 წელს გაიხსნა. ეკუთვნოდა ზუბალაშვილების სხვადასხვა თაობას - ალექსანდრეს, მის ძმას, კონსტანტინეს, მერე მის შვილსაც, პეტრეს. თავად შენობას რაც შეეხება, იყო ძალიან ცნობილი არქიტექტორი - ოტო სიმონსონი, რომელმაც შეადგინა პროექტი და ამ პროექტის მიხედვით განხორციელდა მშენებლობა.

იმდროინდელ პრესას თუ გადავავლებთ თვალს, „ლონდონზე“ წერენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა ევროპის იმ პერიოდის სასტუმროებს. ფასიც შესაბამისი იყო და სხვათა შორის, ყველა მოგზაური, რომელიც „ლონდონში“ გაჩერებულა, თავის მოგონებებში ამ სასტუმროზე საუბრობს და აღწერს მას. ცნობილია, რომ იქ დადიოდა ილია ჭავჭავაძე, რომელიც სასტუმრო „ლონდონში“ ბანქოსაც თამაშობდა.

რაც შეეხება მოხატულობას, რამდენიმე ფენას ვხვდებით - ჩვენ „ლონდონის“ რა კედლის მხატვრობაც გვახსოვს, ეს მეორე ეტაპია, რადგან მის ქვეშ არის მხატვრობის პირველი დონე, რომელზეც ცოტა უფრო მოგვიანებით გადახატეს ის, რასაც ახლა რესტავრაცია უკეთდება.

sastumrolondonkedeli-1627185677.jpg

კარგი გადაწყვეტილებაა ის, რომ ამ ორი დონის ვიზუალური დამადასტურებელი აღქმა მოხდება რესტავრაციის შემდეგ - როდესაც მნახველი შევა იმ სადარბაზოში, ნახავს როგორც რესტავრირებულ ძირითად ფენას, ასევე პირველად ფენას. ეს ფენები დარჩენილი იქნება პატარა ზონდაჟების, ოთხკუთხედების ფორმით, რომელიც გვეუბნება, რომ ამ ფენების უკან კიდევ არის ფენები.

ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ „ლონდონში“ მხატვრობის სამი ფენაა, ხოლო რაც რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, ამის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად არ გვქონდა. ესაა პირველი შესასვლელი, სანამ უშუალო სადარბაზოში შევალთ, სადაც უკვე ქართული ტიპის პეიზაჟებია. თბილისის კედლის მხატვრობისთვის ასეთი, ქართული თემატიკის პეიზაჟები ნაკლებადაა შემორჩენილი, ყოველ შემთხვევაში, იმ სადარბაზოებში, რომელშიც მხატვრობა უკვე გახსნილია.

დედაქალაქში ძეგლის სტატუსის მქონე 1768 შენობაა, ყველა ეს შენობა თავის დროზე მოხატული იყო და შეიძლება, ეს სურათი შეიცვალოს, მაგრამ ახლა 50-მდე შენობა არსებობს, სადაც მხატვრობა უკვე გახსნილია და მათში ქართული თემატიკა ნაკლებია.

ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ არის "ლონდონის" მხატვარი, რადგან არც წარწერა გამოჩენილა და შეიძლება, ეს წარწერა საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მაღალი კლასის ოსტატის მიერაა გაკეთებული. ჩვენ გვაქვს სადარბაზოები, სადაც კედლის მხატვრობა არის, მაგრამ მაღალი პროფესიული ხელი შეიძლება არ ემჩნეოდეს. ამ შემთხვევაში ეს ძალიან მაღალი კლასის მხატვრობაა და ჯერჯერობით ვარაუდია (თუმცა მგონია, რომ ეს შეიძლება, დანამდვილებითაც ითქვას), რომ ის ეკლესია, რომელიც ერთ-ერთ მხატვრობაზე ჩანს, მცხეთის სამთავროს ტაძარი უნდა იყოს.

sastumrolondonismoxatuloba-1627185699.jpg

- რაზე მიანიშნებს ეს აღმოჩენა და ყველაზე მეტად რით არის ის მნიშვნელოვანი?

- მიანიშნებს იმაზე, რომ თბილისს აქვს პოტენციალი, რომ ის ევროპული ქალაქი, რომელიც მაშინ არსებულ სხვა ევროპულ ქალაქებს არ ჩამოუვარდებოდა, ამ პატარ-პატარა აღმოჩენებით თავის პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.

მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენ გვემატება ის მემკვიდრეობა, რომელიც თავის დროზე კომუნისტებმა გადალესეს და შეღებეს. სრულიად შეუწყნარებელი იყო ეს მოქმედება მათი მხრიდან, მაგრამ ვინაიდან ებრძოდნენ რაღაც ბურჟუაზიულ გადმონაშთებსა და ბურჟუაზიული ქალაქის მახასიათებლებს, მათ შორის სადარბაზოებს, მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ გადაელესათ და ორ ფერში შეეღებათ. ამიტომ დაკარგა სადარბაზოებმა პირველადი სახე.

ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამ ტიპის რესტავრაციებით ვიბრუნებთ იმ ტიპის შენობებსა და სახლებს, რომლითაც ფასობდა თავის დროზე ქალაქი თბილისი.

- როგორც აღნიშნეთ, ქართული თემატიკა თბილისური სადარბაზოების კედლის მხატვრობაში ძალიან მცირეა. თუმცა, შეგიძლიათ გაიხსენოთ რამდენიმე ადგილი, სადაც ის გვხვდება?

- ქართული თემატიკაა წინამძღვრიშვილის N39-ის სადარბაზოში, ვიცით, რომ ვეფხისტყაოსნის თემატიკაა აღმაშენებლის N36-ში, კიდევ შეიძლება ზაზიაშვილის მიერ შემკული სადარბაზო გავიხსენოთ, ოღონდ ეს არ არის კედლის მხატვრობა. პრინციპში, ბევრი ნამდვილად არ არის - როგორც აღვნიშნე, 50-მდე სადარბაზო გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ქართული თემატიკა ნაკლებია.

- რას გვეტყვით იმ რესტავრატორების შესახებ, ვინც ყოფილ სასტუმრო ლონდონზე მუშაობს?

- კედლის მხატვრობის რესტავრაცია ძალიან ფაქიზი თემაა, აქ არაპროფესიონალი ან არასაკმარისი კვალიფიკაციის პროფესიონალი უბრალოდ, ვერ იმუშავებს. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ აკეთებს ასეთი ტიპის რესტავრაციას.

sastumrolondonrest-1627185727.jpg

ამ შემთხვევაში ჯგუფს ხელმძღვანელობს რესტავრატორი ლელო ნინოშვილი და ეს ძალიან კარგი რეპუტაციისა და მაღალი კვალიფიკაციის ჯგუფია - მათი გაკეთებულია რომის ქუჩის 4, მაჩაბლის 17, აღმაშენებლის 36, გალაკტიონის 18 - ეს ურთულესი სადარბაზოებია და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი და სასიხარულო საქმეა, რომ ისეთ მნიშვნელოვან ობიექტზე, როგორიც სასტუმრო „ლონდონია“, ასევე ეს ჯგუფი მუშაობს.

კარგი შედეგი გარანტირებულია, როცა იცი, რომ ის ადამიანები მუშაობენ, ვინც საკუთარი საქმე იცის.

სამწუხაროდ, მომრავლდნენ ისეთი ჯგუფები, რომლებმაც კედლის მხატვრობის რესტავრაციას ბიზნესის კუთხით შეხედეს და არის მცდელობები, ტენდერში შევიდნენ, დააგდონ ფასი და ამ დაბალი ფასით მოიგონ სამუშაოები. რესტავრაცია ძვირადღირებული თემაა, მაღალი კლასის რესტავრატორს რა თქმა უნდა, შესაფერისი ხელფასი სჭირდება და ამიტომ, როდესაც არაკვალიფიციური ჯგუფების მხრიდან ფასები ხელოვნურად დაბლა იწევს, შედეგიც არაკვალიფიციური იქნება. ამ ეტაპზე, სასტუმრო „ლონდონი“ დაცულია ამისგან, აქ რა თქმა უნდა, უხარისხო რესტავრაცია არ მოხდება.

ავტორი: ეკა აბაშიძე

ფოტო: ცირა ელისაშვილი

myquiz