ყველაზე დიდი აღმოჩენა ტუტანჰამონის საფლავის შემდეგ- არქეოლოგებმა ეგვიპტეში „დაკარგული ოქროს ქალაქი“ აღმოაჩინეს | Allnews.Ge

ყველაზე დიდი აღმოჩენა ტუტანჰამონის საფლავის შემდეგ- არქეოლოგებმა ეგვიპტეში „დაკარგული ოქროს ქალაქი“ აღმოაჩინეს

ეგვიპტეში ქალაქ ლუქსორთან ახლოს 3 000 წლის წინანდელი ქალაქი აღმოაჩინეს, რომელსაც ადგილობრივმა მედიამ ტუტანჰამონის აკლდამის შემდეგ ყველაზე დიდი არქეოლოგიური აღმოჩენა უწოდა. უძველეს დასახლებულ პუნქტს „დაკარგული ოქროს ქალაქის“ სახელით მოიხსენიებენ.

მეცნიერების მტკიცებით, უძველესი ქალაქი ფარაონ ამენჰოტეპ III მმართველობის პერიოდს განეკუთვნება, რომელიც ძვ.წ. 1391-1353 წლებში მართავდა ეგვიპტეს.

გათხრების დროს არქეოლოგებმა უამრავი არტეფაქტი აღმოაჩინეს. მათ შორისაა თიხის ჭურჭელი, სამკაულები, პირადი მოხმარების ნივთები და სხვა.

არქეოლოგ ზაჰი ჰავსის თქმით, უძველესი ქალაქი, რომელსაც წყაროებში ათენს უწოდებენ, ეგვიპტის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და სამრეწველო ცენტრი იყო.

არქეოლოგებმა ქალაქში ათობით საცხოვრებელი სახლი აღმოაჩინეს, რომლებიც ფაქტობრივად, ხელუხლებლადაა შემორჩენილი. მკვლევართა ინტერესი განსაკუთრებით ერთმა შენობამ გამოიწვია, რომელიც უძველეს საცხობს წარმოადგენდა. საცხობში რამდენიმე ცეცხლის კერა აღმოჩნდა, რაც ადასტურებს, რომ აქ ათობით ადამიანი მუშაობდა.

ისტორიკოსები ახალ იმაზე მსჯელობენ თუ რა გახდა ქალაქის დაცარიელების მიზეზი. ყველაზე სარწმუნო ვერსიაა ახალი ქალაქის, ამარნას დაარსება და დედაქალაქის იქ გადატანა. შესაბამისად, ათენმა მნიშვნელობა ეტაპობრივად დაკარგა და დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა.

მკვლევარები აცხადებენ, რომ არქეოლოგიური გათხრები სულ რამდენიმე თვეა დაიწყო და მათ უკვე უამრავი არტეფაქტი აღმოაჩინეს. მათ იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში გათხრები უძველესი ცივილიზაციის შესახებ კიდევ ბევრ იდუმალებას ახდის ფარდას.

ასევე დაგაინტერესებთ:

უძველესი რუკა ევროპაში- რა საიდუმლოს ინახავს ბრინჯაოს ხანის ქვის ფილა

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო- რას აცხადებენ მეცნიერები?