დაუჯერებელი ისტორია- როგორ შეძლო ღარიბმა ფოსტალიონმა ულამაზესი სასახლის აშენება? | Allnews.Ge

დაუჯერებელი ისტორია- როგორ შეძლო ღარიბმა ფოსტალიონმა ულამაზესი სასახლის აშენება?

მდიდარი, ახირებული ადამიანები ხშირად უჩვეულო სასახლეებსა თუ ციხეკოშკებს აგებენ. ზოგიერთი მათგანი მართლაც რომ მშვენიერია, როგორც მაგალითად, ნოიშვანშტაინის სასახლე, ზოგიერთი კი ვინჩესტერების სახლის მსგავსად, უსიამოვნო შეგრძნების გარდა, არაფერს იწვევს. და რა ქნას რიგითმა მოკვდავმა, თუკი ხელფასი სიმდიდრის დაგროვების შესაძლებლობას არ აძლევს, მაგრამ საკუთარი სასახლის ქონის სურვილი კი უბრალოდ, კლავს.. თუმცა, როგორც ფერდინანდ შევალი ამტკიცებდა, როცა რაღაც ძალიან გინდა, ის აუცილებლად გამოგივა.

ferdinand-1-1620295327.jpg

1836 წლის 19 აპრილს, ლიონთან ახლოს, საფრანგეთის პატარა ქალაქი შარმ - სიურ - ლერბასი დიდი სასწაულის მოწმე გახდა, დაიბადა ჟოზეფ ფერდინანდ შევალი, ადამიანი, რომელმაც მსოფლიო ისტორიაში საკუთარი ანაბეჭდი, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე უცნაურმა ადამიანმა დატოვა.

მსოფლიოს დღემდე ვერ გაურკვევია, თუ ვინ იყო ფერდინანდი, გენიოსი, შეშლილი, მეოცნებე თუ ჩვეულებრივი შეურაცხადი. ცნობილია, რომ ბავშვობიდან ის საკმაოდ გულჩათხრობილი და მშვიდი, თუმცა ჯიუტი და მეოცნებე იყო, 13 წლის ასაკში პატარა ფერდინანდმა სკოლა მიატოვა და მუშაობა საცხობში, მზარეულის დამხმარედ დაიწყო. 32 წლის ასაკში კი, საკუთარ მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად პატარა ქალაქ ოტრივში გადავიდა, სადაც მუშაობა რიგით ფოსტალიონად დაიწყო.

ფოსტალიონად მუშაობა ადვილი არ ყოფილა, ფერდინანდს ერთი ადგილიდან მეორე დანიშნულების პუნქტამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევდა, მუშაობაში ხშირად აღამდებოდა და ხან ღია ცის ქვეშ, ხანაც მიყრუებულ ბეღელში ათენდებოდა. სახლიდან შორს, საკუთარ თავთან განმარტოებულს რაზე შეიძლებოდა რომ ეოცნება, თუ არა საკუთარ სასახლეზე? ერთხელაც, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, შემთხვევით, მეოცნებე ფოსტალიონმა ფეხი უცნაურ ქვას წამოკრა, რომელმაც უჩვეულო ფორმითა და ფერთა ულამაზესი კომბინაციით მისი ყურადღება დანახვისთანავე მიიპყრო.

1879 წელი იდგა, ფერდინანდი უკვე 43 წლის იყო, თუმცა საკუთარ ციხესიმაგრეზე ოცნებას მაინც ვერ ელეოდა. სწორედ ის ქვა, რომელზეც ის წაბორძიკდა, მისი ოცნების ახდენის პირველ ნაბიჯად იქცა. იმ პერიოდიდან ის თითქოს შეიშალა, ახალ არტეფაქტებს ეძებდა, ყველა ქვას მთელი გულისყურით აკვირდებოდა, რომელიც შეიძლებოდა რომ თავისი ციხე - დარბაზის ასაგებად გამოსდგომოდა. თუმცა, ის ჯერ არ აშენებდა, ფერდინანდი ჯერ მხოლოდ კენჭებს აგროვებდა, ფოსტალიონობამ მისთვის ახალი სუნთქვა შეიძინა, - დღის განმავლობაში რაც უფრო მეტს დადიოდა, უფრო მეტ საუცხოო ქვას პოულობდა. თავიდან ის კენჭებს ჯერ ჯიბეებსა და ჩანთაში აგროვებდა, შემდეგ კი პატარა ურიკა შეიძინა, რომლის დახმარებით, უნიკალურ სამშენებლო მასალას სახლში სწორედ მისი საშუალებით ეზიდებოდა.

ferdinand-2-1620295457.jpg

მეზობლები და ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ხვდებოდა, რომ მათ წინაშე ნამდვილი გენიოსი იყო. უმრავლესობა მას ჩვეულებრივ შეშლილად თვლიდა, რომელიც საკუთარ სახლს "უსარგებლო" ქვებით ავსებდა, შევალი კი ყურადღებას არავის აქცევდა და ქვების კოლექციონერობას კვლავაც აქტიურად განაგრძობდა. პენსიაში გასვლამდე, მთელი ოცი წლის განმავლობაში, ის ქვებს აგროვებდა. 1888 წელს, უკვე ყოფილმა ფოსტალიონმა კი საკუთარი, ბავშვობის დროინდელი ოცნებისთვის ფრთების შესხმა დაიწყო და მას შემდეგ, ის არც ერთი დღე აღარ გაჩერებულა, მთელ ღამეებს ლამპის შუქში, სასახლის მშენებლობაში ატარებდა.

"რადგან, ბუნებამ ასეთი შესანიშნავი სამშენებლო მასალით დამაჯილდოვა, - აცხადებდა გარშემომყოფების თვალში "შეურაცხადი" მეოცნებე, ვალდებული ვარ, არქიტექტორიც და კალატოზიც თავად ვიყო".

ferdinand-4-1620295521.jpg

ქვის, მავთულისა და ცემენტისგან აგებული ეს ორიგინალური სასახლე ეკლექტიკურ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც ყველა სტილისა თუ მიმართულების წარმოუდგენელ ნაზავს ქმნის. სასახლის ყველა კედელი ქრისტესა და ბუდას ბრძნული გამონათქვამებით არის ამოტვიფრული, ციხესიმაგრის შიგნით დამთვალიერებელს კი მეჩეთის გარდა, მარიამ ღვთისმშობლის ტაძრის ხილვაც შეუძლია. ციხე-კოშკს მრავალი შესასვლელი და გასასვლელი აქვს. ამ "იდეალური სასახლის" მშენებლობაზე თვითნასწავლ არქიტექტორს ცხოვრების 33 წელი დასჭირდა.

ferdinand-5-1620295551.jpg

შევალის "იდეალური სასახლე" გარედან - კიბეებით, შადრევნებით, ეგვიპტელი ღმერთებისა და კათოლიკე წმინდანების ქანდაკებებით არის გაფორმებული. ბოლო წლებში, როცა ციხესიმაგრე ფრანგული ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობად იქცა და მას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ტურისტების წარმოუდგენელი რაოდენობა სტუმრობდა, ფერდინანდ შევალი საკუთარ შემოქმედებას მათ არა მარტო სიამაყით აცნობდა, არამედ მშენებლობის პერიოდში მომხდარ საინტერესო ფაქტებსაც უზიარებდა. ფერდინანდ შევალი 1924 წელს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ferdinand-6-1620295574.jpg

"საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ და ცხოვრებაში რისი მიღწევა გსურს, თუკი ხარ თამამი, შეუპოვარი და მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ გახსოვდეს, რომ წარმატება შენთან აუცილებლად მოვა". 1986 წელს ყოფილი ფოსტალიონის ფოტო საფრანგეთის საფოსტო მარკაზე განთავსდა. 1969 წელს საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ - "იდეალურ სასახლეს" ისტორიული ძეგლის სტატუსი მიანიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეების ძალისხმევითა და მხარდაჭერით იქნა მიღებული, რომელთა შორის ფერდინანდ შევალის ულამაზესი ქმნილების ერთ-ერთი მთავარი ქომაგი და მეხოტბე, მისი აღმატებულება, თვით პაბლო პიკასო იყო.

intermedia.ge