რაჭველი "მიტოს" საოცარი ამბავი, რომლის სახელსაც მსოფლიოს უმსხვილესი ოქროსმომპოვებელი კომპანიის დაარსება უკავშირდება | Allnews.Ge

რაჭველი "მიტოს" საოცარი ამბავი, რომლის სახელსაც მსოფლიოს უმსხვილესი ოქროსმომპოვებელი კომპანიის დაარსება უკავშირდება

"მაიკ მიტომ მიაღწია საქმეში რეკორდულ მაჩვენებელს ახალჩამოსულთაგან, როგორც ყველაზე კოლორიტულმა პიროვნებამ და მილიონერმა "ოქროს ხეობის" მრავალრიცხოვან ოქროსმომპოვებელთა შორის. მაიკ მიტო და მისი ამერიკელი პარტნიორი სალერნო ტორონტოში ჩავიდნენ, რათა დაეთვალიერებინათ მათ მიერ გასულ ზაფხულს აღმოჩენილი ალმასის დამამუშავებელი სალმოტას საწარმოს მუშაობა. განაახლეს ძველი ნაცნობობა, რათა ეს ჩანაფიქრი სალმოტას ტბის მიდამოებში განეხორციელებინათ", - ეს არის გაზეთში "Morning Digest" 1946 წელს გამოქვეყნებული სტატიიდან ამონარიდი, რომელშიც ქართველ ოქროსმრეწველზე დიმიტრი მეტრეველზე, იგივე მაიკ მიტოზეა საუბარი.

მაიკმიტოს - დიმიტრი მეტრეველის ამბავი ძალიან ჰგავს ჩარლი ჩაპლინის ფილმს - "ოქროს ციებ-ცხელებას", რომლის მთავარი პერსონაჟი ალასკაში მიდის. "ოქროს ციებ-ცხელება" რეალური ისტორიული მოვლენის გამოძახილია, რომელიც კალიფორნიაში 1848 წელს დაიწყო. ამერიკის კონტინენტზე კანადა პირველი ქვეყანა იყო, სადაც 1823 წელს ოქროს მოპოვება და დამუშავება დაიწყეს, მალე კანადას ამერიკამაც მიბაძა. 1848 წელს კალიფორნიაში, 1858 წელს კოლორადოში, 1859 წელს კი ნევადაში ოქროს აღმოჩენას მართლაც ნამდვილი "ციებ-ცხელება" მოჰყვა.

მსოფლიოს ყველა კუთხიდან დაიძრნენ ბედისმაძიებლები ამერიკისკენ. XIX საუკუნის 70-იან წლებში ოქროს მოპოვებისადმი ინტერესი ჩაცხრა, მაგრამ 1890 წელს კლონდაიკსა და ალასკაზე ოქროს აღმოჩენას ახალი აფეთქება მოჰყვა. XIX საუკუნეში ოქროს არაორგანიზებული, მასობრივი წარმოება დაიწყო კლონდაიკის რეგიონში, იუკონის ტერიტორიაზე, კანადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ამ პერიოდს ზოგჯერ იუკონის ოქროს ციებ-ცხელებასაც უწოდებენ. იუკონის ტერიტორიაზე საერთო ჯამში ერთი საუკუნის განმავლობაში მოპოვებულია დაახლოებით 390 ტონა ოქრო. ამერიკელ ოქროსმაძიებელთა შორის იყვნენ ქართველებიც, ამის შესახებ გივი კობახიძის ერთერთ წერილში - "ქართველები კანადაშია" ნაამბობი. წერილში მოთხრობილია, თუ როგორ ჩაძირა ერთი ქართველი მდინარეში ქამარში ჩაკერებულმა ოქრომ... არ ვიცით, რამდენი შეიწირა ამ ლითონმა, რამდენს მოეცარა ხელი, რამდენი იმედგაცრუებული დაბრუნდა ან ვერ დაბრუნდა სამშობლოში, წარმატებას კი ერთეულებმა მიაღწიეს, მათ შორის იყო დიმიტრი მეტრეველიც - ოქროს მრეწველი ამერიკასა და კანადაში. მაიკ მიტოს შესახებ ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი მოგვითხრობს.

 

დიმიტრი მეტრეველი 1895 წელს რაჭაში, სოფლ უწერაში დაიბადა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მომავალში, შორეულ კანადაში მთელ ქალაქს დააარსებდა, ალასკაზე კი ოქროს მაღაროებს აამუშავებდა. დიმიტრის ბავშვობიდანვე აჩვევდნენ შრომას. რვა წლისა დურგალს მიაბარეს ხელობის შესასწავლად. თანასოფლელთაგან ხშირად ესმოდა ამერიკისა და კანადის ამბები. თვითონაც შეხვედრია იქიდან დაბრუნებულ მეზობლებსა და ნათესავებს, რომლებიც საოცარ ამბებს ყვებოდნენ, იქ ნაშვნი ფულით კი ცხოვრებას იწყობდნენ. 1913 წელს დიმიტრიც გაჰყვა ერთ დიდ ჯგუფს ამერიკაში, სადაც მას უკვე მრავლად დახვდნენ ქართველები. იმ პერიოდში რაჭველები ძირითადად სიეტლსა და ვანკუვერში იყვნენ დაჯგუფებული, საიდანაც ვიქტორიაში, საკრამენტოში, ტაკომსა და სან-ფრანცისკოში მიდიოდნენ. ქართველები ვანკუვერში სიეტლიდან გადადიოდნენ და ძირითადად ხე-ტყის დამუშავებასა და რკინიგზის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. 18 წლის დიმიტრი მეტრეველიც ჯერ სიეტლში ჩავიდა, შემდეგ ვანკუვერში. რამდენიმე ქალაქში მოგზაურობის შემდეგ საცხოვრებლად კვებეკის მახლობლად პატარა ქალაქი ვალდორი აირჩია. ცოლად ლიეტუვურირი წარმოშობის ქალი შეირთო. მათ სამი შვილი - ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი - ავგუსტი, ნესტორი და ემილია შეეძინათ. ბევრი ხელობა მოსინჯა, ვიდრე ოქროთი დაინტერესდებოდა. ოქროსმაძიებლობა დიდ ენერგიას, ნებისყოფასა და გამჭრიახობას მოითხოვდა, რაც დიმიტრისაც აღმოაჩნდა. მალე მიაკვლია ოქროს და ჯერ ერთი, შემდეგ კი რამდენიმე მაღარო აამუშავა. მუშებთან ერთად მის გარშემო ნელ-ნელა სხვა ხალხმაც იწყო დასახლება. დაბას, რომელიც შეიქმნა, მისი გვარის მიხედვით, ხალხმა "მეტრეველი" უწოდა...განაგრძეთ კითხვა