ყველაზე ძველი და ყველაზე უხერხული ქართული გვარები - როგორ იქმნებოდა და რა მიზეზით იცვლიდნენ გვარებს ადამიანები | Allnews.Ge

ყველაზე ძველი და ყველაზე უხერხული ქართული გვარები - როგორ იქმნებოდა და რა მიზეზით იცვლიდნენ გვარებს ადამიანები

რა ხდება მაშინ, როდესაც საკუთარი გვარის წარმოშობის ისტორია არ იცი ან გგონია, რომ შენმა წინაპრებმა ოდესღაც გვარი გადაიკეთეს? - ამ შემთხვევაში ადამიანები გენეალოგებს მიმართავენ, რომლებიც ხანდახან თვეების განმავლობაში ეძებენ არქივებში კონკრეტული გვარის ისტორიას.

გენეალოგი ქეთევან პაპუნაშვილი ოცი წელია გენეალოგიური კვლევითი ცენტრის "არიან-ქართლის" თანამშრომელია. გვარების ისტორიის დადგენისთვის ხშირად მიმართავენ, რადგან როგორც გვიყვება, საკმაოდ ხშირია, როდესაც წარსულში ადამიანები გვარს იცვლიდნენ, ამის მიზეზი კი ნამდვილად ჰქონდათ...

ketipapuashvil-1626341235.jpg

- ბერძნული სიტყვა Genealogia - აღნიშნავს საგვარეულო ხეს ან ნუსხას. გენეალოგია - სპეციალური ან დამხმარე ისტორიული დისციპლინაა, რომელიც შეისწავლის საგვარეულოთა ისტორიას, ისტორიული გვარებისა და ცალკეულ პირთა წარმომავლობას, ადგენს ნათესაობით კავშირებს, ბიოგრაფიულ ფაქტებს და შეადგენს საგვარეულო ნუსხებს. გენეალოგია თავის მხრივ უკავშირდება სხვა, დამხმარე ისტორიულ დარგებს. კერძოდ, ჰერალდიკას, ეპიგრაფიკას, ქრონოლოგიას და ა. შ.

გენეალოგიას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდნენ შუა საუკუნეებში, როდესაც ფეოდალურ წოდებათა პრივილეგიები ყალიბდებოდა. XV-XVI საუკუნეებში დასავლეთ ევროპასა და რუსეთში გაჩნდა საგანგებო გენეალოგიური ცნობარები (იმპერატორების, მეფეების, მთავრების, თავადებისა და ა.შ.), რომლებშიც განთავსებული იყო საგვარეულოს ყველა შტოს წარმომადგენლები. ამ ცნობარებში აღნიშნული იყო მათი დაბადების, გარდაცვალების, მეფობის, შეუღლების თარიღები და დინასტიური კავშირები. თავდაპირველად ამ ცნობარების მიზანი იყო ამა თუ იმ დინასტიის ან საგვარეულოს სიძველისა და წარჩინებულობის დასაბუთება.

XVII-XVIII საუკუნეებში გენეალოგია ჩამოყალიბდა როგორც დამხმარე ისტორიული დისციპლინა. იგი ეხმარება ადამიანებს საგვარეულოს ნათესაური კავშირების დადგენაში.

საქართველოში პირველი თხზულება, რომელშიც გენეალოგიური ხასიათის ცნობები არის მოყვანილი, XI საუკუნეში შეიქმნა. ეს არის ქართული სამეფო სახლის მემატიანის, სუმბატ დავითის ძის თხზულება - "ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა".

genealogia-1626339698.jpeg

- საუბარი გავაგრძელოთ ქართული გვარებით. რომელია პირველი ქართული გვარი და დღემდე თუ არის შემორჩენილი?

- სასურველია აღინიშნოს, რომ გენეალოგები გვარს "გვარსახელს" ვუწოდებთ. ასეთია მისი მეცნიერული სახელწოდება. ხოლო სახელს, "პირსახელს". ქართული გვარსახელები სიგელ-გუჯარში პირველად VII-VIII საუკუნეებიდან მოიხსენიება. უმეტესწილად ისინი დაკავშირებული იყო ტოპონიმებთან, გეოგრაფიულ ადგილთა სახელებთან, მაგალითად: ფავნელი, სურამელი, ორბელი, ყანჩაველი, კორინთელი და ა.შ. გადაჭრით იმის თქმა ძნელია, ზემოთ ჩამოთვლილ გვარსახელთანად უძველესი რომელი იყო, თუმცა ქართული გვარსახელების ისტორია ზემოთ დასახელებულ თარიღზე ბევრად ადრე უნდა იწყებოდეს, რადგან წერილობით წყაროთა უდიდესი უმრავლესობა განადგურებულია, ამ თარიღს ვამბობთ მხოლოდ ჩვენამდე მოღწეულ საბუთებზე დაყრდნობით.

ზემოთ ჩამოთვლილ გვარსახელთაგან ნაწილი დღემდეცაა გავრცელებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გვარმოდენილობათა ნაწილი (მაგალითად კორინთელი) იგივე სისხლის ხალხია, ვინც უძველეს საბუთებში გვხვდება, ხოლო ნაწილი (მაგალითად გიორგაძე, რომელიც ტბეთის სულთა მატიანეში მეთერთმეტე საუკუნიდან მოიხსენიება) სრულიად სხვა ხალხია. უბრალოდ გვარსახელი აქვთ საერთო.

- ყველაზე დიდი და მცირე ქართული გვარები რომელია და რამ განაპირობა ერთი გვარის ასე გაზრდა და პირიქით?

- ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარმოდენილობებია ბერიძე, კაპანაძე, მაისურაძე, გიორგაძე, ლომიძე, წიკლაური... ყველაზე მცირერიცხოვანი - ავგაროზაშვილი, თერძიშვილი, კბილიანაშვილი, ზურმუხტაშვილი, კრიჭინაშვილი, ნამზითიშვილი, ბუჩუხიშვილი, სასურქინაშვილი, ღვლიღვაშვილი. სიმცირისა და სიმრავლის მიზეზი სხვადასხვაა. მრავალრიცხოვანი გვარების უმრავლესობა არაა ერთსისხლი და მათ სხვადასხვა წინაპარი ჰყავდათ. მაგალითად, მაისურაძეების ან გიორგაძეების გვარმოდენილობები სხვადასხვა ფუძისაა. ვინაიდან სახელები მაისურა და გიორგი გავრცელებული იყო საქართველოში, სხვადასხვა მაისურასა და გიორგის შთამომავლებს, ეს გვარსახელები "გაუგვარდათ".

მაგალითად, წიკლაურებთან სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე - წიკლაურების ძლიერი საგვარეულო დროთა განმავლობაში იერთებდა სხვადასხვა პატარა საგვარეულოებს და ამრიგად მივიღეთ წიკლაურთა მრავალრიცხოვანი გვარმოდენილობა. რაც შეეხება მცირერიცხოვან გვარმოდენილობებს, მათი რაოდენობა დამოკიდებულია, როგორც გვარმოდენილობათა ასაკზე (მათი უმრავლესობა ახლად წარმოქმნილია), ასევე ოჯახების მცირერიცხოვნებაზე.

- თუ არსებობს ინფორმაცია, რის მიხედვით ირჩევდნენ ადამიანები გვარებს?

- ადამიანები გვარებს არ ირჩევდნენ. განსხვავებულია მათი წარმოქმნის პროცესიც. ზოგჯერ გვარსახელის ფუძეში ვხვდებით ადამიანის, ცხოველის, ფრინველის სახელს, ასევე ტოპონიმს, ხელობა-საქმიანობის ან თანამდებობის აღრმნიშვნელ სიტყვას. დროთა განმავლობაში ადამიანებს დასჭირდათ საკუთრების მემკვიდრეობით გადაცემა, სწორედ ამ პროცესებმა გახადა აუცილებელი გვარების წარმოქმნა, ზუსტად ამაზე დაყრდნობით ვვარაუდობთ, რომ გვარსახელები მეშვიდე საუკუნეზე ბევრად ადრე შეიქმნა.

პირველად გვარი ჩამოუყალიბდა ჯერ სოციალურად დაწინაურებულ ფენებში, რადგან საკუთრებას ისინი ფლობდნენ, ხოლო მოგვიანებით საკუთრებასთან ერთად გავრცელდა მოსახლეობის დაბალ ფენებშიც.

- როგორ ქრებოდა გვარები საქართველოში?

- გვარმოდენილობათა გაქრობას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. მათ შორის საგვარეულოს მცირერიცხოვნება, დიდ გვარზე გადასვლის ფაქტები (როგორიცაა მაგალითად წიკლაურების მაგალითი, რომელსაც ათობით გვარი აქვს მიერთებული და "გაწიკლაურებული") ძლიერ ფეოდალურ საგვარეულოთა ამოწყვეტა და ა.შ.

- რას გვეტყვით გვარზე ნაბიჭვრიშვილი, რომელიც რეალურად არსებობს და სამეფო დინასტიას უკავშირებენ?

- სიტყვა ნაბიჭვრის მნიშვნელობა ყველას მოგეხსენებათ, თუმცა, ეს სიტყვა ძველ საქართველოში სალანძღავ სიტყვად არ ითვლებოდა. მსგავსი შინაარსის მატარებელია გვარსახელი უჯეროშვილი. თუკი თავადი ან აზნაური ცნობდა თავის არაკანონიერ შვილს, თავადის შვილი აზნაური ხდებოდა, ხოლო აზნაურის შვილი გლეხი. გლეხის უკანონო შვილი კი საეკლესიო გლეხთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა. შესაბამისად, ნაბიჭვრიშვილების დიდი ნაწილი აზნაურთა წოდებას მიეკუთვნებოდა. ნაბიჭვრიშვილის მსგავსი გვარებია - უჯეროშვილი, ბუშიშვილი და მოახლიშვილი.

ნაბიჭვრიშვილთა და ბაგრატიონთა ერთსისხლობაზე სიგელი გუჯარში არაფერია ნათქვამი. თუმცა, ცნობილია, რომ ნაბიჭვრიშვილთა ნაწილი, მაჩაბლების და ანდრონიკაშვილის შთამომავლებია.

- უცნაურ და უხერხულ გვარებზე რას გვეტყვით, რომელთა ჩამონათვალიც არც ისე მცირეა საქართველოში...

- დიახ, ბევრი გვარსახელი ღიმილისმომგვრელია. ძველად უფრო მეტი გვხვდებოდა ასეთი გვარები, მათი უმრავლესობა სხვა გვარზე დაეწერა. იყო მაგალითად გვარები - შავტრაკაშვილი, ცალყვერაშვილი და ა.შ. ადამიანის გარეგნული ნიშნებით, დამახასიათებელი მეტსახელიდან წამოსული გვარები. ასეთი გვარები ბევრია საქართველოში და მათ ეპონიმური ტიპის გვარსახელები ჰქვია.

- გადაკეთებულ გვარებზე რას გვეტყვით, დღემდე არსებობს ლეგენდა, რომ გლეხი, რომელიც ბატონს კლავდა, შემდეგ იცვლიდა საცხოვრებელს, გვარს. კიდევ რა შემთხვევაში ხდებოდა გვარის გადაკეთება?

- ასეთი ლეგენდები ბევრია, თუმცა ამ ლეგენდების უმრავლესობაში სიმართლე მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასახლებაა. ამ გადასახლებას მოსდევდა გვარსახელის ოდნავ ცვლილება ან მთლიანად შეცვლა. გვარსახელის ცვლილების მიზეზი ბევრია, ზოგ მათგანზე ვისაუბრეთ, ასევე ხშირ შემთხვევაში გვარსახელის უხერხული შინაარსი ხდებოდა გვარის შეცვლის ან გადაკეთების მიზეზი.

ოთხმოცდაათიან წლებში საქართველოს არაქართული მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო გვარი გადაიკვეთა.

- ხშირად მოგმართავენ თუ არა გვარის ისტორიის გასარკვევად და რამდენად რთული პროცესია გენეალოგიური ხის დადგენა?

- ხშირად მომმართავენ და პროცესი საკმაოდ რთული და საინტერესოა. მინიმალური ინფორმაციის მოპოვებასაც კი, შესაძლოა კვირები დასჭირდეს. ზოგ შემთხვევაში ორიგინალ დოკუმენტებზე გვიწევს მუშაობა, რაც ასევე ართულებს საქმეს. წარმოიდგინეთ, ხშირ შემთხვევაში ორასი და მეტი წლის წინ მცხოვრები ადამიანების პირადი მონაცემების, ბიოგრაფიის და ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების ზედაპირზე ამოტანა ხდება. ეს მართლა ძალიან აზარტულია, მით უფრო, რომ წარსულში, სამი, ოთხი ან მეტი საუკუნის წინ არ ხდებოდა ყველაფრის ისე აღრიცხვა, როგორც ახლა. ამასთანავე უამრავი დოკუმენტია განადგურებული, როგორც ჩვენი უმეცრებით, ასევე სიძველით.

ავტორი: ნინო გიგიშვილი