"გორგასლიანის ბიჭები“ - ეპოქალური კლასის ამბავი, რომელშიც გურამ დოჩანაშვილი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და გელა ჩარკვიანი სწავლობდნენ | Allnews.Ge

"გორგასლიანის ბიჭები“ - ეპოქალური კლასის ამბავი, რომელშიც გურამ დოჩანაშვილი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და გელა ჩარკვიანი სწავლობდნენ

უდიდესი ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება ძალიან დაამწუხრა, რადგანაც ამ ქვეყნიდან ქართული სიტყვის ოსტატი და დიდი ადამიანი წავიდა.

მწერალთან დაკავშირებით, ამ დღეებში ყველა თავის მოგონებას აცოცხლებს. გაიხსენეს გურამ დოჩანაშვილის კლასიც, რომელშიც ჩვენი საზოგადოების გამოჩენილი ადამიანები - ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გელა ჩარკვიანი სწავლობდნენ.

ვიღაცებისთვის ეს ინფორმაცია სიახლე აღმოჩნდა, უმრავლესობისთვის - კარგად ნაცნობი ამბის გახსენება, რადგანაც თავად გურამ დოჩანაშვილს და გელა ჩარკვიანს ამის შესახებ არაერთ ინტერვიუში მოუყოლიათ.

"31 მარტი ჩემი თანაკლასელისა და სკოლის მეგობრის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ნიჭიერი ბიჭი იყო, კარგი ლექსები ჰქონდა. ორჯერ ერთად ვიყავით დაჭერილი. მახსოვს, მე, ჯონდო მეტრეველი და ჩვენი ერთი თანაკლასელი ვოვა სიხარულიძე ბაკურიანში ვიყავით, ზვიადიც იქ ისვენებდა, ოღონდ ცალკე, სხვაგან. ვოვა თხილამურებზე სრიალებდა, მე და ჯონდო კი მთელი დღე ვსვამდით. ზვიადი რომ გამოგვივლიდა, დაიხრჩობითო, ბრაზობდა და სასეირნოდ გავყავდით..." - იხსენებდა გურამ დოჩანაშვილი kvirispalitra.ge -სთან.

პატარა გურამ დოჩანაშვილი

გადავწყვიტეთ, ეს თვალსაჩინო კლასი კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა. ალბათ, მართლა ბედისწერა იყო, ამდენი საოცარი ადამიანის თბილისის 47-ე სკოლის ერთ კლასში თავმოყრა. ისინი თავიდანვე გამოირჩეოდნენ აზროვნებით, განათლებით, მიზანდასახულებით და დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნებით. თუმცა მაშინ არავინ იცოდა, რომ გავიდოდა წლები და თითოეული მათგანი საქართველოს უახლოეს ისტორიაში მნიშვნელოვან და საფუძვლიან კვალს დატოვებდა.

ambebi.ge საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უფროს ვაჟს, კონსტანტინე გამსახურდიას დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად დიპლომატიურ სამსახურშია, ის გერმანიაში საქართველოს დესპანი გახლავთ.

კონსტანტინე გამსახურდია:

- ზოგადად, ამ კლასზე თუ ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ იქ სწავლობდნენ მრავალმხრივი ინტერესის მქონე მოსწავლეები, რომლებსაც ერთი მხრივ, იზიდავდათ საქართველოს ისტორია, მსოფლიოს ისტორია, მუსიკა, ხელოვნების სხვადასხვა დარგი და რა თქმა უნდა, აინტერებდათ პოლიტიკაც. ესენი იყვნენ "გორგასლიანის ბიჭები“, რომლებმაც 1956 წლის 9 მარტის გამოსვლების შემდეგ თავიანთი ცნობილი პროკლამაციებით გაითქვეს სახელი. 9 მარტის პროტესტი, მართალია, სტალინის კულტის დაგმობის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ აქ, როგორც ჩანს, კოლექტიურმა არაცნობიერმაც დიდი როლი ითამაშა. არაცნობიერად ეს იყო პროტესტი დამოუკიდებლობის წართმევის გამო. ხალხს ქვეცნობიერში რაც ჰქონდა, ამ ახალგაზრდებმაც სწორედ ეს გაშიფრეს, ის ძირითადი აზრი დაიტანეს იმ პროკლამაციაზე, რაც გაავრცელეს.

ეპოქალური კლასი

 

როგორც ვიცი, ისინი ორ ნაწილად გაიყვნენ - ჯგუფი ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (პლეხანოვზე) ავრცელებდა პროკლამაციებს, მერაბ კოსტავა და კიდევ სამი ახალგაზრდა - მარჯვენაზე (ვერისა და მთაწმინდის არეალზე). რაც შეეხება პროკლამაციას, ის იმის მომასწავებელი იყო, რომ კომუნიზმის წინააღმდეგ სასტიკი სამსჯავრო ახლოვდებოდა, რომ იმ აქციის შემდეგ, საქართველო უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი! ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ გმირ უნგრელ ხალხს, რამდენადაც იმ პერიოდში საბჭოთა არმია უნგრეთში შეიჭრა და იქაური მოქალაქეების პროტესტის მცდელობა ჩაახშო.

- გარდა ახალგაზრდების პოლიტიკური მისწრაფებებისა, რას საქმიანობდნენ კიდევ?

- ბიჭები ერთად ქეიფიც უყვარდათ, ქართული სუფრის ტრადიციებსაც არ ღალატობდნენ. მათ შეეძლოთ ქართული სიმღერა და კარგად მუზიცირებდნენ. შემდეგ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მუსიკალურ ათწლედში გადავიდნენ...

მათ ჰქონდათ ასევე სხვადასხვა ხუმრობა. ერთ-ერთ ხუმრობას ჰყავდა 2 პერსონაჟი, - ქუჩური კულტურის მიმდევარი - შალიკო და გოგია. ბიჭები მათზე ძირითადად სასაცილო ამბებს ყვებოდნენ. რა თქვა შალიკომ და რა უპასუხა გოგიამ. ამ იუმორით, რა თქმა უნდა, არა ბოროტად, თბილისური ქუჩური კულტურის წარმომადგენლებს ასახიერებდნენ და გარკვეულად აშარჟებდნენ.

იმ პერიოდში ასევე "წყნეთელი ვირის“ სახით სატირული ფიგურა შექმნეს. ის სამხედრო პირი იყო, რომელმაც დიდ სიმაღლეებს მიაღწია - ხელში ჩაიგდო უზარმაზარი იმპერიის მთავარსარდლობა. ვირს "ყანეული" ერქვა, ამაზეც წერდნენ რაღაცნაირ ეპოსს და დასცინოდნენ. "ყანეული" რაღაცით ჰგავდა დევს ცნობილი სპექტაკლიდან "ჭინჭრაქა“... ამგვარად, ეს უწყინარი ცხოველი ისეთ ფიგურად წარმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ უძლიერეს არმიას ჩაუყენეს სათავეში, რომელმაც შემდეგ ხელში აიღო სახელმწიფოს მართვა...

ჯონდო მეტრეველი, ზვიად გამსახურდია და გურამ დოჩანაშვილი ბაკურიანში

 

ბატონი გელას ერთი მონათხრობი მახსოვს - ამ კლასის წარმომადგენლები ერთად იყვნენ სუფრაზე და მოესმათ მოცარტის მუსიკა და მაშინვე იცნეს. მათ შეეძლოთ, მოესმინათ მუსიკა, არ სცოდნოდათ კომპოზიტორი და მისი ვინაობა გამოეცნოთ. ერთხელაც, ერთად ყოფილან, მოცატი მოუსმენიათ, მაშინვე გამოუცნიათ, ზვიად გამსახურდიას კი უთქვამს, მოცარტი კარგია, მაგრამ "ჩაკრულო“ საოცარი ნაწარმოებია მუსიკალური კულტურის და განსხვავებული თვითმყობადობისო. განაგრძეთ კითხვა