მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქმარი და 70 წელი "ცოლის ჩრდილში" - პრინც ფილიპისა და დედოფალ ელისაბედის სიყვარულის ამბავი: ბრიტანეთი პრინცს ემშვიდობება | Allnews.Ge

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქმარი და 70 წელი "ცოლის ჩრდილში" - პრინც ფილიპისა და დედოფალ ელისაბედის სიყვარულის ამბავი: ბრიტანეთი პრინცს ემშვიდობება

ედინბურგის ჰერცოგი და უდავოდ, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქმარი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან შვიდი ათწლეული თავისი ცოლის, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის ჩრდილში გაატარა - წერს ბრიტანული გამოცემა BBC პრინც ფილიპის გარდაცვალების შემდეგ.

ცოლის ჩრდილში ყოფნა მოსიყვარულე ქმრისთვის არასდროს ყოფილა პრობლემა და ის დედოფალ ელისაბედის მთავარი მხარდამჭერი და გულშემატკივარი იყო.

ერთად დადიოდნენ ოფიციალური ვიზიტით სხვადასხვა ქვეყნებში. ცოლს უმეტესად "ლილიბეთს", ან "საყვარელოს" ეძახდა და ოჯახში ჰარმონიულობას ქმნიდა.

 

ფილიპს ჰქონდა პრინცის სტატუსი, ჰერცოგის ტიტული, მაგრამ მისი მთავარი სტატუსი დედოფლის ქმრობა გახლდათ. დღეს კი, როცა გარდაიცვალა, ბრიტანელები ამბობენ, რომ ის ამ სტატუსს ღირსეულად ატარებდა.

  • წარმომავლობა

პრინცი ფილიპი 1921 წლის 20 ივნისს, საბერძნეთში, ბერძნებისა და დანიელების დიდგვაროვანთა ოჯახში დაიბადა. ფილიპი იყო საბერძნეთის პრინც ენდრიუსა და ბანტენბერგის პრინცესა ელისის ერთადერთი ვაჟი. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, 1922 წელს მისმა ოჯახმა საბერძნეთი დატოვა. სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ საფრანგეთში, გერმანიაში და ასევე დიდ ბრიტანეთში.

  • მოზარდი პრინცესა ელისაბედი და მითოლოგიური პერსონაჟის მსგავსი ფილიპი

პრინცესა ელისაბედი ჯერ კიდევ 13 წლის, ხოლო ფილიპი 18 წლის იყო, როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ. იმ დროს ფილიპი ახალგაზრდა სამხედრო კადეტებში ირიცხებოდა. შეხვედრა 1939 წელს დართმუზში გაიმართა და მას მეფე ჯორჯ VI-ც ესწრებოდა.

ბრიტანელი ლედი პამელა ჰიქსი იხსენებს, ფილიპი ბერძნული მითოლოგიის ღმერთს ჰგავდა და მოზარდ პრინცესას ის ერთი ნახვით შეუყვარდა. სამეფო ოჯახის ისტორიკოსი რობერტ ლეისი წერს, რომ მეფე ჯორჯ VI-ს არ სურდა ქალიშვილი პირველივე შემხვედრ მამაკაცს გაჰყოლოდა ცოლად, თუმცა წყვილის სიყვარულს ხელი ვერაფერმა შეუშალა. მათ რომანტიკული სიყვარული აკავშირებდათ და წლების განმავლობაში სასიყვარულო წერილებს სწერდნენ ერთმანეთს.

ნიშნობა პირველი შეხვედრიდან 8 წლის შემდეგ, 1947 წელს გაიმართა, ამავე წელს, ნოემბერში კი გრანდიოზული საქორწინო ცერემონიაც შედგა, ისეთი, როგორიც სამეფო ოჯახს შეეფერებოდა. ჯვრისწერა უესტმინსტერის სააბატოში გაიმართა.

დედოფალსა და პრინც ფილიპს 4 შვილი შეეძინათ. პრინცი ჩარლზი, რომელიც ახლა 72 წლისაა, პრინცესა ანა - 70 წლის, პრინცი ენდრიუ - 61 წლის და პრინცი ედვარდი - 57 წლის.

"თანაგრძნობა მოდის დედოფლისგან, მოვალეობა და დისციპლინა კი მამისგან“, - ამბობდა პრინცი ენდრიუ და ასევე იხსენებდა იმასაც, თუ როგორ ედგა მამა გვერდით ცხოვრების რთულ პერიოდში.

ის თავისუფლად ფლობდა ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს და დედოფალთან ერთად 143 ქვეყანაში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით და ისინი ერთმანეთის განუყოფელ ნაწილად ითვლებოდნენ.

პრინცმა ფილიპმა 2017 წელს განაცხადა, რომ უარს ამბობდა სამეფო მოვალეობებზე, ყოველივეს მიზეზი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო. მდგომარეობა განსაკუთრებით გაურთულდა მიმდინარე წელს და რამდენჯერმე საავადმყოფოშიც მოხვდა.

კლინიკიდან ის რამდენიმე დღის წინ გამოწერეს და სამეფო სახლმა ახალი ფოტოებიც გაავრცელა, ოფიციალურ განცხადებაში კი ნათქვამი იყო, რომ 99 წლის პრინცი თავს კარგად გრძნობდა.

დღეს, 9 აპრილს კი გაირკვა, რომ ედინბურგის ჰერცოგი გარდაიცვალა. ბრიტანეთი ახლა სამეფო ოჯახის გამორჩეულ წევრს ემშვიდობება.

ambebi.ge