ქალაქიდან სოფელში გადასახლებული ახალგაზრდა ოჯახის მეურნეობა, საკუთარი ხელით გარემონტებული სახლი და რჩევები სოფლად ცხოვრების მსურველებს | Allnews.Ge

ქალაქიდან სოფელში გადასახლებული ახალგაზრდა ოჯახის მეურნეობა, საკუთარი ხელით გარემონტებული სახლი და რჩევები სოფლად ცხოვრების მსურველებს

ქეთი დვალი მომავალი მეღვინეა. სწავლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მიმართულებების და ბიოინჟინერინგის ფაკულტეტზე, ენოლოგია-მევენახეობის განხრით. მეორე წელია მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად თბილისიდან სოფელ ქსოვრისში გადავიდა საცხოვრებლად. გაიარა მეფუტკრეობის კურსები, ისწავლა მიწასთან მუშაობა, ცხოველების მოვლა. გარდა ამისა, მეუღლესთან ერთად დაიწყო ძველი ავეჯის რესტავრაცია და განახლება. მამაპაპისეული სახლი წყვილმა საკუთარი ხელით, სრულიად მარტომ განაახლა და იქ ნამდვილი სამოთხე მოაწყეს. ამბობს, რომ ამის შემდეგ მთლიანად შეიცვალა მათი ცხოვრების წესი.

- სოფლად ცხოვრების გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?

- ჩვენს შემთხვევაში, სოფელში გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება    მოულოდნელად არ მიგვიღია. წლები დაგვჭირდა, რომ სწორად დაგვეგეგმა მომავალი საქმიანობის სფერო და დავრწმუნებულიყავით ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში. პირველ რიგში, გვაფერხებდა ამ სფეროში ჩვენი გამოუცდელობა და საჭირო კაპიტალის არქონა, ასევე ბავშვების გარემოსთან შეგუების საკითხი და სხვა. თუმცა, ჩვენს ჯანმრთელობზე ზრუნვა, რომელიც სუფთა ჰაერსა და ჯანსაღ საკვებზე გადიოდა, გარდაუვალი აუცილებლობა იყო, რაც სოფელში გადასვლას მოითხოვდა. გარდა ამისა, ძალიან გვაღელვებდა და მოსვენებას არ გვაძლევდა წინაპრების დანატოვარ, დანგრევის პირას მისულ სახლსა და გამოუყენებელ მიწებზე ფიქრი.

სოფელში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვცხოვრობ. ჩემი ოჯახის მთავარი საქმიანობის სფერო სოფლის მეურნეობაა. ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ორგანულ სოფლის მეურნეობას და მინიმუმამდე დავიყვანოთ ქიმიური დანამატების მოხმარება. სახელმწიფო პროექტით გაშენებული გვაქვს ჟოლოს ბაღი, რომელსაც შვილივით ვუვლით და გვინდა შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ. ასევე გვყავს ფუტკრები. თაფლის გარდა ვიღებთ ფუტკრის რძეს, სანთელს და სხვა.

გარდა ამისა, ჩვენი ხელით ვარემონტებთ და ვალამაზებთ კარ-მიდამოს. ვცდილობთ კომფორტის შექმნასთან ერთად, ძველი იერსახე შევუნარჩუნოთ ყველაფერს. მალე სტუმრების მიღებასაც დავიწყებთ. გვინდა თბილისში მყოფ ოჯახებს უქმე დღეებში ქალაქგარეთ გასეირნების და განტვირთვის საშუალება მივცეთ. ჩვენი გარემო მაქსიმალურად ადაპტირებული იქნება ბავშვებისთვის. ასევე მათ, ვისაც უბრალოდ აინტერესებთ სოფლის ცხოვრება და საქმიანობა, შეეძლებათ ადგილზე ნახონ, გაეცნონ, მონაწილეობა მიიღონ და ამომწურავი ინფორმაცია წაიღონ ჩვენგან. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სოფელი თბილისიდან სულ რაღაც 30-40 წუთის სავალზეა, ვფიქრობთ, საკმაოდ კომფორტული, მოსახერხებელი და სასიამოვნო იქნება ქალაქის ხმაურისა და ყოველდრიურობისგან მოსაწყვეტად.

ასევე, გვაქვს ძველი მარანი და ქვევრები, რომლის აღდგენა და განახლება უკვე დავიწყეთ. გვსურს დავაყენოთ ღვინო როგორც ქართული ტრადიციული, ისე ევროპული მეთოდით.

ახლა ვმუშაობთ და ვქმნით ფეისბუქ გვერდს, სადაც განვათავსებთ ჩვენს ყოველდრიურობას და გვექნება ჩართვები უშუალოდ სამუშაო პროცესიდან. ძალიან გვინდა ახალგაზრდები დავაინტერესოთ სოფლის მეურნეობით და სტიმული მივცეთ მათ, ვისაც სურვილი აქვს და ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია სოფელში წასვლა და ცხოვრება.

- ოჯახმა როგორ მიიღო თავიდან თქვენი გადაწყვეტილება და დღეს რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით?

- მშობლები, ახლობლები და მეგობრების უმეტესი ნაწილი ჩვენს გადაწყვეტილებას თავიდან ირონიით შეხვდა, არასერიოზულად მიიღეს და ფიქრობდნენ, რომ ეს ჩვენი დროებითი გატაცება იყო. თუმცა მოგვიანებით თავადაც დარწმუნდნენ, რომ სწორ ნაბიჯს ვდგამდით. ხშირად გვსტუმრობენ და ნახულობენ ჩვენი ხელით გარემონტებულ სახლს, განახლებულ ავეჯს, დამუშავებულ მიწას, ძალიან მოსწონთ და მათაც უჩნდებათ ქალაქგარეთ ცხოვრების სურვილი. ჩვენს ორ მეგობარს კი უკვე ვაყიდინეთ ჩვენთან ახლოს სასახლკარე ნაკვეთები და იმედი გვაქვს თბილისიდან კიდევ ბევრი შემოგვიერთება.

- რით გასხვავდება სოფლად ცხოვრება ქალაქური ცხოვრებისგან?

- შეიძლება ითქვას, რომ სოფლისა და ქალაქის ცოვრება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. აქ სტრესისგან თავისუფალი გარემოა. სოფელში შეხება გაქვს ცოცხალ სამყაროსთან, თავად უვლი და ზრუნავ მათზე. ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო და საჭიროა ადამიანის ფსიქიკური და სულიერი მდგომარეობისთვის. ქალაქში კი ყოველი დღე ერთნაირი იყო, მექანიკურად, რობოტებივით ვაკეთებდით ერთსა და იმავეს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სოფელში არის ძალიან დიდი პოტენციალი ეკონომიკური თვალსაზრისით. თუ შრომა არ ეზარება ადამიანს, ბევრი რამ შეიძლება შემოსავლის წყაროდ აქციოს.

- ყველაზე ხშირად რა პრობლემებს აწყდებით სოფელში?

- ყველაზე მეტად, რაც უკან ხევს სოფელში მცხოვრებ ადამიანს, ესაა თანამედროვე ტექნიკის არარსებობა, რასაც მატერიალური მდგომარეობა და სიახლეების მიღების შიში განაპირობებს. ხშირად გსმენიათ ალბათ, მამა-პაპათაგან ნასწავლს რომ მიყვებიან, რგავენ, თესავენ და მოსავალი მოჰყავთ ზუსტად იმ მეთოდებით, რასაც 50-70 და მეტი წლის წინ იყენებდნენ. რა თქმა უნდა, ბევრი საჭირო და გამოსადეგი სწავლება გვაქვს წინაპრებისგან დანატოვარი, მაგრამ იცვლება დრო და მასთან ერთად მიდგომები და შეხედულებები. აუცილებელია ახალი სტანდარტების მიღება და დანერგვა ამ სფეროში.

განაგრძეთ კითხვა