როგორ დასაჯა დავით აღმაშენებელმა უღირსი მღვდელმთავრები? - რუის-ურბნისის საეკლესიო კრების უცნობი დეტალები
ეკლესიაში დავით აღმაშენებლის დროისათვის ყოფილან ქვეყნის ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე ძალები, რომელნიც მეფის მოწინააღმდეგეებს, ან პოტენციურ მოღალატე დიდგვაროვნებს უჭერდნენ მხარს. ესენი ძირითადად იყვნენ ეკლესიის მაღალი ფენის წარმომადგენელი ეპისკოპოსები. ისინი ეკლესიაში მოხვედრილან სწორედ თავიანთი არისტოკრატული წარმოშობისა და სიმდიდრის წყალობით.
მათ ძეგლისწერა „უღირსებს“ უწოდებს. ისინი „...სამეფო დასის შეხედულებითა და სახელმწიფოს ცენტრალისტური პოლიტიკის აზრით, არიან „უღირსნი“, მოწინააღმდეგე დაჯგუფების თვალსაზრისით კი ისინი ალბათ სრულიად ღირსეულნი არიან. ასეთ „უღირსთა“ ოპოზიცია, ჩანს, ძალიან ძლიერი იყო. მეფის წინააღმდეგ მთელი მონასტრები გამოდიან, რომელნიც დავითმა ამის გამო „გაამწარა“ (ანდერძი დავით აღმაშენებლისა).
ამ „უღირსთა“ გადასაყენებლად საჭირო გახდა საგანგებო საეკლესიო კრების მოწვევა. ნიშანდობლივია, რომ ამ საეკლესიო კრების ოქმის პირველი მუხლი სწორედ ამ „უღირსთაგან“ ეკლესიის განწმენდის ფიქსირებას ახდენს. „1103 წელს დავით აღმაშენებელმა საგანგებოდ ჩატარებული დიდი სამზადისის შემდეგ განახორციელა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევა, რომლის მიზანი იყო ეკლესიაში მოკალათებული მეფის მოწინააღმდეგე დასის განდევნა და უმაღლეს საეკლესიო თანამდებობებზე მეფის ცენტრალისტური პოლიტიკის მომხრეთა აღზევება“.
„...სამღვდელმთავროთა მომეტებული ნაწილი უღირს მამათმთავრებს ჩაუვარდათ ხელში, „მამულობითა უფროს ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს“. წოდებრიობა გაბატონებული იყო და უმთავრესი მნიშვნელობა პირადს ღირსებას კი არ ჰქონდა, არამედ ჩამომავლობას. რა გასაკვირველია, რომ ამ ეპისკოპოსებს „მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორებისკოპოსნი დაედგინნეს“...
სამღვდელმთავრო საყდარზე, „იყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთა უწესოდ დაეპყრნა საყდრები“. რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ გადააყენა უღირსნი მღვდელმთავარნი მთავარ-წარჩინებულთა შთამომავლობისანი და ამით გვარიშვილობის მნიშვნელობა ეკლესიის მსახურთათვის უარყო, ხოლო პირად ღირსებას შესაფერისი პატივი და უფლება მიანიჭა. ამგვარად, რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ განახორციელა და დააკანონა ის, რასაც ორმოცის წლის წინათ ჰქადაგებდა ჩვენი შესანიშნავი მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი“.
როგორც ივანე ჯავახიშვილი, ისე ზოგიერთი სხვა მეცნიერი, მიიჩნევს, რომ დავით აღმაშენებლის ინიციატივით მოწვეულმა რუის-ურბნისის კრებამ მიზნად დაისახა ქართული ეკლესიის განახლება (რეფორმა) იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც გიორგი მთაწმინდელმა წამოაყენა.
შიმშილობის დროს საქართველოში ჩამოსული გიორგი მთაწმინდელი „თავის თვალით ხედავდა, რამდენად გულცივი იყო მაშინდელი უმაღლესი წოდებისაგან გამოსული სამღვდელოება და როგორ გულხელდაკრეფილი შესცქეროდა ქვეყნის ტანჯვას. ზოგნი ეპისკოპოსთაგანნი, რომელნიც იყვნენ „მდიდარნი ფრიად და წარჩინებულნი“, მარტო იმაზე ფიქრობდნენ, რომ „სიმდიდრითა სავსეთა თვისთათა ეკლესიანი შეიმკვნეს და „განაშუენნეს“, „რათა მონასტერთა შინა აღაპი დაიდვას“ მათს სახელობაზე, რომ ამავე დროს ხალხი მშიერი და ღატაკი იყო და საშინელს გაჭირვებაში ჩავარდნილს, არსაით მშველელი არ ჰყავდა. ამგვარს მღვდელ-მოძღვრებს ეს არ აწუხებდათ. ამ ჯურის ეპისკოპოსი „გლახაკთა ყოვლადვე არა მიხედვიდა“...
ამ წრეში წოდებრიობა და სიმდიდრე გაბატონებული იყო. საეპისკოპოსო ხარისხი მაშინ დიდებულ აზნაურთა გვარის შვილებს ეპყრათ. ამ თანამდებობას მეფე ბაგრატ IV თურმე ჰყიდდა. რაკი ეკლესიას ასეთი უკანონობა შემოეპარა, რასაკვირველია, ეპისკოპოსობას ღირსეული კი არ მიიღებდა, არამედ ვინც უფრო მდიდარი იქნებოდა. ეს საშინელი გამანადგურებელი უწესობა ძირ-ფესვიანად უნდა აღმოფხვრილიყო“.
გიორგი მთაწმინდელმა მოსთხოვა მეფეს, რათა „...არ ჰყიდდეს საეპისკოპოზოთა კაცთა მიმართ უწესოთა და უსწავლელთა და ყოვლითურთ სოფლისა შემსჭვალულთა და უწესობით და მიმოსვლათა შინა აღზრდილთა, არამედ გამოირჩევდეს კაცთა ღირსთა და წმიდათა და მონაზონობათა შინა აღზრდილთა და ღვთივ-სულიერთა მოძღვართა მიერ წამებულთა“; ეპისკოპოსებს კი მოსთხოვა, რათა „...თვალღებით ხელთდასხმასა არ ჰყოფდნენ და უღირსთა მღვდელთა არ აკურთხებდნენ“, ხოლო თვითონ „არა შეჰკრებდენ ოქროსა და ვეცხლსა, არამედ უმეტეს ყოვლისა სწყალობდენ გლახაკთა და უღონოთა“.
გიორგი მთაწმინდელი
აი, მაგალითად, რა უთხრა ჩვენმა დიდებულმა მოღვაწემ ერთ ეპისკოპოსს, რომელიც „მდიდარი ფრიად და წარჩინებული“ იყო და იმაზე ზრუნავდა მარტო, რომ „სიმდიდრითა საფასეთა თვისთათა ეკლესიანი შეამკვნეს და განაშვენნეს და რათა მონასტერთა შინა აღაპი დაიდვეს და ამით მიზეზითა სცვიდა სიმდიდრესა თვისსა, ხოლო გლახაკთა ყოვლადვე არა მიხედვიდა“. მეუფეო, ეს შენი საქციელი ეშმაკის მანქანებიდან შთაგონებით არის ნაკარნახევი. „ეგე ბრძოლა ბოროტისა მტერისა არს“, ეშმაკი გაცდუნებს და მას უნდა, „რათამცა ეკლესიათა და აღაპთა მიზეზითა გლახაკთა უწყალობასა შინა მოგკლა“, რომ ეს ღვთისნიერი საქმე კი არ არის, არამედ ეშმაკის მიერი, ცხადია, „რამეთუ არა თუ მას გეტყვის ღმერთი, ვითარმედ ეკლესიანი შეამკვენითო, არამედ რამეთუ „მშიოდა და არა მეცით ჭამადი“, ვითარცა იტყვის იოანე ოქროპირი“.
რუის-ურბნისის კრების I მუხლის გადაწყვეტილებით განკვეთილი ეპისკოპოსების მაგიერ დაადგინეს ახლები. განუკვეთიათ მეფის მოწინააღმდეგენი, „ნაცვლად მათდა სხვანი დავადგინეთ, რომელთა ჰასაკისაგანცა და საქმეთაგან აქვნდა წამებაი და კეთილად განეწვართნეს ხორცნი დამორჩილებად სულისა“. ე.ი. მათ ნაცვლად ასაკით და საქმით სარწმუნონი დავადგინეთ, რომელთაც ხორცი სულს დაუმორჩილესო. იურიდიული საფუძველი ეპისკოპოსების გადაყენებისა, ჩანს, ის ყოფილა, რომ „უღირსთა და უწესოთა მამულობით უფრო, ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსონი, ვითარცა ავაზაკთა და მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორებისკოპოსნი დაედგინნეს“. სწორედ აქედან გამომდინარეობდა ის, რომ „სახლით უფლისათ და მღვდელთაგან გამოვიდოდა ყოველი ურჯულოება და ცოდვა“.
ასეთი ტიპის სამღვდელოება იყო ძირითადი მოწინააღმდეგე მეფის გაძლიერებისა. აქ ასე იდგა საკითხი: ან ძლიერი ეკლესია და სუსტი საერო ხელისუფალი, ან ძლიერი ხელისუფალი და მისი მორჩილი ეკლესია. „იმუნიტეტმოპოვებულ და გაძლიერებულ ეკლესიას უკვე აღარ აწყობდა ძლიერი საერო ხელისუფალი. სახელმწიფო ცდილობდა ეკლესია თავის მოკავშირედ შეენარჩუნებინა. ისევე, როგორც საერო ფეოდალებში, ეკლესიაშიც სახელმწიფო ხელისუფლებას ჰყავდა თავისი მომხრენიც და მოწინააღმდეგენიც. დავითმა თავისი მომხრეების მხარდაჭერით შეძლო იმ დიდი ღონისძიებების გატარება, რომელიც რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ განახორციელა“. განაგრძეთ კითხვა
საეკლესიო კრების მიერ მიღებული კანონები ეხება ეკლესიის მსახურებს, მათ დანაშაულს, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს როგორც ეკლესიის მსახურმა, ისე ერისკაცმა.
- ძეგლისწერა გადაყენებულად აცხადებს უღირს მღვდელთმთავარს, მსახურს, რომელმაც სულისათვის ხორცი არ დათრგუნა;
- ეპისკოპოსი უნდა იყოს არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა, მღვდელი ოცდაათისა, დიაკონი ოცდახუთისა, „წიგნის მკითხველი“ კი რვა წლისა. ხელდასმა უნდა ხდებოდეს ჯერ უმცროს თანამდებობებზე, შემდეგ კი თანდათანობით უფროსზე;
- ხელდასმა და ეკლესიის კურთხევა უნდა ჩატარდეს გიორგი მთაწმინდელის განწესების მიხედვით;ძეგლისწერა კრძალავს ხელდასმას ქრთამით, ძღვენით;
- საეკლესიო ქონება, საჭურჭლე მხოლოდ დანიშნულებისამებრ უნდა იხმარებოდეს;
- ქორწინება, ნათლისღება, მონაზვნად განწესება ხდებოდა ეკლესიის მიერ განსაზღვრული წესით. გვირგვინის კურთხევა მხოლოდ ეკლესიაში უნდა შესრულებულიყო. ძეგლისწერა ორ ქორწინებაზე მეტს არ აღიარებდა;
- დაქორწინებისას ქალი უნდა ყოფილიყო არანაკლებ თორმეტი წლისა;
- კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთაგან უნდა შეირჩნენ ისეთები, რომლებიც გათვითცნობიერებულები არიან საქრისტიანო წესებში, უანგაროდ ემსახურებიან ეკლესიის საქმეს;
- მოძღვართა სიმრავლე მონასტერში განხეთქილების მიზეზს შემოიღებს, ამიტომ მათი რიცხვი უნდა განისაზღვროს: დიდ მონასტერში დასაშვებია ორი მოძღვარი, ხოლო პატარაში — ერთიც საკმარისია;
- იკრძალება ეკლესიაში ერისკაცთა მიერ სამოქალაქო და სასოფლო სამსახური;
- განმარტებულია ვის მიერ, სად და როგორ უნდა სრულდებოდეს ცოცხალთა და მიცვალებულთა ლოცვა;
- ძეგლისწერის მიხედვით, სომეხნი სარწმუნოებით მწვალებლები არიან და თუ სომეხი მართლმადიდებლობას აღიარებს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის ისეთი წესით უნდა მიიღოს, როგორი წესითაც წარმართს იღებს;
- იკრძალება მართლმადიდებლისა და წარმართის ქორწინება;
- აკრძალულია წარმომადგენლობითი ქორწინება (წარმომადგენლობითი ქორწინებისას, თუ შესაუღლებლები სხვადასხვა ადგილას არიან და მათი ერთად შეყრა ვერ ხერხდება, მაშინ გვირგვინის კურთხევის დროს საქმროს მაგიერ მისი წარმომადგენელი უნდა იყოს);