"პომპეუსის ხიდის" რეალური ისტორია - რა არ ვიცით წყალქვეშა ძეგლზე, რომელიც წელიწადში რამდენიმე დღით ჩანს | Allnews.Ge

"პომპეუსის ხიდის" რეალური ისტორია - რა არ ვიცით წყალქვეშა ძეგლზე, რომელიც წელიწადში რამდენიმე დღით ჩანს

გასულ კვირაში კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის დავალებით, "ენერგო პრო ჯორჯიამ" ზაჰესის წყალსაცავიდან რამდენიმე დღით მტკვარი გაუშვა, რის შედეგადაც, წყლიდან ე.წ. პომპეუსის ხიდი გამოჩნდა. მინისტრის თქმით, მცხეთელები მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდნენ ხიდზე არქეოლოგიური სამუშაოს წარმოებას და საჭიროების შემთხვევაში მის გამაგრებას.

2-3 დღის განმავლობაში, სანამ წყალს ისევ შეაგუბებდნენ, ძეგლს მცენარეები მოშორეს, გაწმინდეს და პირველადი არქეოლოგური სამუშაოები ჩაატარეს. თეა წულუკიანის ინფორმაციით, სამომავლოდ იგეგმება უფრო მასშტაბური სამუშაოებიც ხიდზე, მათ შორის, მისი კონსერვაცია.

თუმცა, ძეგლის კონსერვაციის იდეა უცნაურად ეჩვენება ისტორიკოსების ნაწილს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიაუნის პროფესორი პაატა ბუხრაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მიზნით ხარჯების გაღება უშედგო იქნება, რადგანაც ხიდი ძირითადად წყლით არის დაფარული.

"რა არის კონსერვაცია? ეს არის ძეგლის დაფიქსირება და შენახვა. კონსერვირებული ძეგლი უნდა ჩანდეს. ამასწინათ ორთაჭალჰესიდანაც გაუშვეს მტკვარი და მეტეხის ტაძრის ქვემოთ გამოჩნდა მოშლილი ქარვასლების საძირკველი. მაშინ ისიც დააკონსერვონ. ასე ბევრ ადგილზე არის საინტერესო ძეგლები წყალში მოქცეული და ამაზე ხარჯების გაღებას სჯობს ის გადაარჩინონ, რაც ჩანს და ვხედავთ, რომ ინგრევა" - ამბობს allnews.ge-სთან საუბარში პაატა ბუხრაშვილი.

ე.წ. პომპეუსის ხიდი, რომელსაც "მოგვთა ხიდსაც" უწოდებენ, მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე დღეს არსებული და მოქმედი გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს და დაფარულია მდინარეში. ის ძირითადად გაზაფხულზე ჩნდება, როცა მტკვრის დონე დაბლა იწევს.

ისტორიკოსებისთვის სადავოა ხიდის წარმომავლობის საკითხიც, რომელიც სულაც არ უკავშირდება პომპეუსის სახელს და რეალურად, მისი სახელი ლეგენდის ნაწილია - სტორიული წყაროების მიხედვით, ახლანდელი "პომპეუსის ხიდი" სულაც არ არის პომპეუსის, რადგანაც ხიდი მეცხრამეტე საუკუნეშია აშენებული რუსი მშენებელის, გვარად ტერმინის მიერ.

1839-1841 წლებში ააშენეს მაღალი ოთხმალიანი ქვის თაღოვანი ხიდი (მშენებელი - ინჟ-პოლკოვნიკი ტერმინი - ვკითხულობთ "საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაში“ (თბილისი, 1990 წელი, გვ. 253). ამავე წყაროს მიხედვით, მანამდე ამ ხიდის ადგილზე იყო გვიან შუა საუკუნეების ქვის ხიდი, რომელიც დაშალეს ამ ახალი (1839-1841) ხიდის მშენებლობისას. ისტორიკოს პაატა ბუხრაშვილის თქმით, იმ ხიდის ადგილას, რომელსაც ახლა "პომპუსის ხიდად" ვიცნობთ ხიდი ჯერ კიდევ ძვ. წ. IV-III საუკუნეებში, ანუ პომპეუსამდეც არსებობდა. მისივე განმარტებით, ისტორული წყაროები ნამდვილად ადასტურებენ, რომ ამ ადგილას პომპეუსმაც ააგო ხიდი, თუმცა ის ხის უნდა ყოფილიყო და წარმოუდგენელია აქამდე მოეღწია.

"პომპეუსის ხიდად რომ მოიხსენიებენ, ალბათ მეტი პოპულარიზაცია უნდათ შესძინონ ამ ძეგლს და ამიტომაც, თორემ ამ ადგილას ხიდი მანამდეც იყო, ხოლო ახლანდელი ხიდი პომპეუსისი კი არა, რუსი მშენებლის მიერ არის აგებული მეცხრამეტე საუკუნეში. რაც შეეხება რომაელ იმპერატორთან ამ ძეგლის დაკავშირებას, ისტორიულ წყაროებში ასეა აღწერილი: პომპეუსი მითრიდატეს ებრძოდა, სურდა დაემარცხებინა და მოსდევდა მას. მითრიდატე შემოვიდა მცხეთაში თავისი ამალით, მას შემოჰყვა პომპეუსიც. იმ ადგილზე, სადაც ახლანდელი ხიდია, იყო ხის ხიდი, რომელზეც გადავიდა მითრიდატეს ლაშქარი და შემდეგ დაწვა ხიდი, რათა პომპეუსი ვერ გადასულიყო. ამის შემდეგ, რომაელები იძულებულნი გახდნენ ახალი ხიდი აეშენებინათ და მითრიდატეს დადევნებოდნენ. ასეც მოხდა. მაგრამ მათი აშენებული ხიდი ხის უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ცნობილია, რომ ბრძოლებში ისინი ყოველთვის ხის ხიდებს აშენებდნენ - ისინი ადვილი ასაგები იყო, ნაკლებ დროსა და ხარჯთან დაკავშირებული. თანაც, ერთჯერადი გამოყენებისთვის სრულიად საკმარისი" - გვეუბნება ისტორიკოსი.

ავტორი: თინათინ ზვიადაძე