ბაღის მშენებლობა რომ დავიწყეთ აქ ერთი ბუჩქიც კი არ იყო- ბაღი წავკისში, რომელიც მნახველებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს | Allnews.Ge

ბაღის მშენებლობა რომ დავიწყეთ აქ ერთი ბუჩქიც კი არ იყო- ბაღი წავკისში, რომელიც მნახველებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს

მაია ჩეკურიშვილი პროფესიით ფილოლოგია. თუმცა სხვა გატაცებებთან ერთად, ასევე იტაცებს არქიტექტურა და დიზაინი. იქნება ეს ინტერიერის, ექსტერიერის თუ ბაღის დიზაინი. ალბათ სწორედ ამ ინტერესმა და ყვავილების სიყვარულმა განაპირობა, რომ ლანდშაფტის დიზაინერთან ერთად ულამაზესი ბაღი გაეშენებინა, სადაც სხვადასხვა ჯიშის, ფერის, სურნელის ყვავილს შეხვდებით.

- ჩემი ბაღი მდებარეობს წავკისში და გაშენებულია 1300 კვ.მ-ზე. აქედან სახლს 300 კვ.მ უკავია, დანარჩენი კი - ბაღს. ბაღის მშენებლობა დავიწყეთ 2015 წელს ცარიელ ტერიტორიაზე, სადაც ერთი ბუჩქიც კი არ იყო.

cavk7-1626842128.jpg

- რამდენი წლის შედეგია ის, რასაც დღეს ვხედავთ?

- ის, რასაც დღეს ვხედავთ, ექვსი წლის შედეგია.

- როგორც ვიცი, თქვენი ბაღის ავტორი და შემქმნელი პროფესიონალი ლანდშაფტის დიზაინერი თამარ თავართქილაძეა. როგორ მიმდინარეობდა ბაღის შექმნის პროცესი და რამდენად ემთხვეოდა თქვენი გემოვნება?

- დიახ, ჩემი ბაღის ლანდშაფტის არქიტექტორი, დიზაინერი, ავტორი და სულისჩამდგმელი თამარ თავართქილაძეა. ის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია, საოცრად ნიჭიერი, შრომისმოყვარე და გემოვნებიანი ადამიანია. ჩვენი გემოვნება ძალიან ემთხვევა (თავის ქება გამომივიდა), ამიტომ ჩემთვის თამუნასთან თანამშრომლობა დიდი სიამოვნება იყო და არის დღემდე, რადგან თავს არ ვანებებ, ყოველ წამს ვურეკავ, ვაწუხებ და აზრს ვეკითხები. მის გარეშე ჩემი ბაღი ასეთი ლამაზი ნამდვილად ვერ იქნებოდა. თავდაპირველად გაკეთდა პროექტი, დაიგეგმა სარწყავი სისტემა და მერე დაიწყო ყვავილების შერჩევის პროცესი. არც ერთი ყვავილის დასახელება არ ვიცოდი (ვარდის გარდა), ამიტომ თამუნა ფოტოებს მაჩვენებდა და ყვავილებს ვიზუალურად ვირჩევდი. დღეს კი შემიძლია ვთქვა, რომ, მგონი, კარგი მოსწავლე ვარ. იმდენი რამ ვისწავლე და იმდენი ყვავილის და მცენარის დასახელება ვიცი, თვითონაც მიკვირს, როგორ ვიმახსოვრებ ამდენს.

cavk3-1626842212.jpg

- რა უპირატესობა აქვს დიზაინერის მიერ შექმნილ ბაღს?

- ბაღი აუცილებლად პროფესიონალმა ლანდშაფტის არქიტექტორმა უნდა შექმნას, შენ კი აქტიურად უნდა იყო ჩართული ამ პროცესში. მხოლოდ ლამაზი ყვავილების შერჩევა არ არის საკმარისი. აუცილებლად უნდა იცოდე, რომელ ყვავილს და მცენარეს უყვარს ამომავალი მზე, რომელს - ჩამავალი და რომელს - ჩრდილი. კომპოზიციაც ამის მიხედვით უნდა შეიქმნას. მხოლოდ საკუთარი ძალებით ამას ვერ შეძლებ. ზუსტად უნდა იცოდე, რომელი მცენარე და ყვავილი გაიხარებს შენს ბაღში და ლამაზი კომპოზიციის შექმნა შემდეგ უკვე დიზაინერთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

cavk-1626842253.jpg

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და რთულია ბაღის შექმნის პროცესი, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ მოუვლი და შეინარჩუნებ უკვე შექმნილს. რამდენად რთულია ასეთი ბაღის მოვლა და რა სამუშაოების ჩატარება გიწევთ ბაღში?

- ბაღის მოვლასაც, რა თქმა უნდა, პროფესიონალი სჭირდება. ყვავილების სახელები შეიძლება ისწავლო, მაგრამ მოვლის პროცესი ძალიან რთულია. ამას ჩემს ბაღში არაჩვეულებრივად ახერეხებს ნამდვილი პროფესიონალი მებაღე ვახტანგ ბარათაშვილი. მის გარეშე ჩემი ბაღი პირვანდელ სახეს ვერ შეინარჩუნებდა. ბაღის მოვლის პროცესში მე ნამდვილად არ ვარ ჩართული. თუმცა ყვავილების და მცენარეების ადგილის შეცვლა, დამატება, კომპოზიციის განახლება და ვიზუალის შეცვლა კი ძალიან მიყვარს.

myquiz