ვინ არის ჩრდილოეთ კორეის იდუმალებით მოცული პირველი ლედი, რომლის წარსულის დამალვასაც გულმოდგინედ ცდილობენ | Allnews.Ge

ვინ არის ჩრდილოეთ კორეის იდუმალებით მოცული პირველი ლედი, რომლის წარსულის დამალვასაც გულმოდგინედ ცდილობენ

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა, რომლის შესახებაც ბევრი არაფერია ცნობილი. სწორედ ამიტომ, ეს ქვეყანა და იქ მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ.

ამჯერად დიქტატორ კიმ ჩენ ინის ცოლს, ჩრდილოეთ კორეის პირველ ლედის, რი სოლ ჯუს გაგაცნობთ. თავდაპირველად, მას ჩრდილოეთ კორეის მედიაში "ამხანაგს" უწოდებდნენ, ხოლო 2018 წლიდან ტიტული უფრო სოლიდური გახდა და ოფიციალურ შეხვედრებზე მას წარადგენდნენ როგორც "პატივცემულ პირველ ქალბატონს", გარდა ამისა, მან 2018 წლიდან დიპლომატიური მოვალეობების შესრულებაც კი დაიწყო.

risol2-45278-1623054833.jpg

რი სოლ ჯუს შესახებ ოფიციალური წყაროებიდან ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა დასავლური მედიამ გარკვეული ინფორმაცია მაინც მოიპოვა. ზოგიერთი მკვლევარის შეფასებით, მისი სახელი ფსევდონიმია. უცნობია მისი დაბადების ზუსტი თარიღი, სავარაუდოდ 1985-1989 წლების პერიოდში უნდა დაბადებულიყო. გავრცელებული ინფორმაციით, რის ოჯახი პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენს.

ამბობენ, რომ მან დაამთავრა ფხენიანის საშუალო სკოლა, ხოლო შემდეგ სწავლობდა ჩინეთში, სადაც ვოკალური მუსიკის განხრით მიიღო განათლება. არსებული ინფორმაციით, რი კიმ ჩენ ინზე დაქორწინებამდე ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ორკესტრში მომღერალი იყო. ახლა კი ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები მისი წარსულის წაშლას ცდილობენ, რადგანაც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის ცოლად შერთვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერისთვის შეუფერებლად მიიჩნევა.

risol3-45299-1623054887.jpg

ცნობილია, რომ 2005 წელს რი სამხრეთ კორეას ეწვია აზიის მძლეოსნობის ჩემპიონატის ფარგლებში და ის იყო ჩრდილოეთ კორეის გუნდის საგულშემატკივროდ წასულ 90 მომღერალს შორის.

BBC-ის თანახმად, კიმ ჩენ ინის მამამ ვაჟის ქორწინება ნაჩქარევად მოაწყო მას შემდეგ, რაც 2008 წელს ინსულტი გადაიტანა. კიმი და რი სოლ ჯუ 2009 წელს დაქორწინდნენ. სავარაუდოდ, პირველი შვილი, ვაჟი წყვილს 2010 წელს შეეძინა. 2012 წლის დეკემბერში გავრცელდა ცნობები, რომ რი ორსულად იყო, თუმცა ამ საკითხზე ჩრდილოეთ კორეაში კომენტარი არავის გაუკეთებია.

2013 წლის მარტში NBA-ის ყოფილი კალათბურთელი, დენის როდმანი ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინს სტუმრობდა და როდესაც დაბრუნდა, ბრიტანულ ტაბლოიდს The Sun-ს ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ რისა და კიმს ჯანმრთელი გოგონა შეეძინათ. მანვე აღნიშნა, რომ გოგონას კიმ ჯუ აე დაარქვეს. როდმანის თქმით, კიმ ჩენ ინს შესანიშნავი ოჯახი აქვს და ის კარგი მამაა.

risol4-45330-1623054964.jpg

სამხრეთ კორეის დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის პირველ პირს 2017 წელს მესამე შვილი შეეძინა, თუმცა ბავშვის სქესი ცნობილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლამდე საზოგადოებისთვის კიმ ჩენ ინის ქორწინების შესახებ არაფერი იყო ცნონბილი. 2012 წელს კი, რი რამდენჯერმე გამოჩნდა საჯაროდ კიმ ჩენ ინის გვერდით, რამაც გამოიწვია სპეკულაციები, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის. 2012 წლის 25 ივლისს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადა, რომ ეს ქალი სინამდვილეში კიმის ცოლი იყო. "ის არის ჩვენი ლიედრის კიმ ჩენ ინის ცოლი, ამხანაგი რი სოლ ჯუ“, - განაცხადა მედიამ.

risol6-45372-1623055054.jpg

2012 წლის სექტემბერში კიმ ჩენ ინის ყოფილმა პირადმა შეფ მზარეულმა კენჯი ფუჯიმოტომ, თქვა, რომ ის შეხვდა რის და ქალი ასე აღწერა: "ის უბრალოდ ისეთი მომხიბვლელია, არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე. მისი ხმა ისეთი ხავერდოვანია“, - ამბობდა ფუჯიმოტო.

2012-2014 წლებში რი პერიოდულად ჩნდებოდა საჯაროდ თავისი ქმრის გვერდით, თუმცა ამის შემდეგ, 2018 წლამდე ის აღარავის უნახავს. 2018 წელს მან დიპლომატიური როლი მოირგო, როდესაც ქმართან ერთად ჩინეთს ეწვია. ასევე 2018 წელს კორეის გაერთიანებულ სამიტს დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მას უკვე ჩრდილოეთ კორეაში "ამხანაგს" აღარ უწოდებენ და მოიხსენიებენ როგორც "ჩრდილოეთ კორეის პატივცემულ პირველ ლედის".