"მხოლოდ ერთი ნახტომი მაშორებდა თავისუფლებას"- დაუჯერებელი გაქცევა საბჭოთა კავშირიდან | Allnews.Ge

"მხოლოდ ერთი ნახტომი მაშორებდა თავისუფლებას"- დაუჯერებელი გაქცევა საბჭოთა კავშირიდან

საბჭოთა კავშირიდან, როგორც ციხიდან ტუსაღები, ისე ცდილობდნენ თავისუფლებისმოყვარე ადამიანები თავის დაღწევას. ისტორიას გაქცევისა თუ მისი მცდელობის არაერთი მაგალითი შემორჩა, თუმცა ერთი მათგანი მართლაც რომ ყველასგან გამორჩეულია.

1974 წლის 13 დეკემბერს მოხდა, შეიძლება ითქვას, ყველაზე ფანტასტიკური გაქცევა "დიადი" საბჭოეთიდან.

გემი "საბჭოთა კავშირი" ასრულებდა კრუიზს წყნარ ოკეანეში ვლადივასტოკიდან ეკვატორამდე და უკან, საბჭოთა ტურისტები 20-დღიან ვოიაჟს გადიოდნენ ისე, რომ გემი არცერთი უცხო ქვეყნის პორტში არ შედიოდა, შესაბამისად, მოგზაურებს არც ვიზის გაფორმება სჭირდებოდათ. მეცნიერ-ოკეანოლოგ სტანისლავ კურილოვისთვის, რომელსაც საბჭოთა კავშირდან გასვლა აკრძალული ჰქონდა, ეს ერთადერთი შანსი იყო გაეღწია საბჭოთა კავშირის საზღვრებიდან და ქვეყნიდან გაქცევის ოცნება აეხდინა.

5bf809fb15e9f902034ecd36-1625220375.jpg

გემ "საბჭოთა კავშირიდან" გაქცვის შესაძლებლობის, კურილოვის გარდა, არავის სჯეროდა.

"მხოლოდ ერთი ნახტომი მაშორებდა დიდებულ თავისუფლებას, არაფერი იყო საფიქრალი, თუმცა დღე ამის გაკეთება გაჭირდებოდა, ღამე - ესაა დროს გაქცეულებისთვის! ღამე გარბიან ციხეებიდან... მეც ციხიდან გავიქეცი" - დაწერა უკვე წლების შემდეგ კურილოვმა თავის დოკუმენტურ რომანში " მარტო ოკეანეში".

ბევრი მართლაც არ უფიქრია, ერთი ნახტომი და ის წყნარ ოკეანეში იყო, მან ცურვით გადალახა თითქმის ასი კილომეტრი, რომ როგორმე მიეღწია ფილიპინების კუნძულ სიარგაომდე, მის ეკიპირებას შეადგენდა მხოლოდ ლასტები, წყლის სათვალე და სასუნთქი მილი, წყლისა და საჭმლის გარეშე ოკეანეში მიცურავდა სამი ღამე და ორი დღე. გაქცევისას ის 38 წლის იყო.

როდესაც ხომალდზე მისი გაუჩინარება აღმოაჩინეს, არც დაეჭვებულან, რომ ის დაიღუპებოდა, თუმცა შეცდნენ...

გაქცევის შემედგ ის სხვა და სხვა დროს ამერიკასა და კანადაში ცხოვრობდა, საბოლოოდ კი დაქორწინდა რა ისრაელის მოქალაქეზე, სწორედ ამ ქვეყანაში დაფუძნდა.

kurilov-1625220429.jpg

ამ საქციელის შემდეგ, მეცნიერს საბჭოთა კავშირში დაუსწრებლად მიუსაჯეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ბრალდებით "სამშობლოს ღალატი".

ოკეანოლოგი არ ნანობდა თავის საქციელს, მან აისრულა ყველაფერი რაზეც ოცნებობდა, მიიღო მონაწილეობა არაერთ ექსპედიციაში, შეისწავლა სხვადასხვა ოკეანისა თუ ზღვის ფლორა და ფაუნა, იმოგზაურა ჩრდილოეთ პოლუსზეც.

სლავა კურილოვი 1998 წლის 29 იანვარს მორიგი წყალქვეშა ექსპედიციისას მომხადრი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.