თურქეთის ქართველი დედოფლის, გურჯი ხათუნის მდიდრული და ტრაგიკული ცხოვრება | Allnews.Ge

თურქეთის ქართველი დედოფლის, გურჯი ხათუნის მდიდრული და ტრაგიკული ცხოვრება

თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. საქართველოს საელჩოს ცნობით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია სარკოფაგები.

"თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას" - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

გურჯი ხათუნი თამარ მეფის შვილიშვილი იყო. ის 13 წლისა მიათხოვეს თურქეთის სულთანს, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა ცოლი. სწორედ აქედან იწყება გურჯი ხათუნის ცხოვრების საინტერესო და ტრაგიკული ისტორია... გთავაზობთ სტატიას გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან სულთნის ქართველი მეუღლის შესახებ.

კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში უამრავ უნიკალურ ექსპონატთან ერთად ინახება XIII საუკუნის ვერცხლის მონეტა. თურქეთის სულთნის ქეიხუსრევ ბენ ქეიყუბადის ძლევამოსილების ნიშნად მოჭრილ ვერცხლის ფულს ჩვენთვის ფასი არ ექნებოდა, რომ არა თამარ მეფის შვილიშვილი თამარი. სულთანმა მონეტა სწორედ მას უძღვნა...

13 წლის თამარი სელჯუკთა სახელგანთქმულ ახალგაზრდა მბრძანებელს მიათხოვეს. ხალხმა მას გურჯი ხათუნი უწოდა. უზომოდ შეყვარებულ სულთანს გადაუწყვეტია, მისი სახე მონეტაზე ამოეტვიფრა, მაგრამ მუსლიმანური კანონი კრძალავდა სახისა და თანაც ქალის გამოხატვას.

ამიტომაც ჭაბუკმა ქეიხუსრევმა ხერხი იხმარა და მონეტა ისე გამოჭედა, რომ საწადელი აისრულა, ხელოვნების, სიყვარულისა და ერთგულების ნიმუშად აქცია და რელიგიის დოგმებიც არ დაარღვია. აქედან დაედო სათავე ლომისა და მზის სიმბოლიკას მაჰმადიანური სამყაროს დროშებზე, გერბზე და სხვ. ყიასედინმა მონეტის უკანა მხარეს არაბული ასოებით წააწერინა: "დიდებული სულთანი, ქვეყნიერებისა და სარწმუნოების წყალობა, ქეიხუსრევ ბენ ქეიყუბადი, ჰიჯრით 638".

ნომინალის წინა მხარეს ცის თაღი ამოატვიფრინა წარწერით: "იმამი, რომელმაც ალაჰის ძალით გამარჯვება მოიპოვა, მართლმორწმუნეთა ამირა". თაღის ქვეშ ვარსკვლავებია, მათ შორის კი - მზე, რომლის ქვემოთ ლომი დგას. გამოვიდა, რომ მზე ლომის ზოდიაქოში იყო ამოტვიფრული, ამასთან, ქეიხუსრევმა ციური სხეულის დისკოში ამოატვიფრინა ქალის სახე, რომელიც გურჯი ხათუნს ძალიან ჰგავდა.

გიორგი კალანდია, კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის დირექტორი:

"როგორც ანკარის მუზეუმის ნუმიზმატმა მითხრა, სულთანს იმდენად უყვარდა მეუღლე, ცაში აიყვანა და მზეში გამოსახაო. მხოლოდ ქეიხუსრევს როდი უყვარდა გურჯი ხათუნი. მას წმინდანივით სცემდნენ თაყვანს მუსლიმანურ სამეფოში და ორი სამყაროს - მუსლიმანურისა და ქრისტიანულის დედოფალს უწოდებდნენ. სილამაზისა და გონიერების წყალობით სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად.

ხალხის ასეთი სიყვარული გასაკვირიც არ იყო, რადგან დედოფალს ტახტზე დაბრძანებისთანავე გაუცია პურის გაიაფების ბრძანება, უმწეოთათვის უფასოდ დარიგება. დაუარსებია პურის ბაზარი, რომლის მუშაობასაც თვითონვე აკონტროლებდა. მოახლე, რომელიც ხელმოკლეობის გამო ვერ თხოვდებოდა, თვითონვე გამოუწყვია მზითვით.

გურჯი ხათუნი მონაწილეობდა უცხო ქვეყნების ელჩებთან შეხვედრებში, აწარმოებდა მოლაპარაკებებს, აქტიურად ერეოდა ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში. დიპლომატიური ნიჭის წყალობით სიცოცხლის ბოლომდე ქრისტიანობის ერთგული დარჩა, თუმც იყო დრო, როდესაც სულთანი სჯულის დათმობას სთხოვდა" - გვიამბობს კალანდია.

თამარის ცხოვრება ბედნიერებისა და უბედურების მონაცვლეობა იყო. ქმარს თავი ისე შეაყვარა, რომ სულთანმა მიატოვა ყველა ცოლი, რომელიც მანამდე ჰყოლია. ამის გამო ერთ-ერთმა მათგანმა გურჯი ხათუნი მოწამლა და ის ძლივს გადაურჩა სიკვდილს. გამხეცებულმა სულთანმა დამნაშავე მოაკვლევინა. სწორედ ამის შემდეგ გაუცია სულთანს ზემოხსენებული მონეტის მოჭრის განკარგულება. როგორც ამბობენ, მასზე უცნაური ზოდიაქოს გამოსახვა ქართველი დედოფლის იდეა იყო...

 

გიორგი კალანდია:

"ეს გასაკვირი არც უნდა იყოს. საქართველოში ხომ მიჯნურ ვაჟს ხშირად ლომს ადარებდნენ, მის მშვენიერ სატრფოს კი მზეს. ასე იყო მაშინაც, როცა შოთა რუსთაველი გურჯი ხათუნის ბებიას, დიდ თამარ მეფეს "ვეფხისტყაოსანს" უძღვნიდა: "ვის შვენის, ლომსა, ხმარება შუბისა, ფარ შიმშერისა, მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბალახშ, თმა-გიშერისა". სულთანს თავისი სიყვარულის უკვდავსაყოფად რაღაც ისეთის შექმნა უნდოდა, რაც საუკუნეებს გაუძლებდა".

გურჯი ხათუნი ფუფუნებაში და ლაღად ცხოვრობდა. იცავდა ქრისტიანულ სჯულს და ესწრებოდა თანმხლები სასულიერო პირების მიერ ჩატარებულ საღვთო ლიტურგიებს. ასე მოითხოვა საქართველოს სამეფო კარმა, როდესაც თამარს ათხოვებდნენ. ქალაქ კონიაში მისი სასახლის საძირკველთან დღემდეა შემორჩენილი ბოლნური ჯვარი. დედოფლის პალატებში ხატები იყო დაბრძანებული და არავინ დევნიდა ამის გამო, ვიდრე დედამისმა, რუსუდანმა არ დაატეხა თავს უბედურება.

მემატიანის ცნობით, რუსუდანმა ღვთის შიში დაივიწყა და ძმისაგან ანდერძით შევედრებული ძმისწული დავითი (ულუდ წოდებული), კონიაში სიძესა და ასულს მოსაკლავად გაუგზავნა. დავითმა თავისი ხელით ჩაუტანა ბიძაშვილს და სიძეს წერილი, სადაც რუსუდანი მის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა. საქართველოს დედოფალი იმედოვნებდა, რომ კონკურენტის ჩამოშორებით ტახტისაკენ გზას გაუკვალავდა თავის ძეს, დავით ნარინს... წაიკითხეთ ვრცლად