ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო", რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა და რაც დღემდე ამოუხსნელია | Allnews.Ge

ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო", რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა და რაც დღემდე ამოუხსნელია

ახალი კვლევები ნათელს ჰფენს ჩარლზ დარვინის "საშინელ საიდუმლოს", რომელიც მას სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა.

ტერმინის - ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო" - ფართოდაა ცნობილი. საკმაოდ ბევრმა იცის, რომ დიდმა მეცნიერმა, ევოლუციის თვალსაზრისით, ვერანაირად ვერ ახსნა დედამიწაზე ყვავილოვანი მცენარეების წარმოშობა. ამასთანავე, მხოლოდ ცოტამ თუ იცის ის, რაც ახლახან გამჟღავნდა: ყვავილების საიდუმლოს გამოცნობა ჩარლზ დარვინს თითქმის მთელ თავის ცხოვრებად უღირდა და სიცოცხლის ბოლო დღემდე ამის გამო ძალიან იტანჯებოდა.

საარქივო დოკუმენტების შესწავლისას, ლონდონის უნივერსიტეტის ბიოლოგმა-ევოლუციონისტმა, პროფესორმა რიჩარდ ბაგსმა აღმოაჩინა, რომ ჩარლზ დარვინს სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე გაბედული ოპონენტი გამოუჩნდა - შოტლანდიელი ბოტანიკოსი უილიამ კარუტერსი, რომელიც მხარს უჭერდა ყვავილოვანი მცენარეების წარმოშობის კრეაციონისტულ თეორიას: იგი ვარაუდობდა, რომ ყვავილები დედამიწაზე "ზემოდან" ჩარევის წყალობით გაჩნდნენ და პრესაში ყველას გასაგონად განაცხადა, - ჩარლზ დარვინს ამ საკითხის საბუნებისმეტყველო მეცნიერული მიდგომით ახსნა არ შეუძლიაო.

 

დარვინისეული ევოლუციური თეორიის ერთგვარი ნაკლი (თუ მისი მცდარობა) საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა და შესაბამისად, სამეცნიერო სამყაროში ჩარლზ დარვინის პოზიციებს საფრთხე დაემუქრა. სწორედ მაშინ გაჩნდა სიტყვათაწყობა "the abominable mystery": "საშინელი (საზიზღარი) საიდუმლო".

  • რაში გამოიხატება ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო"?

პირველად ეს ტერმინი თვითონ ჩარლზ დარვინმა 1879 წელს გამოიყენა მეგობრისადმი - ბოტანიკოსისა და მკვლევარის ჯოზეფ ჰუკერისადმი მიწერილ წერილში. იგი წერდა, რომ გეოლოგიური თვალსაზრისით, უმაღლესი მცენარეების (იგულისხმება მცენარეთა მაღალორგანიზებული ჯგუფი - ხავსისნაირები, გვიმრანაირები, შიშველთესლოვანები და ფარულთესლოვანები) სწრაფი განვითარების ფაქტი "საშინელი საიდუმლოებით" არის მოცული. საქმე ეხებოდა იმ ყვავილებს და ყვავილოვან მცენარეებს (ფარულთესლიანებს), რომელთა განმასხვავებელი ნიშნები მათში სქესობრივი მომწიფების ორგანოების არსებობაში გამოიხატებოდა. ამგვარ მცენარეებს მიეკუთვნება დედამიწის ფლორის დიდი ნაწილი - წყლის ლილიებიდან დაწყებული, მუხის ხით და ხეხილით დამთავრებული.

ჩარლზ დარვინმა ვერ შეძლო მათი გაჩენისა და ევოლუციის პროცესის განმარტება. არადა, მართლაც საკვირველი რეალობაა: ყვავილოვანი მცენარეები დედამიწაზე, სხვა სახეობებთან შედარებით, გვიან წარმოიქმნენ, თუმცა მათ ძალიან სწრაფად შეიძინეს ფერთა ფართო მრავალნაირობა, ზომები და ფორმები.

როგორც პროფესორი რიჩარდ ბაგსი ამბობს, "ე.წ. "ნამარხ მცენარეთა მატიანეს" მიხედვით, ყვავილოვანი მცენარეები (Angiospermae) ჩვენს პლანეტაზე უეცრად გაჩნდნენ - ცარცულ პერიოდში, დაახლოებით 100 მილიონი წლის წინათ. მათ არ აქვთ ერთიანი მსგავსება მანამდე არსებულ მცენარეებთან. გარდა ამისა, მათი გამოჩენა აღინიშნა მრავალფეროვანი ქვესახეობებით".

სწორედ ეს - "ყვავილთა უეცარი გაჩენა" - არ აძლევდა ჩარლ დარვინს დამშვიდების შესაძლებლობას. რატომ არ ჩანს ყვავილოვანი მცენარეების თანმიმდევრობითი ევოლუცია? სად გაქრნენ შუალედური ფორმები მცენარეების წიწვოვან (Gymnospermае) და ყვავილოვან ჯიშებს შორის? და როგორ შეიძლება მოხდეს მათი ესოდენ სწრაფი გაჩენა დედამიწაზე, თანაც ამდენი სახეობითა და ვარიანტით?

ჩარლზ დარვინისათვის გაუგებარი იყო, თუ როგორ აიცილეს თავიდან ამ მცენარეებმა განვითარების ის თანმიმდევრობითი ეტაპები, რომლებიც ფლორისა და ფაუნის ყველა სახეობამ გაიარა, ძუძუმწოვრების ჩათვლით. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდა ბუნებრივი შერჩევის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს, რომლის თანახმად, ბუნებაში, ცოცხალი ორგანიზმების განვითარების პროცესში, მკვეთრი ნახტომები არ ხდება.

ჩარლზ დარვინი დიდი ხნის განმავლობაში იმშვიდებდა თავს იმ იდეით, რომლის მიხედვით, შესაძლოა ყვავილოვანი მცენარეები სადღაც, რომელიღაც აწ უკვე გამქრალ კუნძულზე ან კონტინენტზე გაჩნდნენ, ევოლუცია გაიარეს და შემდეგ მთელ დედამიწაზე გავრცელდნენო. 1881 წლის აგვისტოში, სიკვდილამდე სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე, დარვინმა ჰუკერს მიწერა: "ჩემთვის არაფერი არაა უფრო არაორდინალური მცენარეთა სამყაროს ისტორიაში, ვიდრე უმაღლესი მცენარეულობის მოულოდნელი და სწრაფი განვითარება. ზოგჯერ მეჩვენება, რომ საუკუნეთა განმავლობაში სადღაც სამხრეთ პოლუსთან ახლოს შორეული და ჯერ კიდევ აღმოუჩენელი, ან უკვე გამქრალი კონტინენტი არსებობდა".

  • უილიამ კარუტერსი ჩარლზ დარვინის წინააღმდეგ

დიდი ბრიტანეთის სამეფო ბოტანიკური ბაღების ბიბლიოთეკაში პროფესორი რიჩარდ ბაგსი მოულოდნელად წააწყდა იმ ლექციის ტექსტის ასლს, რომელიც 1876 წელს გეოლოგიური ასოციაციის წევრების წინაშე შოტლანდიელმა ბოტანიკოსმა უილიამ კარუტერსმა წაიკითხა. მასში შოტლანდიელი ამტკიცებს, რომ ჩარლზ დარვინს არ აქვს იმის უნარი და გონება, რომ ყვავილოვანი მცენარეების წარმოშობა ახსნას. იმიტომ, რომ მათ გამოჩენას დედამიწაზე "ღვთაებრივი საფუძველი" აქვს.

უილიამ კარუტერსმა, აკრიტიკებდა რა დარვინისეულ ევოლუციის თეორიას, ამით მწვავე დავა გამოიწვია არამარტო სამეცნიერო წრეებში, არამედ მთლიანად საზოგადოებაშიც. მისი გამონათქვამები და დასკვნები გამოაქვეყნა ჯერ გაზეთმა "თაიმსმა", შემდეგ კი სხვადასხვა აკადემიურმა გამოცემებმა.

"კარუტერსმა ისარგებლა მომენტით იმისთვის, რომ დარვინის თეორიის წინააღმდეგ "ჯვაროსნული ლაშქრობა" დაეწყო. მისი მტკიცებით, ფარულთესლოვანი მცენარეები ცარცულ პერიოდში უშუალოდ ღმერთმა გააჩინა. ჩარლზ დარვინისა და მისი მეგობრებისათვის (თანამოაზრეებისათვის) უილიამ კარუტერსის ასეთი პოზიცია სრულ ერესს ანუ ჭეშმარიტების უარყოფას წარმოადგენდა, მაგრამ წარმოიქმნა პრობლემა: დარვინსა და მის მომხრეებს ამ მოვლენის (ყვავილების გაჩენის) ახსნა ევოლუციის თვალსაზრისით არ შეეძლოთ", - ამბობს რიჩარდ ბაგსი.

პროფესორის აზრით, სწორედ ამ სიტუაციამ მისცა ბიძგი ჩარლზ დარვინს გამოეყენებინა სიტყვათაწყობა "საშინელი საიდუმლო". თავისი გამოკვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით რიჩარდ ბაგსმა სამეცნიერო ჟურნალ American Journal of Botany-ში გამოაქვეყნა.

რაც შეეხება თვითონ უილიამ კარუტერსს, იგი პალეობოტანიკის სფეროში ერთ-ერთი დიდი მეცნიერი გახდა, პარალელურად კი ბრიტანეთის მუზეუმში ბოტანიკის განყოფილების მცველი იყო.

რიჩარდ ბაგსის თქმით, ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო" გარკვეულად ჰგავს "ფერმის თეორემას", რომელიც 1637 წელს მათემატიკოსმა პიერ ფერმა ჩამოაყალიბა. ვერცერთმა ვერ შეძლო თავის სიცოცხლეში მათივე შექმნილი ამოცანის ამოხსნა. "ჩვენ გავიგეთ, თუ რა ტრიალებდა დარვინის თავში მისი სიცოცხლის ბოლო წლებში. ეს ისეთი გამოცანა იყო, რომლის ამოხსნის მცდელობით ჩარლზ დარვინის მთელ გონება იყო დაკავებული, მის სიკვდილამდე".

განაგრძეთ კითხვა