ქართველი ალპინისტი, რომელიც ნახევარი საუკუნეა ტიან-შანზე განისვენებს - რატომ "არ უშვებენ მთები" ილია გაბლიანს | Allnews.Ge

ქართველი ალპინისტი, რომელიც ნახევარი საუკუნეა ტიან-შანზე განისვენებს - რატომ "არ უშვებენ მთები" ილია გაბლიანს

1961 წლის 27 აგვისტოს ტიან-შანის მთათა სისტემის უმაღლესი წერტილიდან "გამარჯვებიდან" (7 439 მ) უბედურების მაუწყებელი წითელი მაშხალა დაეშვა - ექსპედიციას სამუდამოდ გამოეთიშა ილია გაბლიანი. ის იყო პირველი ქართველი ალპინისტი, რომელიც ტიან-შანმა შეიწირა და ერთადერთი, რომლის ჩამოსვენებაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა...

საბედისწერო ექსპედიციაში 1961 წელს ქართველ ალპინისტთა თანავარსკვლავედი ორ ჯგუფად გაეშურა. ექსპედიციის წევრები იყვნენ: ჯუმბერ მეძმარიაშვილი, თეიმურაზ კუხიანიძე, ილია გაბლიანი, კირილ კუზმინი, მიხეილ ხერგიანი უფროსი, მიხეილ ხერგიანი (კადერბეიჩი), ოთარ ხაზარაძე, რეზო ხაზარაძე, ზურაბ ახვლედიანი, ომარ ბერაძე, დიმიტრი დანგაძე და ჯუმბერ კახიანი. ილია გაბლიანის ჯგუფი დაწინაურდა - ისინი თავდაპირველად უსახელო მწვერვალზე (6 918 მ) ავიდნენ და ვაჟა-ფშაველას დაბადების საუკუნოვანი იუბილეს აღსანიშნავად, მწერლის სახელი უწოდეს, შემდეგ კი სვლა "გამარჯვებისკენ" განაგრძეს.

alpinistebi-1621843127.jpg
ლევან ახვლედიანი, ჯუმბერ მეძმარიაშვილი, იოსებ კახიანი და მიხეილ ხერგიანი

გაბლიანთან ერთად, მის სიხლოვეს, მწვერვალისკენ ჯუმბერ მეძმარიაშვილი, თეიმურაზ კუხიანიძე და კირილ კუზმინი მიიწევდნენ. ამ ოთხეულიდან „გამარჯვებამ“ მხოლოდ კუზმინი დაინდო. მთიდან დაბრუნებულმა ტრაგედიის ერთადერთმა თვითმხილველმა საბედისწერო ლაშქრობაზე წიგნი დაწერა.

"დამარცხებულ მწვერვალებში" ალპინისტმა დეტალურად აღწერა „გამარჯვების“ დაპყრობის პროცესი და ის მძაფრი განცდები, რომელიც ამ მოგზაურობამ მოუტანა. კუზმინის მოგონებების თანახმად, ილია გაბლიანმა და თემურ კუხიანიძემ 25 აგვისტოს ღამე მწვერვალის წვერზე, ყინულის ბაქანზე საძილე ტომრების და კარვის გარეშე გაატარეს. ცივმა ღამისთევამ თავისი ქნა - ორივეს ხელ-ფეხი მოეყინა. ილიას კი სხეული იმდენად გადაუცივდა, რომ მეორე დილით მოძრაობა უჭირდა. დაუჩივლია კიდეც ღვიძლი მაწუხებსო. კარვის წინ ჩამოჯდა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

gabliani-1621244685.jpg
ილია გაბლიანი

"ილია გაბლიანის ცხედრის აქ დატოვება არ შეიძლება – ქვემოთ უნდა ჩავასვენოთ და მშობლიურ მიწას მივაბაროთ, მაგრამ ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? თემურ კუხიანიძეს ხელ-ფეხი მოყინული აქვს, მე, ჩამოვარდნის შემდეგ, მხარი მტკივა – მარცხენა ხელს თითქმის ვერ ვამოძრავებ. მიშა ხერგიანი (უფროსი) კადერბეიჩის (მისი ბიძაშვილი, უმცროსი მიხეილ ხერგიანი მთამსვლელთა წრეში ამ სახელით გახლდათ ცნობილი) სამშვიდობოს გაყვანას ცდილობს... მარტო ჯუმბერი ამ საქმეს ვერ გაწვდება. ამიტომ, ილიას ყინულში ჩასვენება გადავწყვიტეთ...”- ასე იხსენებდა 27 აგვისტოს დილას კირილ კუზმინი საკუთარ წიგნში.

ჯუმბერ მეძმარიაშვილმა, თემურ კუხიანიძემ და კირილ კუზმინმა მეგობრის სამარე ქვებით დაფარეს და ბანაკისკენ დაეშვნენ. "გამარჯვების" კლდეეებზე, სამშვიდობოს უნდა გასულიყვნენ, როცა უეცრად კუხიანიძე მოწყდა და გაუჩინარდა. მეძმარიაშბვილმა და კუზმინმა მეგობრის გადასარჩენად სვლა განაგრძეს, მაგრამ „გამარჯვებამ“ კიდევ ერთი მთამსვლელი შთანთქა - ჯუმბერს ყინულზე ფეხი დაუცურდა და ნაპრალებში გაუჩინარდა.

"მე და ჯუმბერი თოკის მოსახსნელად წამოვდექით, მაგრამ უცბად რაღაც ხდება: კუხო ყვირილით შორდება კლდეს, მომწყდარ თოკთან ერთად ციცაბო მყინვარზე მიგორავს და წამებში ფერდობს იქით უჩინარდება. ვფიქრობთ, რომ იქით, შესაძლოა, მოედანივით იყოს რამე და თეიმურაზს მივაგნოთ - ის ადგილი დაახლოებით ორას მეტრშია. ფერდობზე მარჯვნივ გასვლა გადავწყვიტეთ. საფეხურები კარგად კეთდება, მაგრამ თოვლის ფენა ნელ-ნელა თხელდება და ახლა უკვე ყინულის ჭრა გვიწევს...

jumbermedzmariashvili-1621843127.jpg
ჯუმბერ მეძმარიაშვილი, ალპინისტი

ჯუმბერი წინ მიდის. მისი შეკელტონები საიმედო არაა და ვთავაზობ წინ გამიშვას. დუმილით მპასუხობს. ყველაფერი ნათელია: ის ჯგუფის ხელმძღვანელია და კუხიანიძის ახლო მეგობარი... მივუახლოვდით იმ ადგილს, საიდანაც, ჩვენი აზრით, კუხო უნდა დავინახოთ. ჯუმბერი, რატომღაც, პირით დგება ფერდობისკენ და იმავ წამს ყინულზე ფეხი უცურდება, ფერდობზე ეცემა, ცდილობს წერაყინი მოიშველიოს და შეჩერდეს, მაგრამ ხელიდან უვარდება. ჯერ ნელ-ნელა, მერე კი უფრო სწრაფად მისრიალებს და... უჩინარდება" - იხსენებს კირილ კუზმინი "დამარცხებულ მწვერვალებში“.

მოგვიანებით, ჯუმბერ მეძმარიაშვილი და თეიმურაზ კუხიანიძე მთამსვლელთა ექსპედიციამ იპოვა და მათი ნეშთები ოჯახებს გადასცა. იპოვეს ილია გაბლიანის ცხედარიც, მაგრამ მისი გადმოსვენება რატომღაც, ვერასდროს მოხერხდა: 1962 წელს, საგანგებოდ გაბლიანის ჩამოსვენებისთვის შეკრებილი ექსპედიციის ორი წევრი ნაპრალში ჩავარდა და დაიღუპა. 1966 წელს ალპინისთა ჯგუფი კვლავ ეწვია ტიან-შანს, მაგრამ უამინდობის გამო არათუ ცხედრის მოძიება, "ვაჟა-ფშაველაზე" ასვლაც ვერ შეძლეს.

kukhianidzealpinisti-1621843127.jpg
თეიმურაზ კუხიანიძე - ალპინისტი

მოგვიანებით, 1990-იან წლებში "გამარჯვებას" ისევ ესტუმრნენ ქართველი ალპინისტები. მაშინ ბენო ქაშაკაშვილმა საკუთარი თვალით ნახა ილია გაბლიანის ცხედარი, თუმცა allnews.ge-სთან საუბარში გულწრფელად ამბობს, რომ მისი წამოყვანა არც კი უცდიათ.

"გვქონდა ეს იდეა თუ ილუზია, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გავრისკეთ, თავი დავიზღვიეთ, ასე გამოდის. საკმაოდ რთული საკითხია. მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე არ ფიქრობ ამ დროს. რომც გაბედო და წამოიყვანო, შეიძლება ადგილამდე ვერ მიიტანო, ხელიდან გაგისხლტეს და საერთოდ უკვალოდ გაქრეს. ყოფილა ასეთი შემთხვევები. წასულან მთამსვლელის ცხედრის წამოსაყვანად, ჩამოუყვანიათ ცოტა ქვემოთ, დაუტოვებიათ იქ და შემდეგ წელს რომ მიბრუნებულან, იქ არ დახვედრიათ. მთა ისეთია, ყოველ წელს იცვლის სახეს და ხასიათს. ამ დროს რა უნდა უთხრა მის ოჯახს?

მისაუბრია ილია გაბლიანის შთამომავლებთან, ბუნებრივია, დიდი სურვილი აქვთ მისი ჩამოსვენებისს, მაგრამ ათასი ფაქტორია. ახლა ის მაინც იციან სად არის დაკრძალული მათი ოჯახის წევრი, ესეც ბევრ რამეს ნიშნავს

ამიტომაც არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელსაც კი არ გაურბიან, უბრალოდ ეშინიათ. ილია ჩამოსვენების სურვილი და მცდელობა უცხოელ ალპინისტებსაც ჰქონდათ. ხომ იცით, მაგ სიმაღლეზე ნაციონალობა არ არსებობს, მთამსვლელი მთამსვლელია, სამწუხაროდ, ვერავინ შეძლო. თუმცა, ახლა 21-ე საუკუნეა და ცოტა რამ არის შეუძლებელი...“ - ამბობს ბენო ქაშაკაშვილი.

თუ ოდესმე მთამსვლელები ილია გაბლიანის ჩამოსასვენებლად "გამარჯვებისკენ" გაემართებიან, ყინულის სასახლეში ნეშტთან ერთად აუცილებლად დახვდებათ წერილი, რომელიც ჯუმბერ მეძმარიაშვილმა, თეიმურაზ კუხიანიძემ და კირილ კუზმინმა საძილე ტომარაში ჩასვენებულ, კლდეზე მიბმულ ალპინისტს დაუტოვეს: “გვაპატიე, მეგობარო, წელს ვერ შევძელით შენი ჩაყვანა, მაგრამ აუცილებლად ჩაგიყვანთ.."

მეგობრების დაპირება, დღემდე დაპირებად რჩება - უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია გაბლიანს "მთები არ უშვებენ"....

ავტორი: თინათინ ზვიადაძე

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე; ქართული სპორტის მუზეუმი; დავით კაკაბაძე; არჩილ გაბლიანი; ელეფთერ ლაფაჩი

myquiz