"არ არის ტყვია, რომელიც მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა" - ბრძოლა, მარცხი, ემიგრაცია, მაწვნის წარმოება და ოცნება სამშობლოზე
"არ არის ტყვია რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა", - ეს სიტყვები ეკუთვნის გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომელსაც დღეს, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენეს.
გენერალი გიორგი კვინიტაძე ქართული გენერალიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო წარმომადგენელია. მისი სამხედრო ტალანტი ყველაზე ნათლად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში გამოვლინდა და სამშობლოს დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად მისი სამხედრო კარიერა დასრულდა კიდეც. სწორედ იგი სარდლობდა უკანასკნელ ომში საბჭოთა რუსეთთან დემოკრატიული რესპუბლიკის არმიას და მარცხთან ერთად მზად იყო საკუთარი სიცოცხლეც თვითმკვლელობით დაესრულებინა. ჯერ კიდევ მთავარსარდლად ერთი დღის დანიშნული გენერალი, იმ პირობებში, როდესაც ჯარი თითქმის არ ჰყავდა და რუსები თბილისს მოსდგომოდნენ, უთქვამს, - ტყვიას დავიხლი შუბლში, ვიდრე მტერს დედაქალაქს უბრძოლველად დავუთმობო.

ბიოგრაფია
გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაღესტანში, პოლკოვნიკ ივანე კვინიტაძის ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუაც და მამაც სამხედროები იყვნენ, ამიტომ გიორგის ბედი პატარაობაშივე გადაწყდა, მას მამის მსგავსად რუსეთის არმიაში უნდა ემსახურა. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 10 წლის გიორგი ტფილისის კადეტთა კორპუსში მიაბარეს, საიდანაც სწავლა პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელში განაგრძო და წარმატებით დაამთავრა კიდეც ოფიცრის წოდებით.მიუხედავად რუსეთში მსახურობისა, საქართველოს ისტორიაში იშვიათად თუ შეხვდებით მსგავს პატრიოტს და სამშობლოსთვის თავდადებულ მებრძოლს, როგორც გიორგი კვინიტაძე გახლდათ.
ალბათ ეს იმის დამსახურებაცაა, რომ მამა პატარაობიდანვე ცდილობდა გაეღვივებინა მასში სამშობლოს სიყვარული და მართლაც, მისგან მისაბაძი მეომარი და ნამდვილი პატრიოტი დადგა.1905-1917 წლამდე გიორგიმ მრავალი ჯილდო მიიღო ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) და პირველ მსოფლიო ომებში (1914-1918). მკაცრმა აღზრდამ, დისციპლინამ და ფრონტზე ბრძოლამ დიდი გამოცდილება შესძინა მას.

დაბრუნება სამშობლოში
1917 წელს გენერალი კვინიტაძე სამშობლოში დაბრუნდა. მან მიზნად დაისახა რეგულარული ქართული არმიის შექმნა და გაწვრთნა. 1918-1921 წლებში გენერალი კვინიტაძე დამოუკიდებელ საქართველოს საბჭოთა რუსეთისგან იცავდა, მან ბოლშევიკების მეთაურობით დაგეგმილი არაერთი აჯანყება და ამბოხი ჩაახშო, რითაც გაახანგრძლივა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა. 1919 წელს გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით, თბილისში დაარსდა იუნკერთა ქართული ორწლიანი სასწავლებელი. 1921 წლის 14 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქართული ჯარის მთავარსარდლად დანიშნა გენერალი გიორგი კვინიტაძე.
იგი თავისი საქმის უბადლო მცოდნე და პროფესიონალი იყო. საოცრად დიდ პასუხიმგებლობას გრძნობდა ქვეყნის და ხალხის წინაშე. ამიტომ აოცებდა სოციალ-დემოკრატების დამოკიდებულება საქმისადმი. მუდმივად უკმაყოფილო იყო სამხედრო სფეროში მიმდინარე მოვლენებით, უწესრიგობითა და არაკეთილსინდისიერი ადამიანების დაწინაურებით. სწორედ ამიტომ, არაერთხელ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. თუმცა კრიტიკულ მომენტში მუდამ გვერდით ედგა საქართველოს და იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდბლობისთვის. ნოე ჟორდანია იგონებდა - "როცა რუსები თავს დაგვესხენ, მთავარსარდლად დავნიშნე გენერალი კვინიტაძე, აქტიური, სწრაფი, მოქმედი, მხოლოდ ჯიუტი და მიუკარებელი“.
“ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი..."
გენერალ კვინიტაძეს საბჭოთა რუსეთის სამხედრო დაზვერვა ასე ახასიათებდა: “ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა - აღტყინება, შეტევა, ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზე ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრული უშიშრობა; იცის მასების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა”.

ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად
ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობის შესანრჩუნებლად
ქართულმა არმიამ თბილისთან გამართული ერთკვირიანი გმირული ბრძოლების შემდეგ დედაქალაქი დატოვა. პოზიციების შენარჩუნება ვერც მცხეთასთან და ვერც გორთან ვერ მოხერხდა და მცირე არიერგარდული ბრძოლებით სამხედრო შენაერთებმა ხაშურისა და ლიხის ქედისკენ დაიხიეს. სწორედ აქ დაგეგმა გენერალმა კვინიტაძემ საბჭოთა რუსეთის არმიის დაჯგუფების ავანგარდზე იერიშის მიტანა, მათი ალყაში მოქცევა და განადგურება. თბილისის აღების შემდეგ, რუსებმა შექმნეს ბათუმის მიმართულების ჯგუფი, რომელშიც შედიოდა 4 მსროლელი და 4 ცხენოსანი ბრიგადა, მთლიანობაში 15 000-მდე მებრძოლი, მაგრამ ეს ძალები თბილისიდან ქარელამდე იყო გადაჭიმული, რაც მათ წინააღმდეგ ბრძოლას აიოლებდა, რუსთა მეწინავე ნაწილებს ჩამორჩა არტილერია და სურსათი.
ბათუმის ჯგუფის პირველი ამოცანა იყო ქართული არმიის დევნა მცხეთა-გორი-სურამის მიმართულებით და სურამის უღელტეხილის დაკავება. ამავდროულად რუსული სამხედრო შენაერთები ქართველებს აფხაზეთის მიმართულებიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმომავალი უღელტეხილებიდანაც უტევდნენ, მაგრამ ქართულ არმიას მთავარი ბრძოლა თბილისიდან მომავალ მე-11 არმიასთან ელოდა. კონტრშეტევის მართებულობას გენერალი კვინიტაძე შემდეგნაირად ასაბუთებდა: «პირველ რიგში შეტევა უნდა განგვეხორციელებინა იმ მოწინააღმდეგეზე, რომელიც ამ წუთას ჩვენთვის ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენდა; ასეთი გახლდათ თბილისის მხრიდან მოახლოებული მოწინააღმდეგე. მამისონის უღელტეხილიდან და შავი ზღვის სანაპიროდან მომავალ მტერს თავისი მოქმედებები ჯერ იმდენად არ გაეშალა, რომ ხაშურში შეკრებილ ცოცხალი ძალის ბირთვს უშუალოდ დამუქრებოდა. ამიტომაც გადავწყვიტე პირველ ყოვლისა შეტევა თბილისის მხრიდან მოახლოებულ მტერზე განმეხორციელებინა და უკუმეგდო, ხოლო მისი მოწინავე რიგები სრულიად გამენადგურებინა”. შეტევა ასევე აამაღლებდა თბილისის დატოვებით გამოწვეულ ჯარისკაცთა მძიმე ფსოქოლოგიურ განწყობას, რაც ხშირად დეზერტირობის მიზეზი ხდებოდა.

შეტევის დაწყება გადაწყდა 4 მარტს, დილის 7 საათზე. ამ დროისთვის კვინიტაძის ძალებს შეადგენდა 6 000 ჯარისკაცი, 3 ჯავშანმატარებელი და 4 საარტილერიო ბატარეა, უახლოეს რეზერვს წარმოადგენდა ახალციხიდან მომავალი 1 500-კაციანი მე-11 ქვეითი პოლკი. ქართული რეგულარული არმიის ნაწილები გენერლების, მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის მეთაურობით განლაგდა ხაშურის აღმოსავლეთით, რათა მოწინააღმდეგისთვის ფრონტალური დარტყმა მიეყენებინა, ხოლო სახალხო გვარდიელებმა, რომელთაც მეთაურობდნენ გენერლები კონიაშვილი და ჯიჯიხია, დაიკავეს ხაშურის ჩრდილოაღმოსავლეთით არსებული გაბატონებული სიმაღლეები. გვარდიელები, რომლებიც შეტევას მაღლობიდან იწყებდნენ, თავისუფლად უნდა გასულიყვნენ რუსული ნაწილების ფლანგსა და ზურგში, რის შედეგადაც რუსული არმიის ავანგარდი, დაახლოებით 5 000 ჯარისკაცი სრულ ალყაში ექცეოდა.
ხაშურში განთავსდა მთავარსარდლის შტაბი და მათი დაცვა დაევალა იუნკერთა სასწავლებლის კურსანტებს. ბრძოლის დაწყებამდე კვინიტაძე მეთაურებისგან ძალების მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვდა: «სამშობლოს გადარჩენისთვის მოვითხოვ ყველა უფროსებისგან ძალების უმაღლეს დაჭიმვას და უსაზღვრო სამსახურს, რათა რადაც უნდა დაგვიჯდეს, მოპირდაპირის დამარცხებას მივაღწიოთ”. ოპტიმისტურად იყო განწყობილი პოლიტიკური ხელმძღვანელობაც.