"თუ მაინც მომიწია ისტორიაში შესვლა, ჰერმან მეფე ძალიან ადამიანური და ჰუმანური მეფის სახელით შევა" - ვინ არის "გირჩის სამეფოს" მეფე ჰერმან საბო
"ყველაზე იდეალური სიტუაცია ის იქნება, არ დაგვჭირდეს მეტი ეპატაჟის გამოყენება, რომ ადამიანებმა ამ ეპატაჟის გარეშეც შეძლონ ჩვენი გამოყოლა. და თუ მაინც მომიწია ისტორიაში შესვლა, ჰერმან მეფე ძალიან ადამიანური და ჰუმანური მეფის სახელით შევა“, - მეუბნება და იმ გზაზე გვიამბობს, რომელიც "მეფედ კურთხევამდე“ განვლო. ყველაფერს, თუნდაც "გირჩთან“ გზის გადაკვეთასაც მის მიერ შექმნილ ერთ პოპულარულ "ფეისბუკგვერდს" "ასე იტყოდა ზარათუშტრა“ უმადლის. სამეფო კარის ინტრიგებზე არა, მაგრამ გვიყვება იმაზე, რომ 32 წლის განმავლობაში ბევრ სფეროს მოედო, ბოლოს კი თავი პოლიტიკაში იპოვა.
“ვინ, თუ არა გირჩის მეფე უნდა წარუძღვეს გირჩის ლაშქარს ადგილობრივ თვითმმართველობაზე“, - გამოაცხადა და საგანგებოდ ემზადება იმისთვის, რათა რაც შეიძლება მეტმა "გირჩელმა“ მოიყაროს თავი საკრებულოში. ჰერმან საბო და მისი თანაგუნდელები არც იდეებს უჩივიან, არც ორიგინალობა და ეპატაჟურობა აკლიათ და სხვა დანარჩენი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებული, არასტანდარტული იმიჯითა და საინტერესო იდეებით "საკმარისი რაოდენობის გულებამდე“ მიღწევას ცდილობენ.
"ბავშვობის მოგონებები უფრო დედულეთს უკავშირდება"
ჰერმან საბო ჩემი ნამდვილი სახელი და გვარია, წარმოშობით უნგრელი ვარ. ჩემი წინაპრები მეფის რუსეთის დროს ჩამოსულან საქართველოში. მართალია, ბევრი დოკუმენტი აღარ არსებობს, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ისინი ზაქათალის გუბერნატორები იყვნენ. დედა წარმოშობით სამაჩაბლოდანაა.
1988 წელს დავიბადე თბილისში. ქიაჩელზე ვიზრდებოდი. მამა თეატრის რეჟისორი იყო, დედა - მსახიობი და მოგეხსენებათ, იმ პერიოდში ხელოვან ადამიანებს განსაკუთრებით უჭირდათ. ჩემი და მსახიობი და დიზაინერი გახდა, მე - პოლიტიკურ მეცნიერებათა მკვლევარი, თუმცა აქამდე უამრავი პროფესიით მიმუშავია. ჩემი ბავშვობის მოგონებები უფრო დედულეთს, ცხინვალის რაიონს უკავშირდება - ყოველ ზაფხულს ულამაზეს სოფელ ვანათში ვატარებდი. სამწუხაროდ, იქ ახლა ვეღარ შევდივართ... დედა დღესაც ცხინვალის თეატრში მუშაობს, რომელიც თბილისშია გადმოსული. ბავშვობის ყვლაზე მძაფრი მოგონება იყო აგვისტოს ომი. იმ დროს სოფელში ვიყავით, მანქანები აღარ მოძრაობდა და მახსოვს, ჩვენმა ჯარისკაცებმა "ბეტეერით" გამომიყვანეს. ახლაც თვალწინ მიდგას ის კადრი - ტანკში რომ ვზივარ, გარეთ კი სროლებია. "გუგლმეფზე“ ვნახე და პაპა-ბებიის სახლი დამწვარია.
"ასე იტყოდა ზარათუშტრა"
დავამთავრე მე-7 გიმნაზია, ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და შემდეგ ჩავირიცხე უნივერსიტეტში. სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, უნივერსიტეტშიც დიდი ენთუზიაზმით ჩავაბარე, მაღალი ქულები მქონდა, თუმცა იმდენად არ მომეწონა სიტუაცია, რომ ლექციებზე არ დავდიოდი. ალბათ რასაც ველოდი, ის არ აღმოჩნდა. რადგან უნივერსიტეტმა ვერ მოახერხა ინტერესის გაღვივება, გამოვიდა ისე, რომ პოლიტიკური იდეოლოგიის მიმართულებით ჩემით გავიღრმავე ცოდნა. როგორღაც დავამთავრე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი.
იმ პერიოდში ოჯახში ძალიან გვიჭირდა და სწავლის პარალელურად, მუშაობა დავიწყე - თბილისში იყო ცნობილი იტალიური პიცის ქსელი "პრეგო“ და სამი წელი ოფიციანტად ვიმუშავე. სწავლის დასრულების შემდეგ, ჩემს მეგობრებთან ერთად თავი ბიზნესში ვცადე - პირველი ჰოსტელი თბილისში ჩემი და ჩემი მეგობრების იყო ("თბილის ჰოსტელი“, რომელიც ავლაბარში მდებარეობდა), სადაც ორწელიწადნახევარი გადაბმულად ვიმუშავე. ამასობაში, იქ ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი და ბევრი მეგობარი გავიჩინე მსოფლიოს მასშტაბით. მას შემდეგ, რაც თბილისში ბევრი ჰოსტელი გაიხსნა, ასე ვთქვათ, ჩვენ ჩაგვძირეს, მაგრამ მაინც კარგი იყო... შემდგომში ბევრ სფეროს მივედ-მოვედე, 2012 წელს გახსნიდან დახურვამდე, "მეცხრე არხში", შემდეგ "ტაბულაში“ გავაგრძელე მუშაობა.
იმ პერიოდში "ფეისბუქ-გვერდები" გახდა ძალიან პოპულარული და მეც გავაკეთე ერთი ასეთი - "ასე იტყოდა ზარათუშტრა“, რომელმაც ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ მისი დახმარებით სამსახური დავიწყე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ სარეკლამო სააგენტო Windfor's - ში "ქოფი რაითერად“ და დიდ კომპანიებს ვემსახურებოდი.
"ასე მოვხვდი "გირჩში“
ერთ საღამოს, ჩემი მეგობარი მწერს, ვიღაცებს შენთან გასაუბრება უნდათო. მივედი დათქმულ დროსა და ადგილზე და დამხვდა "ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული ოთხეული, რომლებსაც "გირჩის“ გაკეთება უნდოდათ. მითხრეს, ადამიანი გვჭირდება მედიასთან ურთიერთობისთვის და იქნებ, შენ შეითავსო ეს პოზიციაო. ასე წამოვედი "გირჩში“ და იმ დროიდან, როცა მას ჯერ "გირჩი“ არ ერქვა, 2015 წელს უკვე მათი გუნდის წევრი ვიყავი. "გირჩში“ მოხვედრაც "ფეისბუკგვერდმა" "ასე იტყოდა ზარათუშტრამ“ განაპირობა, აქედან გადაიკვეთა ჩვენი გზები.