ქართველები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში სიცოცხლე "სიკვდილის ბანაკში" დაასრულეს - დაკარგული წინაპრების კვალდაკვალ | Allnews.Ge

ქართველები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში სიცოცხლე "სიკვდილის ბანაკში" დაასრულეს - დაკარგული წინაპრების კვალდაკვალ

1941 წლის სექტემბრის დასაწყისში აუშვიცის სისასტიკით ცნობილ საკონცენტრაციო ბანაკში, მე-11 ბლოკის სარდაფში, 600-მდე საბჭოელი ტყვე, 250 პოლონელ დაავადებულ პატიმართან ერთად ჩაიყვანეს, სადაც ციკლონ B გაუშვეს. ეს იყო ტყვეების პირველი მასობრივად გაგუდვა აუშვიცის ბანაკში.

დაახლოებით ერთ თვეში, იმავე ბანაკში,10 000-მდე საბჭოთა სამხედრო ტყვე შეიყვანეს. ტყვეებს, როგორც ცოცხალ ძალას, ახლომდებარე სოფელ ბირკენაუში კიდევ ერთი საკონცენტრაციო ბანაკის სამშენებლო სამუშაოებში იყენებდნენ. სიკვდილიანობა პირველ თვეებში განსაკუთრებით მაღალი იყო.

გერმანული საარქივო მასალების თანახმად, აუშვიცის ბანაკში მთლიანობაში 14 000-ზე მეტი სამხედრო ტყვე დაიღუპა, რამდენიმე ასეული სხვა ბანაკში გადაიყვანეს, ზოგს გაუმართლა და ბანაკიდან გაქცევა შეძლო.

 

გერმანიის კაპიტულაციიდან გარკვეული დროის შემდეგ, ნიურბერგის პროცესის შედეგად, "სიკვდილის ბანაკის" ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ბანაკის კომენდანტი, რობერტ ჰიოსი, რომელიც კარგა ხანს იმალებოდა, იპოვეს და ტრიბუნალის გადანყვეტილებით, 1947 წლის 16 აპრილს ჩამოახრჩვეს.

  ცნობისთვის, ნაცისტური გერმანიის პერიოდში, ის, ბანაკიდან სულ რამდენიმე მეტრში, ცოლთან და 4 შვილთან ერთად ცხოვრობდა. სიკვდილით დასაჯეს ყოფილი გესტაპოს ბიუროს გვერდით მოწყობილ ტრიბუნასთან, სადაც პირველი კრემატორიუმი შეიქმნა. მისი დიდი ოჯახიდან, შვილიშვილი, რაინერ ჰიოსი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც, წლების შემდეგ, ბაბუის ცოდვებზე ხმამაღლა ილაპარაკა,

რაინერ ჰიოსი აუშვიცში ჩავიდა და ებრაელებს ბოდიშიც მოუხადა. კომენდანტი ბაბუის შესახებ, რომელიც საბედისწერო გადაწყვეტილებებს ბანაკიდან რამდენიმე მეტრში, ფეშენებელურ სახლში მოწყობილ კაბინეტში იღებდა და რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა, სკოლის მასწავლებლისგან გაიგო, რადგან ოჯახში რობერტ ჰიოსზე არასდროს ლაპარაკობდნენ.

"ყოველთვის მინდოდა, ბაბუა ომში ყოფილიყო დაღუპული. ვერასდროს წარმომედგინა თუ მსგავსი სისასტიკის ჩადენა შეეძლო. ბოდიშს ვიხდი ყველაფრისთვის, თუკი ეს რამეს ნიშნავს", - მიმართა ებრაელებს რაინერ ჰიოსმა. მადლობის ნიშნად, ებრაული სიმბოლო, დავითის ვარსკვლავი აჩუქეს. ამ გადაწყვეტილების გამო, ოჯახმა მას ზურგი აქცია.

ძნელი სათქმელია, რომელ ეტაპზე და რამდენ ნაკადად მოჰყვნენ ქართველები "სიკვდილის ბანაკში", თუმცა, ქართველი ემიგრანტი, მეგი სტემპენი, რომელიც უკვე წლებია AMBEBI.GE -ს გერმანიის სხვადასხვა მიწაზე გაფანტული ქართველების შესახებ ცნობებს აწვდის, სწორედ აუშვიცის ბანაკში იპოვა მათი კვალი...

გთავაზობთ იმ ქართველების სიას, რომელთაც სიცოცხლე "სიკვდილის ბანაკში" დაასრულეს. მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ მათ უმეტესობას საერთო საფლავი აქვს და შესაბამისად, ნეშტის გადმოსვენება შეუძლებელია.

ბაგრატ დავითის ძე ძამაშვილი - დაბადებული 1910 წლის 15 მაისს, მარტყოფში. შემდეგი მისამართი - თბილისი, საქარის 18 (ჩუღურეთის რაიონი). მეუღლე აკინუში სარქისის ასული ძამაშვილი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 10 მაისს ქერჩში. ბანაკი: შტალაგი VI K (326). ბანაკის ნომერი 74035; გარდაიცვალა ტუბერკულოზით 1943 წლის 31 აგვისტოს. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

გრიგორი პარმენის ძე ხობუა - დაბადებული 1917 წლის 2 ივლისს, ხონის რაიონის სოფელ დედალაურში. დედის სავარაუდო სახელი - ევა. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 2 ივლისს. ბანაკი: შტალაგი VIII F (318). ბანაკის ნომერი: 8174. სავარაუდოდ, გარდაიცვალა 1941 წლის 15 ნოემბერს. პირველადი დაკრძალვის ადგილი - აუშვიცი.

ასლან მემედის ძე დუმბაძე - დაბადებული 1920 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩაისუბანში. მეუღლე ბატმე სულეიმანის ასული. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 7 ივლისს. ბანაკი: შტალაგი VIII F (318). ბანაკის ნომერი: 7852. გარდაიცვალა 1941 წლის 20 ნოემბერს. პირველადი დაკრძალვის ადგილი - აუშვიცი.

ივანე იასონის ძე ღონღაძე - დაბადებული 1917 წლის 13 მარტს ბორჯომის რაიონის სოფელ კორტანეთში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 12 ივლისს. შტალაგი VIII F (318). ბანაკის ნომერი: 10379. გარდაიცვალა 1941 წლის 7 ნოემბერს. გარდაცვალების მიზეზი ინფექციური დაავადება. პირველადი დაკრძალვის ადგილი - აუშვიცი.

ვასილი თეოდორის ძე დალაქიშვილი - დაბადებული 1941 წლის 25 ნოემბერს, გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 2 ივლისს. ბანაკი: შტალაგი VIII F (318). ბანაკის ნომერი: 8600. გარდაიცვალა 1941 წლის 23 ნოემბერს. გარდაცვალების მიზეზად მითითებულია - გულის პრობლემები. პირველადი დაკრძალვის ადგილი - აუშვიცი.

ისაა ზაქარის ძე ბლიაძე - დაბადებული 1908 წლის 3 ივლისს, თბილისში. დედა - სონია, ქალიშვილობის გვარი გრძელიშვილი. და - ბლიაძე ანა, ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 15 აგვისტოს. ბანაკი: შტალაგი 327 ბანაკის ნომერი: 42306. გარდაიცვალა 1942 წლის 28 თებერვალს. პირველადი დაკრძალვის ადგილი - აუშვიცი. დაკარგულად ითვლება 1941 წლის დეკემბრიდან.

განაგრძეთ კითხვა