ასობით მინიატურული ბოთლი 33 ქვეყნიდან - გიორგი კეპულაძეს სახლში მსოფლიოს ყველა ცნობილი ბრენდის სასმელი აქვს | Allnews.Ge

ასობით მინიატურული ბოთლი 33 ქვეყნიდან - გიორგი კეპულაძეს სახლში მსოფლიოს ყველა ცნობილი ბრენდის სასმელი აქვს

2007 წლიდან მინიატურულ ნივთებს აგროვებს. ჭიქებით დაიწყო და მინიატურულ ბოთლებში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელების შეგროვებაზეც მალე გადავიდა, თუმცა ერთი-ორი პატარა „ნუთელას“ ქილაც აქვს... „კოლექციის შეგროვებაში ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები მეხმარებიან. ადამიანებს, რომლებმაც იციან, რომ კოლექციას ვაგროვებ, ჭიქები ისეთი ქვეყნიდან ჩამოაქვთ, სადაც ყველა შეიძლება, ვერც მოვხვდეთ... მე ესპანეთიდან დავიწყე, პირველი მინიატურული ჭიქები მადრიდში შევიძინე,“ - გვეუბნება საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე, რომელიც თურმე, როგორც საკუთარი „ფეისბუქგვედიდან“ გვაცნობა, მინიატურული ჭიქებისა და ალკოჰოლიანი მინიატურული ბოთლების კოლექციონერია.

გიორგი ამ ნივთებით ამაყობს, მასში 226 მინიატურული ბოთლია და 131 პატარა ჭიქა. ეს კრებული კი 33 ქვეყნის 52 ქალაქიდანაა. „მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი ბრენდისა და გავრცელებული ალკოჰოლური სასმელი მაქვს, მათ შორის, ქართული ღვინო, კონიაკი, ჭაჭა, არაყი, შამპანური. უმრავლესობა უცხოეთში ყოფნისასაა შეძენილი, ისიც მაშინ, თუ წავაწყდი რაიმე უცხოსა და უცნაურს. ასე მარტივადაც არ არის - ყველგან არ იყიდება.

მოკლედ, 226 სასმელიდან 2 ერთნაირი არ მეორდება, სულ თითო-თითოა. რაოდენობას არ მივყვები, მთავრია, იყოს ერთი და უნიკალური - ამ პრინციპით ვაგროვებ“, - გვიხსნის კოლექციონერი.

სანამ მინიატურულ ჭიქების შეგროვებას დაიწყებდა, მანამდე უცხოეთიდან სამახსოვროდ მაცივარზე მისაკრავი მაგნიტები, თეფშები ჩამოჰქონდა. მერე რატომღაც მინიატურული ჭიქების შეგროვებამ გაიტაცა. „მოულოდნელად ვიზუალურად ძალიან მომეწონა ეს პატარა ბოთლები. თან, უნდა გამოვტყდე, რომ ალკოჰოლთან ჯანსაღი დამოკიდებულება მაქვს. მინი ბოთლები დიდ ბოთლებს იმიტომ ჯობია, რომ არ გახსნი, აზრი არ აქვს. დიდები კი შეიძლება, ვერ მომეთმინა და გამეხსნა. თან, კოლექციის შეგროვებას ვაგრძელებ და გაჩერებას არ ვაპირებ,“ - აღნიშნავს გიორგი, რომელსაც კოლექცია შუშის ვიტრაჟებში აქვს განლაგებული და ყოველთვის მის თუნდაც გასაწმენდად გადმოლაგებას დიდი სიფრთხილით ეკიდება. ეს პროცესი თურმე არც ისე მალე სრულდება, დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ გიორგის ეს ყველაფერი სიამოვნებას ანიჭებს.

„თავიდან ამ ყველაფერს სამოყვარულო ხასიათი ჰქონდა. ასე სერიოზულად არ ვუდგებოდი და განვიხილავდი, არ მეგონა, 100 ცალს თუ ავცდებოდი, მაგრამ კოლექცია თანდათან გამრავლდა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ სტუმრებსაც, ვინც ნახულობდა, მოსწონდა, აღფრთოვებულები იყვნენ. როგორც გითხარით, თანდათან სერიოზულად მივუდექი.

ხომ ვამბობ, რაოდენობა არ არის მთავარი, მნიშვნელოვანია, თითოეული ბოთლი მოგზაურობას უკავშირდებოდეს. ამასთან, როდესაც ის შენთვის სხვას უცხოეთიდან ჩამოაქვს, ეს იმ ადამიანის მიმართ განსაკუთრებული სითბოთი განმაწყობს, რადგანაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი რამ ჩამოაქვს. რომელიც, რა თქმა უნდა, ძვირი არ ღირს, მაგრამ უკვე კოლექციად შეგროვებულს ჩემთვის სხვა ემოციური დატვირთვა აქვს და მორალური ფასი აქვს".

ავტორი: ლალი ფაცია