"გვაპატიე მეგობარო, ახლა შენს წაყვანას ვერ შევძლებთ, მაგრამ აუცილებლად წაგიყვანთო..." - მთებისთვის შეწირული ბიჭების ტრაგიკული ისტორიები | Allnews.Ge

"გვაპატიე მეგობარო, ახლა შენს წაყვანას ვერ შევძლებთ, მაგრამ აუცილებლად წაგიყვანთო..." - მთებისთვის შეწირული ბიჭების ტრაგიკული ისტორიები

ყოველწლიურად კავკასიონზე ორი-სამი ალპინისტი იღუპება,­ რომლებიც შეიძლება ყინულის აკლდამე­ბში ათეული წლების მანძილზე დარჩნენ... უშბამ მხოლოდ 2013 წელს "გამოაჩინა" 1974 წელს დაღუპული ლეგე­ნდარული ხორვატი მთამსვლელის, ნენად ჩულიჩის ცხედარიც, რომელიც მყინვარის ქვეშ თითქმის 40 წელი განისვენებდა.

nenadi-1621244302.jpg
ნენად ჩულიჩის დაკრძალვა სამშობლოში

მთაში დაღუპული ქართველი ალპინისტებიდან ყველა ჩამოსვენებულია გარდა ერთისა - 1961 წელს დაღუპული ილია გაბლიანი დღესაც ტიან-შანში, გამარჯვების პიკის 7 000 მეტრზე განისვენებს. მთების ბედისწერამ შეიწირა გეოლოგისა და ჟურნალისტის, ივანე ჯაფარიძის ბიძები - სიმონ და ალიოშა ჯაფარიძეები.

ივანე­ მათმა დამ, მსოფლიოს პირველმა მთამსვლელმა ქალმა, ალექსანდრა ჯაფარიძემ გაზარდა. ივანეს არასოდეს უნახავს, როგორ ტიროდა მამიდა ძმების გამო, სამაგიეროდ, მუდამ გრძნობდა მის ტკივილს. ალექსანდრა ასეთი იყო, - ფოთოლივით მსუბუქი და ქვასავით ძლიერი, თუმცა რაღაცაში მაინც სუსტი აღმოჩნდა - ძმისშვილს სთხოვა, სანამ მე ცოცხალი ვარ, მთაში არ წახვიდეო, თუმცა ამაოდ.

ივანე ჯაფარიძე:

- მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მწვერვალი დამილაშქ­რავს, წინაპრების შემხედვარე თავს ალპინისტს მაინც ვერ ვუწოდებ.­ ჩემი მოვალეობა­­ მთების წინაშე, ალბათ, იმით მოვიხადე, რომ ჯაფარიძეთა ოჯახის უზარმაზარი არქივი მოვაწესრიგე და მთის ზოგიერთი­ საიდუმლოც გულში სამუდამოდ ჩავიმარხე.­ არის ისეთი რამ, რაც არც ითქმება და არც დაიწერება. მთებისთვის შეწირული ჩვენი ბიჭების ვინაობა მოვი­კვლიე და თითქოს გული დავიმშვიდე. დაახლოებით 90 წლის განმავლ­ობაში 48 მთამსვლელი გვყავს დაღუპული. ყველა რჩეული იყო და ამ ტრაგედიებს მთელი ქვეყნის­ გლოვა­ ახლდა.

alexandrajaparidze-1621244502.jpg
ალექსანდრა ჯაფარიძე

რაც შეეხება მამიდაჩემს, 50 კგ-ს არასოდეს ასცდენია და ვერ წარმომედგინა,­ როგორ უნდა წამოეკიდებინა კლდეებზე 25-კილოგრამიანი­ ალპინი­სტის ჩანთა, მაგრამ ეს მანამდე იყო, ვიდრე მისი აკრძალვის მიუხედავად, მთისკენ არ გავიწიე. მარტო არაფრით გამიშვა. ჯერ მთხოვა, პირობა მომეცი,­ რომ მთაში არ წახვალო, მაგრამ რომ ავჯანყდი, უკვე 70 წელს მიტანებული მწვერვალისკენ თავად წამიძღვა.­ სწორედ­ იქ დავინახე, მამიდაჩემს, რომელიც ასაკიანი და დაღლილი­ მეგონა, მთის დანახვაზე რა დაემართა! ჯერ კარვის გარეთ უშბას ჩუმად დაუწყო­ ლაპარაკი, მერე კი მწვერვალისკენ "გაფრინდა".

მაშინ მივხვდი, რატომ არასოდეს ტიროდა. არც მაშინ უტირია, როდესაც 12-წლიანი ძებნის­ შემდეგ მისი ძმა, უშბაზე დაღუპული ალიოშა­ იპოვეს. გაქვავებული დასცქეროდა­ ძმის ნეშტს...

თავად ალიოშა იმიტომ წავიდა თეთნულდზე, რომ იქ უფროსი ძმა, სიმონი დაეღუპათ. ის გიორგი ნიკოლაძესა და პიმენ დვალთან ერთად ადიოდა მწვერვალზე. სიმონი და პიმენი დაიღუპნენ, მხოლოდ გიორგი გადარჩა. სიმონის უბედურებამ ალიოშას მთაში წასვლა დააჩქარა­. ის 1945 წელს დაიღუპა უშბა-შხელდის ტრავერსზე, მწვერვალიდან მწვერვალზე გადასვლისას. ჯოჯოხეთური ამინდი დაემთხვა,­ ორი კვირა გადაუღებლად თოვდა და ქარიშხალი მძვინვარებდა. მესტიაში ხეები ფესვებიანად დაგლიჯა. მშიერი, დასუსტებული ალპინისტები უშბიდან ვეღარ დაეშვნენ­ და ორი კვირა მწვერვალზე გაატარეს. მერე მათ მისაშველებლად ხალხი წავიდა. მაგრამ ზემოთ რაღაც წერტილები შენიშნეს, თქვეს, ბიჭები ცოცხლები არიან და ეშვებიანო და გახარებულები დაბრუნდნენ უკან. ამასობაში ორი კვირის ნათოვი­ ზვავი მოწყდა და ალიოშა მეგობრებიანად­ დამარხა...

მამიდაჩემი მას გამუდმებით ეძებდა.­ იმედი ჰქონდა, რომ როცა იპოვიდა, ისეთივეს ნახავდა, როგორიც დაკარგა - ყინული ხომ უცვლელად ინახავს ადამიანს, მაგრამ ამაოდ. ყინულის მდინარემ ბიძაჩემი 12 წლის შემდეგ გამორიყა. მხოლოდ ჩონჩხი­ იყო, მოჭრილი ფეხის თითებით იცნეს, რომელიც პამირზე ასვლისას მოეყინა...

დიდი ტრაგედია, რომელმაც მართლაც მთელი საქართველო შეძრა, იყო მწვერვალ "გამარჯვებაზე" ილია გაბლიანის, თემურ კუხიანიძისა და ჯუმბერ მეძმარიაშვილის დაღუპვა. ილია 7000 მეტრ სიმაღლეზე გარდაიცვალა. ყინვისგან დაუძლურებული და ხელფეხმოყინული მეგობრები, ცხადია, მის ჩამოსვენებას ვერ შეძლებდნენ (ამისთვის 20-25 კაცი მაინც არის საჭირო), ამიტომ კარავში შეახვიეს, ყინულის გამოქვაბულში შეასვენეს და ჯიბეში წერილი ჩაუდეს: გვაპატიე მეგობარო, ახლა შენს წაყვანას ვერ შევძლებთ, მაგრამ აუცილებლად წაგიყვანთო,­ თავად კი დაეშვნენ. დაშვებისას ჯერ თემურ კუხიანიძე დაიღუპა, მერე კი - ჯუმბერ მეძმარიაშვილი...

iliagablianisdzegli-1621244223.jpg
ილია გაბლიანის ძეგლის გახსნა მულახში. ფოტოს მფლობელი: მანანა საღლიანი

1966 წელს კიდევ ერთი ექსპედიცია წავიდა ილიას ჩამოსასვენებლად, მაგრამ იქამდე ვერ მიაღწიეს - შეტყობინება მიიღეს, რომ გვერდით სხვა ექსპედიცია იყო საფრთხეში და მათ გადასარჩენად დაიძრნენ. შემდეგ ამინდი გაუარესდა და უკან ხელცარიელი გამობრუნდნენ. ამ ექსპედიციას მიშა ხერგიანი მეთაურობდა, რომელსაც სვანები გულდაწყვეტილნი შეხვდნენ, რატომ არ ჩამოგვიყვანე ილიაო...

gabliani-1621244685.jpg
ილია გაბლიანი, ფოტოს მფლობელი: ქართული სპორტის მუზეუმი

2002 წელს ილიკოს ჩამო­სვენება ალპინისტების ახალმა­ თაობამ მოინდომა. ბენო ქაშაკაშვილმა ხუთი კაცი გაიყოლა, მაგრამ არც ამ ბიჭებს­ გაუმართლა - ექვსი კაცით ამ მისიის შესრულება ვერ შეძლეს, თუმცა ამბავი ჩამოიტანეს და მეგობრების წერილიც ნახეს ილია გაბლიანის ჯიბეში... ალპინისტთა შორის ყველაზე მაღალი, ყველაზე დიდებული აკლდამა 7000 მეტრზე ილია გაბლიანს აქვს. დაე, იქ იყოს, რომ მის სიმამაცეს მუხლი მოუყარონ ალპინისტთა ახალმა თაობებმა.­ ეს, ალბათ, ალპინისტისთვის ყველაზე დიდი პატივია... წაიკითხეთ ვრცლად