სტალინის დროს აშენებული სამხედრო სანატორიუმი შოვში, სადაც საბჭოთა ჯარის მაღალჩინოსნები ისვენებდნენ - ულამაზესი შენობის ისტორია | Allnews.Ge

სტალინის დროს აშენებული სამხედრო სანატორიუმი შოვში, სადაც საბჭოთა ჯარის მაღალჩინოსნები ისვენებდნენ - ულამაზესი შენობის ისტორია

საქართველოში არაერთი მიტოვებული სახლია, მათ შორის, ისეთიც, რომელსაც წარსულის დიდება დღემდე აქვს შერჩენილი. შენობებს მიტოვებისა და მოუვლელობის მიზეზი სხვადასხვა აქვს.

ამ თემისკენ ბიძგი კი ერთ-ერთმა ფეისბუქ-ჯგუფმა Mitovebuli saxlebi მოგვცა, სადაც ასეთი სტატუსი განთავსდა:

„სამხედრო ჰოსპიტალი“ მდინარე ჭანჭახის კალაპოტში შეჭრილ მცირე კონცხისებურ პლატოზეა აღმართული. შენობა სტალინის მმართველობის დროსაა აგებული. კონსტრუქციულად იგი არის ქვიან ფუნდამენტზე აგებული, 3 სართულიანი შენობა. პირველი სართული ქვისგან არის აშენებული, ხოლო მეორე და მესამე სართულები ხისგან. შენობას აქვს უამრავი მანსარდა და შუშაბანდი. შენობის შესასვლელი ქვის პარადული კიბით ეზოს უკავშირდება. შენობას აქვს რუსული Ш ასოს ფორმა. დღემდე კარგად არის შენახული სახურავის საფარი და პრაქტიკულად ყველა ფანჯარა. ადგილებში ფუნდამენტის დაზიანების გამო კედლები და იატაკი ოდნავ არის მოხრილი. შიგნით არის შემორჩენილი ხის კიბე და გაურკვეველი დანიშნულების ავეჯი“.

 

 

რადგან ჩვენი ყურადღების სფეროში აღმოჩნდა კურორტ შოვის ეს ე.წ. „სამხედრო ჰოსპიტლის“ შენობა, მასზე მეტი ინფორმაციის მოპოვება გადავწყვიტეთ, თუმცა ვრცელი მასალის მოძიება გაჭირდა. შენობის ისტორიის აღდგენა გარკვეულწილად ისევ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით შევძელით.

დავით ბიჭაშვილი, სოფელ გლოლის მცხოვრები, საოჯახო სასტუმრო „რაჭული სახლის“ მეპატრონე:

- შოვი გლოლის ერთ-ერთი უბანია, ანუ ადგილი, სადაც უშუალოდ არის საკურორტო ზონა.

რა შენობაზეც მეკითხებით, ეგ მეორე მსოფლიო ომამდეა აშენებული, სადაც სამხედრო სანატორიუმი იყო და მაღალჩინოსანი სამხედროები ისვენებდნენ. არსებობს გადმოცემა, რომ ამ სანატორიუმში საბჭოთა ჯარის მარშალი მიხეილ ტუხაჩევსკიც ისვენებდა. ადგილობრივებს სანადიროდ წაუყვანიათ. ვინც რაჭის ტყეში მარშლის გამყოლობა ითავა, მისი ნადირობით ტუხაჩევსკი ისე მოხიბლულა, რომ თოფი უჩუქებია. მარშალი მიხაილ ტუხაჩევსკი მოგვიანებით სამხედრო საქმის გამო დაიჭირეს და 37 წლის რეპრესიებში მოყვა. ეს ამბავი იმ რაჭველ ბიჭსაც ცუდად შეეხო - ბრალი მოუდეს, - ტუხაჩევსკის კაცი ხარო. არადა, ერთდერთხელ ნახა იმ ნადირობისას... ასე არაფრის გამო გახდა გიგა ბიჭაშვილი რეპრესიების მსხვერპლი.

ჩემს ბავშვობაში, „სამხედრო ჰოსპიტალში“ საბჭოთა სამხედროები ამოჰყავდათ, რადგანაც იქვე ახლოს წვრთნებს გადიოდნენ. უმეტესად ის ჯარისკაცები ჭარბობდნენ, საბჭოთა პერიოდში ავღანეთში რომ მიჰყავდათ.

1987 წლიდან 1991 წლამდე ეს შენობა შოვის ტურბაზის ბალანსზე იყო და მათი დამსვენებლების ნაწილი მანდ შენობაში ისვენებდა. „სამხედრო ჰოსპიტლის“ ტერიტორიის სიახლოვეს ბევრი მინერალური წყალია და ამიტომ შენობა საბჭოთა ეპოქის ჩვეულებრივი სანატორიუმი იყო.

90-იან წლებში გაიძარცვა და ახლა გაპარტახებულია. 90-იანებში ვიღაც კერძო პირის კუთვნილება იყო, მერე გაიყიდა, მგონი, „ცენტრ პოინტმა“ შეიძინა. მათი პრობლემების შესახებ კი მოგეხსნებათ და არის ასეთ მიტოვებულ მდგომარეობაში.

განაგრძეთ კითხვა