რით განსხვავდება ვაქცინირებულებში განვითრებული კოვიდი არავაქცინირებულების დაავადებისგან | Allnews.Ge

რით განსხვავდება ვაქცინირებულებში განვითრებული კოვიდი არავაქცინირებულების დაავადებისგან

აცრილ ადამიანებში, დაავადება, ჩვეულებრივ, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და ორჯერ უფრო სწრაფად დგება გამოჯანმრთელება, ვიდრე აუცრელებში. ასეთი მონაცემები მიიღეს აშშ-ს რამოდენიმე სამედიცინო ცენტრის ახალი კვლევის შედეგად. სტატია გამოქვეყნდა თჰე New England Journal of Medicine-ში.

რადგანაც არც ერთი ვაქცინა არ იძლევა კოვიდისგან ასპროცენტიან დაცვას, დროდადრო ვაქცინირებული ადამიანებიც ავადდებიან. კვლევაში მონაწილე ოთხი ათასი ადამიანიდან, კოვიდის შემთხვევა აღენიშნა ხუთ სრულად ვაქცინირებულ და 11 ნაწილობრივ ვაქცინირებულ ადამიანს, მაშინ როდესაც აუცრელებში დარეგისტრირდა დაავადების 156 შემთხვევა. კვლევის აცრილი მონაწილეებს მიღებული ჰქონდათ Pfizer–BioNTech ან Moderna-ს წარმოების მ-რნმ ვაქცინის ერთი ან ორი დოზა.

მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ კოვიდით დაავადებულ ვაქცინირებულ ადამიანებში, ვირუსული დატვირთვა (ნაცხში ვირუსის ნაწილაკების კონცენტრაცია) 40%-ით ნაკლები იყო არავაქცინირებულებთან შედარებით.

მიჩნეულია, რომ ვირუსული დატვირთვა პირდაპირ კავშირშია დაავადების სიმძიმესა და გადამდებლობასთან.

ამას გარდა, აცრილი ადამიანები საშუალოდ, ორჯერ უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდნენ აუცრელებთან შედარებით. თუ აცრილებში დაავადება გრძელდებოდა მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, აუცრელებში დაავადებამ გასტანა ორი კვირა და მეტ ხანს. ინფექციის სიმპტომების შენარჩუნების რისკი ვაქცინირებულებში 66%-ით დაბალი იყო, მათთან შედარებით, ვისაც აცრა არ გაუკეთებია.

როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ ვაქცინაციის შემდეგ გადატანილი კოვიდს უფრო მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს. მაგალითად, ისეთი გავრცელებული სიმპტომის გამოვლენა, როგორიცაა ტემპერატურის მომატება, აცრილებში 58%-ით უფრო დაბალი იყო, აუცრელებთან შედარებით. საშუალოდ, ვაქცინაციის შემდეგ დასნებოვნებულები, საწოლში ატარებდნენ ორი დღით ნაკლებს, ვიდრე არავაქცინირებულები.