15 წლის ქართველი კოლექციონერი, რომელსაც გინესის რეკორდებში მეორე ადგილი დაუდასტურდა | Allnews.Ge

15 წლის ქართველი კოლექციონერი, რომელსაც გინესის რეკორდებში მეორე ადგილი დაუდასტურდა

ალბათ ბევრს უოცნებია დისნეის ფერად და ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობაზე. თბილისში ცხოვრობს 15 წლის ბიჭი, ნიკა ღელაღუტაშვილი, რომელმაც ეს ჯადოსნური სამყარო საკუთარ სახლში მოაწყო. ნიკა საქართველოში ერთადერთი კოლექციონერია, რომელიც დისნეის გმირების ფიგურებს აგროვებს. აღსანიშნავია, რომ ნიკას მსოფლიო გინესის რეკორდებში მეორე ადგილი დაუდასტურდა.

- დაახლოებით ოთხი წლის წინ დავიწყე დისნეის ფიგურების შეგროვება. ძალიან მიყვარს დისნეის ანიმაციები და ყოველთვის მინდოდა, ამ გმირებთან რაიმე კავშირი მქონოდა. სოციალურ ქსელში ვნახე, რომ არსებობს ერთ-ერთი კოლექციონერი, რომელიც აგროვებდა დისნეის ფიგურებს და იმ დროისთვის 1000-მდე დისნეის გმირი ჰქონდა.  

- საქართველოში იყიდება ეს ფიგურები? როგორ აგროვებდით?

- მათი შეძენა შეიძლება ორი სახით, ან უნდა გამოიწეროთ ან შესაძლებელია თბილისში ე.წ. სექენდ-ჰენდის მაღაზიებში იშოვო. დაახლოებით 800 ფიგურა მქონდა უკვე, როცა დავრეგისტრირდით BBC-ზე და რვა თვის შემდეგ მომივიდა პასუხი, რომ დაგვიდასტურეს, ანუ მოვხვდი ამ კოლექციონერებს შორის. ამის შემდეგ დაიწყო ადგილების ათვლა.

ამ ფიგურებს გააჩნია თავიანთი კოდები. მათი აღრიცხვა ხდება ფოტომასალით და ამ კოდების დახმარებით. კოდები რომ არ ყოფილიყო, ვერ მოხდებოდა ამ ფიგურების აღრიცხვა. მსოფლიო გინესის რეკორდებში მეორე ადგილი დამიდასტურდა.

mshoblebi

- კონკრეტულად რა სახის ფიგურები გაქვთ და როგორ აგროვებდით ამ წლების განმავლობაში?

- ხუთი სახის ფიგურებია წარმოდგენილი ჩემს კოლექციაში, დისნეი სთორის ქსელური მაღაზიიდან. გარდა ამისა, როდესაც   დისნეის შეუსრულდა 100 წლისთავი, მაკდონალდსმა გადაწყვიტა საჩუქარი გაეკეთებინა ბავშვებისთვის და 100 დისნეის გმირი გამოუშვა. კოლექციაში ასევე წარმოდგენილია ჯაქსის ფიგურები და ინფინიტის ფიგურები, რომელიც გეიმინგ განყოფილებაში შედის. არის კიდევ ხელით მოხატული ბულილენდის ფიგურები, რომელიც ახლაც საკმაოდ ფასეულია.

- ამ ეტაპზე რამდენი ფიგურა გაქვთ?

- ამ ეტაპზე მაქვს 5 000-მდე ფიგურა. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც უბრალოდ მინიატურებს აგროვებს და 10, 20, 30, 100 ათასი მინიატურაც აქვს. აქ კონკრეტულად დისნეის ფიგურებზეა საუბარი.

- რა სახის ფიგურები გაკლიათ, რომ რეკორდსმენი გახდეთ?

- როგორც გითხარით, 5 000-მდე ფიგურაა თაროებზე განთავსებული და კიდევ 10 000-მდე მოდელი არსებობს ბრენდებიდან გამომდინარე. სრული შემადგენლობით ჯერჯერობით არავის აქვს. ძალიან გამიჭირდება დაწვრილებით ახსნა, თუ რა მოდელები მჭირდება კიდევ.

mshoblebi

- თუ გაქვთ ინფორმაცია, საქართველოში მსგავი სახის კოლექცია აქვს ვინმეს?

- არა, საქართველოში მსგავსი კოლექცია არავის აქვს. აგროვებენ მოყვარულის დონეზე. შესაძლოა ჰქონდეთ 100 ცალი ან ცოტა მეტი. ზოგჯერ ხდება ისე, რომ მეორადების მაღაზიებში შესაძლოა აღმოჩნდეს ეს ფიგურები. უმეტესად მშობლები ბავშვებისთვის მხოლოდ გასართობად ყიდულობენ. თხოვნა მექნება ყველასთან, ვისაც კი აქვს მსგავსი ფიგურები უბრალოდ გასართობად, დამიკავშირდნენ. იქნებ რომელიმე ფიგურა საჭირო იყოს ჩემთვის. ძალიან დამეხმარებიან, თუ დამითმობენ, გამიცვლიან, ან შეძენის საშუალებას მომცემენ.

mshoblebi.ge