"67 წლის ვიყავი, სირბილი რომ დავიწყე. რაც ასაკი მემატება, ჯანმრთელობა მიუმჯობესდება - რაც ადრე მტკიოდა, ისიც გამიქრა" | Allnews.Ge

"67 წლის ვიყავი, სირბილი რომ დავიწყე. რაც ასაკი მემატება, ჯანმრთელობა მიუმჯობესდება - რაც ადრე მტკიოდა, ისიც გამიქრა"

ჰენრი კუპრაშვილის ტიტულებისა და სპორტული მიღწევების სია­ ძალიან ვრცელია. ბიატლისტი,­ ტრიატლისტი, ყინულჭრილში ცურვის არაერთი ჩემპიონატის მონაწილე, არაერთგზის ჩემპიონი­ სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სხვადასხვა დისტანციის გარბენებში, მარათონებში, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩი - ეს მისი მიღწევების არასრული ჩამონათვალია და ძნელია გამორჩევა, რომელში­ უფრო წარმატებულია. ჰენრი კუპრაშვილმა გააცოცხლა ცურვის ქართული სტილი და საფუძველი ჩაუყარა უნიკალური კოლხურ–იბერიულ-მხედრული მეთოდით ცურვის სწავლა-განვითარებას.

სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს და ახალი წესით ცურვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ის ითვლება პირველ ქართველ საერთაშორისო მარათონელ მოცურავედ და ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორია. დაგეგმა იმავე ყაიდით ბოსფორის, გიბრალტარის და ლა-მანშის სრუტეების გადაცურვა.

mcuravi2-1622359955.jpg

მსოფლიოს ცურვის ისტორიასა და რეკორდების წიგნში "დარდანელის სრუტის გმირის" სახელით შევიდა მას შემდეგ, რაც 2002 წლის 30 აგვისტოს კაცობრიობის ისტორიაში პირველად ოთხგან ხელფეხშეკრული კოლხურ-მხედრული სტილით დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში 12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. ამ მიღწევამ მსოფლიო მედია შემოიარა და მას "დარდანელის გმირი", "ადამიანი-დელფინი" და "წყლის პრომეთე" უწოდეს. კოვიდპანდემიის გამო საერთაშორისო შეჯიბრებებში ვეღარ მონაწილეობს, თუმცა ცხოვრების ტემპი წუთითაც არ შეუნელებია.

-2020 წლიდან არაერთი შეჯიბრება ჩაიშალა. შვეიცარიაში უნდა წავსულიყავი.­ როგორც შარშანწინ, წელსაც თავიანთი­ ხარჯით მივყავდი. პირველი ქართველი "ოუშენ მენი", ოკეანის კაცი ვარ. დამაჯილდოვეს და წელსაც კარგ ამბებს ველოდი.­ მისი დასრულების შემდეგ გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყებოდა ჩემს ასაკობრივ­ ჯგუფში სროლაში, ცურვასა და სირბილში, მაგრამ პანდემიამ ჩაგვიშალა...­ შემოდგომაზე თბილისში ღია წყალზე საერთაშორისო შეჯიბრება უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ესეც გადაიდო...

მომავალი წლის მარტში რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთის ქალაქ პეტროზავოდსკში ყინულჭრილში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. მასში არაერთგზის მსოფლიო ჩემპიონი ვიაჩესლავ ტიხონოვი მონაწილეობს, მაგრამ ახლა მასზე უკეთეს­ ფორმაში ვარ და თუ წასვლა შევძელი, ვფიქრობ, ჩემპიონი გავხდები.

ყინულჭრილში ცურვა საკმაოდ რთულია. ამ სახის ჩემპიონატში, ძირითადად, ჩრდილ­ოეთის ქვეყნების წარმომადგენლები­ მონაწილეობენ... ისინი დაბადებულ­-გაზ­რდილი არიან ცივ კლიმატში, ჩვენთან კი ტბა არც იყინება.­ ლისის ტბა წელიწადში ერთხელ ან იყინება, ან არა და მაშინ უნდა მოვასწრო ბუნებრივ პირობებში ვარჯიში, რაც საკმარისი არ არის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. კიდევაც რომ გაიყინოს, ყინულმჭრელიც არა გვაქვს. ყინული ხერხით უნდა გაიჭრას, ცურვისთვის გრძელი დერეფანი გაკეთდეს... შარშან ბიჭებმა, რომლებიც ლისის ტბაზე მუშაობენ, ამომიჭრეს ყინული. ვერ გავცურე, მხოლოდ ჩავყვინთე, მაგრამ მაინც კარგია, ორგანიზმს მაინც შევაჩვევ ჩემპიონატისთვის. ყინულჭრილში 25-მეტრიან აუზს აკეთებენ და სპორტსმენები ერთმანეთს ცურვის კლას­იკურ სახეობებში, ბატერფლაიში,­ კროლსა და ბრასში ვეჯიბრებით. გადახტ­ომა არ შეიძლება, კიბით ჩავდივართ წყალში.­

ყინულქვეშ 2-3 გრადუსია. პირველად ფინეთში 2014 წელს წავედი, ლაპლანდიაში, და ვხუმრობდი, ნამდვილი სანტა კლაუსი გავიცანი-მეთქი...

unnamed-1622360059.jpg

- მანამდე შეჯიბრებისთვის სად ემზადებოდით?

- 2013 წელს "ლაგუნა ვერე" ჯერ კიდევ­ მუშაობდა. ადმინისტრაცია მიმართავდა ხელს, ზამთარში 50-მეტრიანი აუზი არ დაცალა, რომ გაყინულიყო და მევარჯიშა.

67 წლის ვიყავი, სირბილი რომ დავიწყე. ჩემპიონმა მაია აზარაშვილმა დამაწყებინა ფინეთიდან დაბრუნების შემდეგ. მსოფლიო რბენამდე ერთი თვე იყო დარჩენილი. მითხრა, სცადე, დარწმუნებული ვარ, გამოგივაო. მართლაც სულ ერთ თვეს ვივარჯიშე და 12 კილომეტრი გავირბინე. ყინულჭრილში ცურვაც იმავე წელს დავიწყე. ცურვა ხომ სასარგებლოა ადამიანისთვის, ყინულჭრილში ცურვა კი - ბევრად სასარგებლო. ყოველ ჯერზე იმუნური სისტემა ძლიერდება. კოლხურ-მხედრულ ცურვას, როდესაც ადამიანი ხელ-ფეხშეკრული ცურავს და წყლის ქვეშ დელფინისებრ მოძრაობებს ასრულებს, ძველად ქართველები მეომრებს ასწავლიდნენ. ბავშვობა სამეგრელოში, ანაკლიასა და ერგეტაში მაქვს გატარებული. იქ მამიდა იყო გათხოვილი. მისი მამამთილი, ლევან ქურსუა, თავისი განუყრელი ალუბლის ხისგან გამოთლილი ჩიბუხითა და თეთრი წვერით, ჩემს მეხსიერებას ნათელ მოგონებად შემორჩა. მას ბაბუას ვეძახდი. მაშინ არც ტელევიზორი და ინტერნეტი არ იყო, იმ ჭარმაგ კოლხ კაცს შემოვუსხდებოდით და გვიყვებოდა, რაც მის მეხსიერებას გადმოცემით შემორჩა. ანაკლია დიდი ხნის განმავლობაში ოსმალეთის ბაზარზე გასაყიდი ქართველი ტყვეების ცენტრად ითვლებოდა.

henri-kuprashvili-the-winter-swimming-2014-1622360156.jpg

ადამიანებს ხელფეხშეკრულს დაყრიდნენ სანაპიროზე, სანამ გემი ნაპირს მოადგებოდა ან ტვირთს ჩამოაცლიდნენ. მათ ერთი კაცი დარაჯობდა, ხმელეთისკენ მიმავალ გზას აკონტროლებდა, რომ არ გაქცეულიყვნენ, ზღვაზე ვინმეს გაქცევას არც იფიქრებდა. სწორედ მაშინ ჩაეყარა ცურვის ამ სახეობას საფუძველი - ხელფეხშეკრული ტყვეები ნავიდან ან გემიდან ზღვაში გადაგორდებოდნენ და გაცურვას ცდილობდნენ. ასე, უამრავი ტყვე გადაურჩა სტამბოლის ბაზარზე გაყიდვას - კილომეტრებს მიცურავდნენ. ამის ცოდნას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და მამები თუ ბაბუები ბავშვებს ცურვის ამ სახეობას პატარაობიდანვე ასწავლიდნენ.

განაგრძეთ კითხვა