დაუჯერებელი გაქცევა აღმოსავლეთ გერმანიიდან - საშიში გეგმა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პატარა მანქანით განხორციელდა | Allnews.Ge

დაუჯერებელი გაქცევა აღმოსავლეთ გერმანიიდან - საშიში გეგმა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პატარა მანქანით განხორციელდა

კედლით ორად გაყოფილ გერმანიას, გაქცევის უამრავი ისტორია ახსოვს, ბევრი ტრაგიკული - თავისუფლების წყურვილს 140 ადამიანი ემსხვერპლა, უმეტესობა აღმოსავლეთ გერმანიის საზღვრის დაცვამ მოკლა...

თუმცა, ისტორიამ შემოგვინახა გასაოცრად იღბლიანი გაქცევის ისტორიებიც. სწორედ ერთ-ერთ ასეთზე უნდა გიამბოთ დღეს - გიჟურ გეგმაზე, რომელიც ორმა მეგობარმა ჩაიფიქრა, განახორციელა და თავისუფლებაც მოიპოვა.

ყველაფერი 1962 წელს დაიწყო, როცა მანფრედ კოსტერი აღმოსავლეთ გერმანიის ჯარში გამოიძახეს. კოსტერი პაციფისტი იყო და აღმოსავლეთ გერმანიის პოლიტიკურ წყობას ეწინააღმდეგებოდა, სწორედ ამიტომ გაქცევაზე ფიქრი დაიწყო, თუმცა როგორ შეასრულებდა ამ მეტად რთულ საქმეს, ჯერ არ იცოდა...

isettasmall-1624874760.jpg

კოსტერის მეგობარი კლაუს გუნტერ იაკობი კედლის მეორე მხარეს, დასავლეთ გერმანიაში ცხოვრობდა. კოსტერის ძმა ჰანსიც დასავლეთ გერმანიის მობინადრე იყო და როცა ძმას აღმოსავლეთში ესტუმრა, მანფრედმა მისი ID ბარათით ისარგებლა და ერთი ღამით გადავიდა დასავლეთ ბერლინში მეგობარ იაკობთან. სწორედ მაშინ დაგეგმეს მეგობრებმა გაქცევის წარმოუდგენელი სქემა: მანფრედ კოსტერი აღმოსავლეთ გერმანიიდან კედელს "ისეტათი" - მსოფლიოს ყველაზე პატარა მანქანით გადალახავდა.

გეგმა თითქმის აბსურდული იყო, მაგრამ არა კლაუს გუნტერ იაკობისთვის, რომელიც ავტომოყვარული და მექანიკოსი გახლდათ. ის ავტოინსტრუქტორად მუშაობდა და ჰქონდა წვდომა გარაჟსა და ხელსაწყოებზე. პირველ რიგში, იაკობმა მანქანის საბარგულის თარო 10 სანტიმეტრით ისე აამაღლა, რომ ის შეუმჩნეველი ყოფილიყო. ამასთან, მან მანქანას ამოაცალა სათადარიგო საბურავი, ჰაერის ფილტრი, გადააადგილა გამონაბოლქვის მილი და დაუპატარავა ბაკი - ამ ყველაფერმა მძღოლის სკამის უკან სივრცე გააჩინა.

...და ჯარში გაწვევამდე ერთი კვირით ადრე 1,75 სიმაღლის კოსტერი Isetta-ში ჩაეტია!

isettaescape-1624874760.jpg

თუმცა, ახალი პრობლემა წარმოიშვა - იაკობმა გამოყვანის ოპერაციაში ჩართვა ვერ შეძლო და მეგობრებს სამი სტუდენტი დაეხმარათ - ერთი საჭესთან, ორი კი უკან გაჰყვათ "ფოლკსვაგენით". თავდაპირველად, სტუდენტი, რომელიც "ისეტას" საჭესთან იჯდა, კედელთან მისვლამდე გამოეთიშა ოპერაციას - შეეშინდა. კოსტერის გამოხსნის ოპერაცია ორმა სტუდენტმა გააგრძელა, მათგან ერთ-ერთი დაჯდა მიკრო მანქანის საჭესთან.

1963 წლის 23 მაისი. წვიმიანი საღამო. აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის საზღვართან Isetta დგას მანქანების გრძელ რიგში და შეიარაღებული ჯარისკაცების შემოწმებას ელოდება. საზღვრის დაცვის ძაღლები ყეფენ, პატარა მანქანის მძღოლი და სავარძლის უკან დამალული მგზავრი სუნთქვაშეკრულნი ელიან, როდის გადალახავენ საზღვარს თავისუფლებისკენ... იქ კი, თავისუფალ ბერლინში კლაუს გუნტერ იაკობი დგას, სიგარეტს სიგარეტზე ეწევა და ელის, როდის გამოჩნდება საზღვარზე მისი Isetta...

საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ, Isetta-მ და მის უკან მომავალმა "ფოლკსვაგენმა" საზღვარი გადმოკვეთეს. მანფრედ კოსტერმა თავისუფლება მოიპოვა, კლაუს გუნტერ იაკობის თავზეხელაღებული, გენიალური გეგმა შედგა!

isettagunter-1624874760.jpg

იმ ორმა სტუდენტმა, რომელმაც კოსტერის გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა, კიდევ რამდენიმე გაქცევის ოპერაცია შეასრულა, ამჯერად სხვა Isetta-ს, თუმცა იმავე პრინციპის საშუალებით. მსოფლიოს ყველაზე პატარა მანქანით, ბერლინის კედლიდან გამოქცევით ცხრა ადამიანმა მოიპოვა თავისუფლება.

myquiz