საინტერესო ფაქტები სტივენ კინგზე - საშინელებათა ჟანრის მეფეზე, რომელიც 40 წელზე მეტია, მთელს მსოფლიოს თავისი ფანტაზიით აშინებს | Allnews.Ge

საინტერესო ფაქტები სტივენ კინგზე - საშინელებათა ჟანრის მეფეზე, რომელიც 40 წელზე მეტია, მთელს მსოფლიოს თავისი ფანტაზიით აშინებს

სტივენ კინგი მრავალი წლის მანძილზე, ყველაზე მდიდარ მწერლად ითვლებოდა მსოფლიოში. ის 250-ზე მეტი ნაწარმოების ავტორია.

როდესაც სტივენის მამა ოჯახიდან წავიდა, მწერლისთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო. ის უბრალოდ სახლიდან სიგარეტის საყიდლად გავიდა და აღარ დაბრუნდა. დედა სტივენს ეუბნებოდა, რომ მამამისი მარსიანელებმა მოიტაცეს და მასაც დიდი ხნის მანძილზე სჯეროდა, რომ ეს სიმართლე იყო. როდესაც უკვე დიდი იყო, მხოლოდ მაშინ გაიგო, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, მამამისი სადღაც ახლოს ცხოვრობდა და ის უბრალოდ სხვა ქალთან წავიდა. მამა-შვილი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან.

მწერლობის პირველი მცდელობა სტივენს ბავშვობაში ჰქონდა, როდესაც დაწერა მოთხრობა კომიქსების საფუძველზე. მაშინ დედამ უთხრა, რომ მოთხრობა კარგი იყო, მაგრამ მას სჯეროდა, რომ სტივენს საკუთარი ნაწარმოების შექმნაც შეეძლო. მალე, ასეთი ოთხი მოთხრობა მართლა დაიწერა და თითოში დედამ სტივენს ჰონორარი - 25 ცენტი გადაუხადა.

 

მომავალი მეუღლე სტივენმა კოლეჯში გაიცნო. წყვილი მალევე დაქორწინდა და 3 წელიწადში, 3 შვილიც შეეძინათ. ოჯახი ტრეილერში ცხოვრობდა. სტივენი რამდენიმე ადგილას მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა. მათ შორის, სამრეცხაოშიც მორიგეობდა. სწორედ სამრეცხაოში დაწერა წიგნები: „ღამის ცვლა“ და „ზოგჯერ ისინი ბრუნდებიან“.

საკუთარი ოთახის კედელზე, ახალგაზრდა სტივენს სპეციალურად ჰქონდა დაჭედებული ლურსმანი, რომელზეც გამომცემლობებიდან მიღებულ უარის წერილებს აკრავდა. რაღაც დროის შემდეგ, ლურსმანმა ვეღარ გაუძლო სიმძიმეს და სტივენს მისი შეცვლა მოუწია.

რომანის „კერი“ ხელნაწერმა, რომელმაც კინგს პირველი მსხვილი ჰონორარი - 200 000$ მოუტანა, მისცა საშუალება ოჯახს, თავი დაეღწიათ სიღარიბიდან. ეს ხელნაწერი სტივენის ცოლმა ნაგვის ურნიდან ამოიღო და მეუღლეს გამომცემლობებში დააგზავნინა, მაგრამ 30-ჯერ მოვიდა უარი. ტაბიტამ აიძულა ქმარი, დაემუშავებინა რომანი და Doubleday-ში გააგზავნა. თავიდან, კინგმა 2500$ აიღო, შემდეგ, გამომცემლობამ უფლებები NAL -ს მიჰყიდა 400 000$-ად, საიდანაც სტივენს 50% ერგო. ამ თანხით მას უკვე შეეძლო თავი მთლიანად მწერლობისთვის მიეძღვნა.

მიუხედავად ამისა, სტივენ კინგს არ უყვარს რომანი, საიდანაც მისი კარიერა დაიწყო. ის ყვებოდა, რომ მას არ სჯერა გმირების და განსაკუთრებით არ ესმის მთავარი გმირის - კერის.

ერთადერთი ნაწარმოები, რომელმაც მწერალს უსიამოვნებები მოუტანა, დღეისათვის აკრძალულია და არ იყიდება. ეს არის „Rage” (გაბრაზება). მისი ამოღება ქსელიდან თავად კინგმა მოითხოვა, რადგან სკოლის მოსწავლეებმა დაიწყეს სროლა. ერთ-ერთ არასრულწლოვან დამნაშავეს სწორედ ეს წიგნი უპოვეს. ის ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც წიგნის სიუჟეტში იყო მოთხრობილი.

თუ სტივენ კინგს შემთხვევით გადაეყრებით ქუჩაში და მას ავტოგრაფს სთხოვთ, ის არ მოგიწერთ ხელს. კინგი მხოლოდ სპეციალურად დაგეგმილ ღონისძიებებზე არიგებს ავტოგრაფებს. ფანატები ფიქრობენ, რომ ეს მის ფობიასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მწერალი ამბობს, რომ მას უბრალოდ არ უყვარს, როდესაც ცნობილი ადამიანებისაგან იდეალებს ქმნიან.

განაგრძეთ კითხვა