რატომ ეძებდა ჰიტლერი რუკაზე ჭიათურასა და ზესტაფონს? | Allnews.Ge

რატომ ეძებდა ჰიტლერი რუკაზე ჭიათურასა და ზესტაფონს?

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სამოცდათექვსმეტი წელი გავიდა, თუმცა იმ წლებში მეომარი მხარეების სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ოპერაციების ანალიზი კვლავ საინტერესოა. დღეს გერმანიის სპეცსამსახურების ანალიტიკური დანაყოფების საქმიანობის ამსახველ ერთ საინტერესო ეპიზოდს გავეცნოთ, რომელიც საქართველოს ეხება. ომი და საომარი ვითარება ის ექსტრემალური გარემოებაა, როდესაც ყველაზე კარგად ჩანს სპეცსამსახურების სიძლიერე და სისუსტე, მარცხი და გამარჯვება.

ოდითგან კამათის საგანი იყო და არის ოპერატიული და ანალიტიკური დანაყოფების მუშაობის შედარება. რომელია ძირითადი და უფრო მნიშვნელოვანი?

ოპერატიული დანაყოფების მუშაობა უფრო ჩანს და სახეზეა, ვიდრე - ანალიტიკურის. რომელი უნდა იყოს პრიორიტეტული სამსახურისთვის: "კაბინეტში ჩაკეტილი" ინტელექტუალი ანალიტიკოსები, რომლებიც ღია და ფარული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ოპერაციას გეგმავენ თუ "რემბო"-"ოპერატივნიკი", რომელმაც "ანალიტიკურისთვის" საიდუმლო ინფორმაციაც უნდა მოიპოვოს და ინტელექტუალების დაგეგმილი ოპერაციაც არ უნდა ჩააგდოს?

2017-07-29-ent-33177453-i2-1625989050.jpg

ეს თემა მესი-რონალდუს შედარებას წააგავს: რომელია უფრო ძლიერი? ყველას თავის არგუმენტი აქვს... მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნებიდან ეკონომიკის საომარ ყაიდაზე გადაყვანის პრობლემა ყველაზე მეტად დემოკრატიული ქვეყნების - აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წინაშე დადგა, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთის ტერიტორიაზე უშუალოდ საბრძოლო-სახმელეთო ოპერაციები არ მიმდინარეობდა.

ფაშისტურ-ბოლშევიკური ქვეყნები კი, რომელთა ეკონომიკა ცენტრალიზებულად მართვადია, როგორც წესი, ყოველთვის კარგად მომზადებული ხვდებიან ომს. ალბათ, იმიტომაც, რომ ომი, გარეშე "მტრის ხატი" და ახალი ტერიტორიების დაპყრობა, ამ რეჟიმების არსებობისთვის გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.

ფაშისტურ-ბოლშევიკური დიქტატორული რეჟიმების ეკონომიკა თავიდანვე მიმართულია ომების საწარმოებლად. დემოკრატიულმა ქვეყანამ კი უნდა შეასრულოს ძალზე რთული გადასვლა: თავისუფალი საბაზრო ეკონომიკიდან - ცენტრალიზებულად რეგულირებად ეკონომიკამდე. საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლები პრობლემა ჰქონდათ სხვა მეომარ ქვეყნებს: გერმანიას, საბჭოთა კავშირს, იაპონიასა და იტალიას.

ამ ქვეყნებს, სახელმწიფო მართვის დიქტატორულ-ტოტალიტარული ფორმის გამო, ათწლეულების მანძილზე ეკონომიკის ცენტრალიზებული მართვა (რაც ხანგრძლივი და გლობალური ომის დროს გამარჯვების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა) ადრევე დანერგილი და აპრობირებული ჰქონდათ. ირკვევა, რომ გერმანიის ეკონომიკა სრულად შეესაბამებოდა მის სამხედრო დოქტრინა "ბლიცკრიგს".

**

გერმანიის დაზვერვის მოხსენებიდან ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის ნაწილი, სადაც განხილულია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და მისი მნიშვნელობა მეორე მსოფლიო ომში. გელენი მემუარებში აღნიშნავს, რომ მათი ინფორმაციით საბჭოთა კავშირის მეტალურგიული მრეწველობა დიდად იყო დამოკიდებული ჭიათურიდან კავკასიური მანგანუმის მიწოდებაზე. ამასთან დაკავშირებით კავკასიის დაკარგვა გამოიწვევდა სსრკ-ში ფოლადის გამოდნობის მნიშვნელოვან შემცირებას. ხოლო მოლიბდენი-ვოლფრამის კონცენტრატის გადამუშავება ხდებოდა კავკასიის რეგიონში, უფრო ზუსტად - საქართველოში, ზესტაფონის მეტალურგიულ კომბინატში. გერმანელების გათვლებით ამ კომბინატის მწყობრიდან გამოყვანა (დაბომბვა ან დივერსია) გამოიწვევდა სამხედრო მრეწველობისათვის ძალზე საჭირო ლეგირებული ფოლადის გამოდნობის შემცირებას სულ მცირე 30 %-ით.

origin-1625989077.jpg

ასე რომ, გერმანიის სამხედრო დაზვერვის ანალიტიკოსებმა კი გათვალეს საბჭოთა კავშირის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის დასუსტების გზები, თუმცა დივერსიულმა დანაყოფებმა მათი განეიტრალება ვერ მოახერხეს. გერმანელებს სამხრეთ კავკასია ხელში რომ ჩაეგდოთ, საბჭოთა კავშირის მიერ თვითმფრინავების, ტანკების და საბრძოლო მასალის წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, რაც ომის ბედს საბოლოოდ გადაწყვეტდა. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ გელენის ამ მოხსენების გაცნობის შემდეგ ადოლფ ჰიტლერი დიდხანს ეძებდა რუკებზე მისთვის ეგზომ ეგზოტიკურ ჭიათურასა და ზესტაფონს. იხილეთ სრულად

myquiz