ვინ არის ქართველი მილიარდერი ჯინსებითა და წითელი ბოტასებით, რომელიც რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ქართველია | Allnews.Ge

ვინ არის ქართველი მილიარდერი ჯინსებითა და წითელი ბოტასებით, რომელიც რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ქართველია

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში, კიდევ ერთი ქართველი მოხვდა. ახალი მილიარდერი ყაზახური ფინტექ პლატფორმის "კასპის" დამფუძნებელი, 45 წლის მიხეილ ლომთაძეა. ამ დროისთვის რეიტინგში ლომთაძე 826-ე პოზიციაზეა და მისი ქონება 3,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

Kaspi ყაზახეთის უდიდესი საბანკო-საგადასახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. ოქტომბერში მან ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებული IPO განახორციელა.

  • ახალგაზრდა კაცი შავი პულოვერით, ჯინსებითა და წითელი ბოტასებით

ყოველი ახალი ინოვაციური სერვისის წარდგენისას, ტრადიციულად, შავ პულოვერში, ჯინსებსა და წითელ ბოტასებში გამოწყობილი მიხეილ ლომთაძე ძირითადად მარტო დგას სცენაზე და დიდ ეკრანზე წარმოდგენილ სიახლეზე ქართველისთვის დამახასიათებელი ემოციურობით ლაპარაკობს, ისე, რომ აუდიტორიას ერთბაშად იპყრობს. მისი პრეზენტაციები ამ თვალსაზრისით ძალიან ჰგავს ახალი პროდუქტის სტივ ჯობსისეულ წარდგენებს. ალბათ, ამ და მისი სიახლეებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო, მას ზოგჯერ მედია "ახალ ჯობსადაც" მოიხსენიებს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს, - შესაძლებლობა რომ გქონდეთ 25 წლის მიხეილ ლომთაძეს რას უსურვებდითო? - რაზეც დაუფიქრებლად უპასუხა: "სწორი ადამიანების არჩევას..."

და იქვე განმარტა:

"25 წლისა, ფაქტობრივად, არ ვფიქრობდი, უბრალოდ, ინტუიციით ვმოქმედებდი. დღეს კი სრულიად ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ადამიანები შენს გარშემო წარმოადგენენ წარმატებისთვის ყველაზე დიდ აქტივს. 25 წლის მიხეილს კი ვურჩევდი: ეცადე იყო იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისთან ერთადაც შესაძლებელია მიუღწეველის მიღწევა, ვისაც შეიძლება დაეყრდნო და ვისაც გული სწორ ადგილას უძგერს..."

ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანაა ყოველდღიურად შექმნას მომავალის კომპანია... "თანამედროვე ტექნოლოგიების და სოციალური ქსელების ეპოქაში ყოველი კლიენტი უკვე გამოდის უკუკავშირზე. ის ამ კავშირს სთავაზობს არა მხოლოდ ერთ კომპანიას, არამედ ყველას, შესაბამისად, თუ მზად არ იქნები ამისთვის, კლიენტს დაკარგავ და შენი დასასრულიც ნელ-ნელა მოახლოვდება", - ამბობს ლომთაძე.

  • გზა წარმატებამდე

მიხეილ ლომთაძის გზა წარმატებამდე, როგორც თვითონ ამბობს, უკიდურესად საინტერესო, თუმცა რთულიც იყო...

მომავალი ბიზნესმენი 1975 წლის 17 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მამა, ნუგზარ ლომთაძე 25 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის სამხედრო სამსახურში იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მიხეილი ამბობს, რომ ამის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ხშირად უწევდათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამიტომაც მისთვის ახალ ადგილას ფეხის მოკიდება მოზრდილობისას უკვე აღარ იყო რთული.

მამას სურდა შვილს ტექნიკური განხრით ესწავლა, თუმცა ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა მის ასეთ დიდ წარმატებას. ბიზნესმენს ერთი და ჰყავს, რომელიც მშობლების მსგავსად, საქართველოში, უფრო ზუსტად კი ბათუმში ცხოვრობს.

ლომთაძემ ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო და მსოფლიოში რიგით მე-3 უნივერსიტეტში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ჩაირიცხა. 2002 წელს ლომთაძემ ჰარვარდის მაგისტრის MBA ხარისხი აიღო და დიდი გეგმებით საქართველოს დაუბრუნდა.

1995 წელს, ბიზნესმენმა საქართველოში კომპანია "ჯი-სი-სი აუდიტი" დააფუძნა და ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. 2002 წელს, კომპანია "ერსტ ენდ იანგის" შემადგენელი ნაწილი გახდა. ამავე წელს ლომთაძემ მუშაობა რუსეთში "ბეარინგ ვოსტოს კეპიტალ პარტერსში" დაიწყო და საინვესტიციო პროექტების მენეჯერის თანამდებობა მიიღო, 2004 წელს ამ კომპანიის პარტნიორიც გახდა.

2003 წელს ბიზნესმენი რუსეთის ლიზინგური კომპანია, "ეუროპლანის" დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, მოგვიანებით თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და 2005 წლიდან საბანკო პროგრამული მოწყობილობის წამყვანი კომპანიის "ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრის" დირექტორთა საბჭოს წევრობაც შეითავსა. 2008 წლიდან ლომთაძე ყაზახური პლატფორმის Kaspi-ს ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორი ხდება.

  • რას წარმოადგენს Kaspi?

Kaspi-ს სერვისს ყოველთვიურად ყაზახეთის 18-მილიონიანი მოსახლეობიდან, დაახლოებით, 7.8 მილიონი იყენებს. ლონდონის საფონდო ბირჟის თანახმად, Kaspi-ს საგადახდო სისტემაზე ყაზახეთში განხორციელებული ტრანზაქციების 66% მოდის, 33%-ს კი გლობალური ბრენდები Visa და Mastercard-ი ემსახურებიან.

დღეს Kaspi სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, ესენია:

  • საგადახდო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებსა და მოვაჭრეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთთან ციფრული ტრანზაქციები განახორციელონ. ამასთან, ციფრული ბანკის მეშვეობით სხვადასხვა სამომხმარებლო სესხის აღება და დეპოზიტების მართვა არის შესაძლებელი.
  • Kaspi ამავდროულად არის მარკეტპლეისი, რომელიც მოვაჭრეებსა და მომხმარებლებს ერთიან პლატფორმას სთავაზობს. მათ შორისაა პირდაპირი საგანვადებო სერვისი, რომლის პროვაიდერიც უშუალოდ Kaspi-ია. 2019 წლის მდგომარეობით, Kaspi ყაზახეთის უმსხვილესი ონლაინმაღაზიაა, რომელსაც მთლიანი ელექტრონული კომერციის 46% ეკავა.
  • სამომხმარებლო სესხების ფართო არჩევანის შედეგად Kaspi მცირე ზომის სესხების ბაზრის ლიდერია, მასზე მთლიანად ყაზახეთის სამომხმარებლო სესხების 32% მოდის.

"Kaspi-ს მსგავს ფართო სერვისს მომხმარებლებს არცერთი სხვა ბიზნესი არ სთავაზობს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა Alibaba-ს პრეზიდენტთან, არა ჯეკ მასთან, არამედ მის ამერიკელ აღმასრულებელთან, რომელმაც ვერ დაიჯერა, რომ ყაზახეთში ამგვარი ტექნოლოგიური კომპანია არსებობს", - განაცხადა ლომთაძემ 2017 წელს. მისი თქმით, ზრდის მთავარი შესაძლებლობა მუდმივად ახალი სერვისების შექმნაზე მუშაობაა.

Kaspi თავიდანვე ციფრულ პლატფორმად არ შექმნილა. მისი ისტორია 1991 წელს იწყება. ამ დროს ფინანსურ ინსტიტუტს Аль Барака Казахстан-ი ეწოდებოდა, 1997 წელს მან სახელი შეიცვალა და Банк Каспийский გახდა. 2008 წლიდან კი, კიდევ ერთი რებრენდინგის შედეგად, მას Kaspi Bank-ი ეწოდა. წყარო

  • მიხეილ ლომთაძე და საქართველო

ბიზნესმენის ცხოვრება ქართული და უცხოური პრესისთვის მეტად საინტერესოა, ის უკვე წლებია ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოღვაწეობს, ჯერ რუსეთში შემდეგ კი ყაზახეთში წამოწყებული საქმიანობის მიუხედავად, კვლავ საქართველოს მოქალაქეა, ქართული პასპორტი აქვს და მოქალაქეობაზე უარის თქმას არასდროს აპირებს.

"ვიზა შემიძლია საქართველოს პასპორტითაც მივიღო, ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, წლების შემდეგ, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და იქ ვიცხოვრებ" - ამბობს ბიზნესმენი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამბობს, რომ სამშობლოს წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს და თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ოჯახთან.

ინტერნეტსივრცეში მის წარსულ ცხოვრებაზე ბევრი ინფორმაცია იძებნება. მაგალითად, როგორც ირკვევა ბიზნესმენმა ბაკალავრიატში ჩაბარების სურვილით, ბიძას თანხა ესესხა, სწავლის საფასური მთლიანად გადაიხადა მას შემდეგ, რაც საქართველოს მენეჯმენტის ევროპულმა სკოლამ შეღავათის სახით სრული საფასურის 30% დაუკლო. მილიარდერი ამბობს, რომ ეს მის ცხოვრებაში პირველი საინტერესო ინვესტიცია იყო.

საქართველოში ცხოვრების დროს, როგორც უმეტესობა, მისი ოჯახიც სიდუხჭირეში ცხოვრობდა, პირველ სამსახურში 20$-ს უხდიდნენ. ამბობს, რომ ბავშვობაში გადატანილი სირთულეები ცხოვრებაში გამოადგა.

"ისეთი პერიოდიც იყო, როცა ფული არ გვქონდა, დედა ერთ "სნიკერსს" ყიდულობდა, 4 ნაწილად ყოფდა და მე და ჩემს დას 2 დღეზე გვინაწილებდა... პირველი ხელფასი 20$ მქონდა, საქართველოში ერთ-ერთ ბანკში ვმუშაობდი", - იხსენებს მიხეილი.

ამბობენ, რომ მილიარდერი საკმაოდ გულღია ადამიანია, მაგრამ როცა თემა საქმეს შეეხება, საკმაოდ მკაცრიც შეიძლება იყოს. იცის ქართული, რუსული, ინგლისური და ყაზახური ენები. ის აქტიურად ჩნდება ყაზახურ და სხვა უცხოურ პრესაში და ბიზნესთან დაკავშირებულ ინოვაციურ იდეებსა და სიახლეებზე აღტაცებით საუბრობს.

აი, პირად ცხოვრებაზე კი არასდროს ლაპარაკობს, ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების თანახმად, მას მეორე ნახევარი ჯერ არ უპოვია.

ambebi.ge